ამირან სალუქვაძე: ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი უნდა ამოვიღოთ შიდა პოლიტიკური ბრძოლის საკითხების ჩამონათვალიდან
ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე ხურჩაში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება.
სალუქვაძე ფიქრობს, რომ დარღვევების, ქურდობების, გატაცებების და მკვლელობების თაობაზე საერთაშორისო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მყისიერად მიწოდების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები უნდა გატარდეს.
„ხურჩაში მომხდარმა მკვლელობამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. პირველ რიგში ვუსამძიმრებ დაღუპულის იჯახს და ახლობლებს. ჩვენთვის ყოველი მოქალაქის სიცოცხლე დიდი დანაკარგია. რა თქმა უნდა ამ ტრაგედიას მწვავე განცხადებები მოჰყვა პოლიტიკური პარტიების მხრიდანაც. მე არ შევაფასებ პოლიტიკურ განცხადებებს. მესმის, რომ წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყო. თუმცა, შევახსენებ ყველას, რომ სხვა რეალობა იყო 2008 წლამდე (კერძოდ 2007-ში) და სხვა რეალობაა აგვისტოს ომის შემდეგ. დღეს, ყოველ ასეთ ნაპერწკალს შესაძლოა დიდი ცეცხლი მოჰყვეს. მზადაა სახელმწიფო ამისათვის? როგორც მახსოვს წინა ხელისუფლებასაც იგივე კურსი ეჭირა: სახელმწიფოს აღმშენებლობა, ევროინტეგრაცია, საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის მიმზიდველობის გაზრდა. ახალი ომი საქართველოს დასწევს უკან 10-20 წლით. ომს თავისი დრო აქვს. აქსიომაა – ომს მაქსიმულაურად უნდა აარიდო თავი შენთვის არახელსაწყრელ პირობებში. ეს არ ნიშნავს, რომ არაფერი უნდა ვაკეთოთ. ქვემოთ ძალიან მოკლედ შემოგთავაზებთ რა უნდა გაკეთდეს უსაფრთხოების გაზრდის თვალსაზრისით. ზოგი ახლა წერს თითქოს წინა წლებში სპეცსამსახურები ჩვენს მტრებს ანადგურებდნენ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ. იქნებ გვარები ჩამოვწეროთ. მე ვეთანხმები ასეთი სურვილების გამომხატველებს, ჩვენი მოქალაქეების მკვლელები დასასჯელები არიან. ოღონდ: 1. ასეთ თემებზე არ ხმაურობენ, 2. თუ ყველა მიხვდა თუ ვინ განახორციელა სპეცოპერაცია, ის სპეცსამსახური ახლიდანაა ასაწყობი, 3. ვისაც ეს უნდა ეკეთებინა, ის სამსახური მეცხრეხარისხოვან პრიორიტეტში იყო, ისევე როგორც შეიარაღებული ძალები აგვისტოს ომის შემდეგ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ თითქოს, ამ მკვლელობასთან რუსეთი არაფერ შუაშია, ძველ პერიოდს მაგონებს, როცა პანკისს ბომბავდნენ და აცხადებდნენ ჩვენი თვითმფრინავები არ შემოფრენილანო. იმ წლებში საჰაერო სივრცის დარღვევების თანამედროვე სტანდარტებით დაფიქსირების და ცივილიზებული სამყაროსთვის დროის რეალურ მასშტაბში უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის მიზნით სახელმწიფოს შევთავაზე საჰაერო სივრცის კონტროლის თანამედროვე სისტემის პროექტი. აღნიშნული სისტემის შექმნის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის სულ რაღაც 8-12 მლნ $ (რადარების რაოდენობიდან გამომდინარე) იყო საჭირო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ნატომ 2003 წელს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ნატოს საჰაერო სივრცის მონაცემთა ბაზასთან მიერთებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ დაფინანსება არ გამოყო. 2004-2005 წლებში ვითხოვდი ამ პროგრამის დაფინანსებას და ასევე უშედეგოდ. ჩემი გადაყენების შემდეგ ვერ უზრუნველყვეს ნატოს მონაცემთა ბაზასთან მიერთება და მხოლოდ აგვისტოს ომის შემდეგ განხორციელდა 2001 წელს დაწყებული პროექტი, რომელსაც 2004-2005 წლებში განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა შედეგი გამოეღო. მაგალითად, 2006 წლის წითელუბნის ინციდენტს ვერ იუარებდა რუსეთი და დასავლეთის მხრიდან მეტი ზეწოლა მოჰყვებოდა. რისთვის გავიხსენე ეს ანალოგია? მგონი ვთანხმდებით, რომ უახლოეს წლებში ამ რეჟიმში მოგვიწევს ცხოვრება. გაგრძელდება გატაცებები, გაგრძელდება პროვოკაციები. უკვე მერამდენედ ვწერ, რომ პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს რამდენიმე უმნიშვნელოვანეს საკითხზე. ორი ასეთი საკითხია საგარეო კურსი და ოკუპირებული ტერიტორიების, ანუ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. მოკლედ, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი უნდა ამოვიღოთ შიდაპოლიტიკური ბრძოლის საკითხების ჩამონათვალიდან და ერთ ხმაში ვისაუბროთ. არც წინა ხელისუფლებას აქვს ამ მიმართულებით რაიმე სათქმელი და არც მოქმედისთვისაა ქულების მომტანი. ყველაფერი დე-ფაქტო, ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ შესაძლოა გახდეს დე-იურე. რუსეთის მხრიდან ე.წ. ბორდერიზაცია ზუსტად ამ მიზანს ემსახურება. ამიტომ რა უნდა გაკეთდეს ჩვენი მხრიდან. 1. იმისათვის, რომ საოკუპაციო საზღვარს დავარქვათ თავისი სახელი, ჩვენც უნდა გავავლოთ საზღვარი და დავაწეროთ: ა) ჩვენი მხრიდან – “საოკუპაციო ზონის დასაწყისი”, ბ) იქეთა მხრიდან – “საოკუპაციო ზონის დასასრული, საქსრთველოს კონტროლირებადი ტერიტორია”. 2. გაძლიერდეს საოკუპაციო საზღვრის დაცვა, უზრუნველვყოთ საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობა პატრულირებაში. 3. საოკუპაციო საზღვრის მთელ პერიმეტრზე, პირველ რიგში დასახლებულ პუნქტებთან და გადასასვლელ ადგილებთან უნდა დაყენდეს მძლავრი ვიდეო კამერები, განათებები. ასევე უნდა დამონტაჟდეს სითბური რადარები. მთელი ინფორმაცია თავს უნდა იყრიდეს მართვის პუნქტზე, სადაც უნდა მორიგეობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლებიც. რა თქმა უნდა ეს პროექტი იაფი არ დაჯდება, თუმცა არც იმდენი, რომ ვერ შევძლოთ. სამაგიეროდ, დარღვევების, ქურდობების, გატაცებების და მკვლელობების შესახებ მყისიერ ინფორმაციას მივაწვდით საერთაშორისო საზოგადოებას. ასეთი სამუშაოების დრო ახლა დადგა. თუ რუსეთმა ეს მავთულხლართები როგორც სახელმწიფოების საზღვრად დააფიქსირა, ჩვენ უნდა მოვნიშნოთ როგორც საოკუპაციო ზონა. რაც შეეხება მკვლელს, დარწმუნებული ვარ, ის დაუსჯელი არ დარჩება“, – წერს ამირან სალუქვაძე.
შეგახსენებთ, რომ 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია, რომელიც მოგვიანებით ზუგდიდის ჰოსპიტალში გარდაიცვალა.