XI საერთაშორისო ფესტივალი: „აღდგომიდან ამაღლებამდე“ მსოფლიო ვარსკვლავებს მასპინძლობს

XI საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში საქართველოს, უკვე მეორედ, ცნობილი ებრაელი მუსიკოსი ხენ ციმბალისტა ესტუმრა. 20 მაისს რუსთაველის მცირე დარბაზში კამერული მუსიკის საღამო გაიმართა, რომელიც ისრაელის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. ხენ ციმბალისტა კამერულ ორკეტრთან „თბილისის კონცერტინო“ ერთად წარდგა მაყურებლის წინაშე.  22 მაისს კი კონსერვატორიის დიდ დარბაზში ქართული საგუნდო მუსიკის საღამო გაიმართა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს მიეძღვნა. „კვირა“  დეტალებზე ფესტივალის  დამფუძნებელებსა და ორგანიზატორებს –  მანანა ხვედელიძესა და ირინა სახამბერიძეს ესაუბრა.

 

მანანა ხვედელიძე:

– ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ ყოველთვის ცდილობს, ძალიან მაღალი რანგის მუსიკოსები ჩამოიყვანოს. ხენ ციმბალისტას ჩამოყვანაც, რა თქმა უნდა, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის სახელთანაა დაკავშირებული, რომელიც  ალექსანდრე კორსანტია გახლავთ. სწორედ მისი ახლო მეგობარია წარმოშობით ებრაელი მულტიმუსიკოსი ხენ ციმბალისტა. რატომ მულტიმუსიკოსი – მას ეძახიან ადამიან-ორკესტრს, რიტმის მეფეს, რომელიც 40-მდე საკრავს ფლობს. მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში ატარებს კონცერტებს ძალიან დიდი წარმატებით და ის არის მართლაც ძალიან დიდი, მეგა ვარსკვლავი.  ჩემთვის სრულიად აღმოჩენა იყო ისეთი საკრავი, რომელიც საქართველოში ნაკლებად გამოიყენება, როგორიც არის მარიმბა. საბედნიეროდ, ოპერის თეატრს ჰქონდა ეს საკრავი და ვიბრაფონთან ერთად ჩვენ ვთხოვეთ ოპერის თეატრს და მათ ამისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდით. მარიმბა სრულიად სხვაგვარად ჟღერს პროფესიონალის ხელში, ეს არის განსაკუთრებული საკრავი, რომელზედაც სრულიად განსხვავებული ემოციები და ფერები აჩვენა ხენ ციმბალისტამ. მუსიკოსი ჩვენთან შარშანაც იყო ჩამოსული. ძალიან  დიდი შთაბეჭდილებით დატოვა დარბაზი საზოგადოებამ და გადავწყვიტეთ, რომ ეს საჩუქარი მეორედ გვეჩუქებინა ფესტივალის მსმენელისთვის, მაყურებლისთვის. შარშან მან მასტერკლასიც ჩაატარა კონსერვატორიის სტუდენტებისთვის. ასევე მასტერკლასებს ატარებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში“.

– ამჯერად როგორი საღამო შედგა?

– ხენ ციმბალისტას ძალიან სერიოზული პროგრამა ჰქონდა წარმოდგენილი. როგორც გითხარით, მულტიმუსიკოსია და ეს გულისხმობს არა მარტო შემსრულებლობას, არამედ დირიჟორობის ძალიან სერიოზულ პროფესიას ფლობს. სწორედ ამიტომ ჩამოიტანა მან ბახის ძალიან ცნობილი პრელუდიები და სამნაწილიანი კონცერტი, რომელიც  თბილისის კამერულ ორკესტრთან ერთად შეასრულა. ორკესტრსაც უნდა ვუთხრათ განსაკუთრებული მადლობა, იმიტომ რომ ძალიან მოკლე დროში მათ ძალიან რთული პროგრამის მომზადება და შესწავლა მოუწიათ. უნდა გენახათ, სცენაზე როგორი მხატვრული დადგმა იყო, საკრავებმა წალეკა იქაურობა. იდგა მარიმბა, ვიბრაფონი,  დასარტყავ საკრავთა ნაკრები და ასევე ისეთი პატარპატარა დასარტყამი ინსტრუმენტები, რომელიც ყოველთვის თან აქვს ხოლმე ხენს. ეს არის პატარა ზანზალაკები, დიდი ზარები, განსაკუთრებული ჯოხები, ზანზალაკებანი დოლი, ძალიან საინტერესო საკრავები. მოულოდნელობაც ახლდა ციმბალისტას ჩამოსვლას. მას არ ჩამოუვიდა ბარგი და ძალიან ვნერვიულობდით ამის გამო. რადგან  საკრავების ნაწილი  და ნოტები  ამ ჩემოდანში დარჩა. ექსტრემალური სიტუაცია იყო. თუმცა ზუსტად კონცერტის დღეს მოასწრო და გენერალური რეპეტიციის გავლა ამ ინსტრუმენტებით მოხერხდა.

