„ცუდია, რომ წიკლაურზე თავდასხმას პოლიტიკურ სარჩულს უდებენ“
ძალიან ცუდია, რომ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმას პოლიტიკურ სარჩულს უდებენ – ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა. მისივე თქმით, უმცირესობის წევრზე თავდასხმის ფაქტი სამართალდამცველებმა აუცილებლად უნდა გამოიძიონ. “ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა. ისიც ძალიან ცუდია, რომ უცებ, ამ ყველაფერს პოლიტიკურ სარჩულს უდებენ. შეიძლება იყოს რაღაც გაუგებრობა ადამიანებს შორის, შეიძლება პირადიც ყოფილიყო. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული, რომ კითხვები არ გაჩნდეს საზოგადოებაში. თუმცა ასეთი ფაქტები წარსულშიც გვახსოვს, რომ ხდებოდა, მაგრამ გამოძიების შემდეგ დგინდებოდა, რომ ეს არ იყო პოლიტიკური დაკვეთა. ამიტომ კარგი იქნება, დაველოდოთ გამოძიებას. უახლოეს მომავალში ალბათ გამოძიებული იქნება და გვეცოდინება, რასთან გვქონდა საქმე და რა მოხდა”, – განაცხადა კახი კალაძემ.