– ხენ ციმბალისტა ცნობილია დარბაზთან განსაკუთრებული ურთიერთობით…13281843_1306465496048722_996184073_n

– ხენის დამსახურება გახლავთ ის, რომ ის ყოველთვის ცდილობს, ცნობილი კომპოზიტორების ქმნილებები შეასრულოს. სპეციალურად მისთვის იწერება ნაწარმოებები. მან შეასრულა კომპოზიტორ ე. ლევიტასის ძალიან საინტერესო ციკლი. ამ ქმნილების პარალელურად, ხენ ციმბალისტა იწყებს რიტმული საფუძვლის მიცემას და დამსწრე საზოგადოების წინ იწერება, აუდიოჩანაწერი კეთდება და შემდეგ ამ რიტმზე ცოცხლად ადებს ხმებს. ეს არის დარბაზთან ურთიერთობის ძალიან თანამედროვე, უცხო და საინტერესო ხერხი. ის საოცრად კომუნიკაბელური ადამიანია პირად ურთიერთობაშიც და დარბაზთან ურთიერთობაშიც. მას მიყავდა ეს საღამო, ხსნიდა თითოეული ნაწარმოების შინაარსს და მოსალოდნელ ემოციას. მაშინვე დაამყარა აუდიტორიასთან კონტაქტი და ისინი ტაშით პასუხობდნენ მას. მე ვფიქრობ, ეს არის ის მუსიკოსი, რომლის დაკარგვაც არ შეიძლება და შესაძლებელია, მომავალში ის იქცეს ჩვენი ფესტივალის სპეციალურ სტუმრად ისევე, როგორც მომდევნო კონცერტის გმირი, რომელიც ამერიკაში მოღვაწე წარმოშობით სომეხი პიანისტი სერგეი ბაბაიანი გახლავთ . ბაბაიანი პირველ ივნისს გამართავს კონცერტს. ის უკვე მესამედ ჩამოდის და არის ჩვენი ფესტივალის სპეციალური და განსაკუთრებული სტუმარი. ვფიქრობთ,  ხენ ციმბალისტაც შესაძლებელია გახდეს ჩვენი ფესტივალის სპეცსტუმარი.

22 მაისს ფესტივალის მორიგი კონცერტი კონსერვატორიის დიდ დარბაზში შედგა… 

ირინა სახამბერიძე:

– ფესტივალი ყოველთვის ყურადღებას უთმობს საგუნდო მუსიკას და უწმინდესის შემოქმედებას. 22 მაისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ქართული საგუნდო მუსიკის კონცერტი გაიმართა. შესრულებული იყო ქართველი კომპოზიტორთა ნაწარმოები და უწმინდესის ნაწარმოები და საგალობლები. ამ კონცერტში მონაწილეობა მიიღო ოთხმა გუნდმა. ეს არის ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „მძლევარი“ კახა ონაშვილის ხელმძღვანელობით. გორის ქალთა კამერული გუნდი, თეონა ცირამუას ხელმძღვანელობით, თბილისის გოგონათა გუნდი ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით და ქალაქ რუსთავის ფოლკლორის სკოლასთან არსებული შერეული გუნდი „თუთარჩელა“ თამარ ბუაძის ხელმძრვანელობით. კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა. ყველამ ძალიან მაღალი დონე აჩვენა, განსაკუთრებით გამოვყოფდი გორის ქალთა გუნდს. კონცერტის ბოლოს ყველამ ერთად შეასრულა უწმინდესის ნაწარმოები „წმინდაო ღმერთო“.

– უწმინდესის ნაწარმოების შესრულება ფესტივალის ტრადიციაა?

– დიახ, ყველა ფესტივალზე სხვადასხვა სახით უწმინდესის ნაწარმოები სრულდება. ასევე ფესტივალმა ერთ-ერთ წელს უწმინდესის ნაწარმოებების საფორტეპიანო ვერსია – ნოტები გამოსცა. ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ გრძელდება. დღეს ვიმყოფებით მესტიაში, სადაც კონცერტი გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს სიმებიანი კვარტეტი. მორიგი ორი კონცერტი გვექნება თბილისში და ბოლოს, ფესტივალი  ბათუმში 9 ივნისს, ამაღლების დღესასწაულზე დაიხურება.

ნინო ჯაჯანიძე

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები