ვან ლინსი და მეგობრები – ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-2 საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე

19 მაისს, კულტურის სამინისტროში ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-2 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი კონცერტის – „ივან ლინსი და მეგობრები“ შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა.
პრესკონფერენციას უძღვებოდნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ბრაზილიელი კომპოზიტორი და მომღერალი ივან ლინსი, პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი რალფ შმიდი, საერთაშორისო მუსიკალური სააგენტოს ხელმძღვანელი კეტრინ მეიერი, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის თავმჯდომარე ზურაბ წერეთელი, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვახტანგ კახიძე და ფესტივალის მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ივან ლინსი: „ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიმყოფები ისეთ ორგანიზაციაში, როგორიც კულტურის სამინისტროა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ უწყების არსებობა. ბრაზილიაში დროებითმა მთავრობამ გადაწყვიტა კულტურის სამინისტროს გაუქმება, რაც, ვფიქრობ, ბრაზილიელი ხალხის მიმართ ჩადენილი დანაშაულია.
რაც უფრო ზრუნავს სახელმწიფო კულტურის სფეროს განვითარებაზე, მით უფრო ასაზრდოებს ერის სულიერებას. ვხედავ, საქართველოს კულტურის სამინისტრო წარმატებით ახერხებს ამას და ცდილობს მსგავსი საერთაშორისო პროექტების მხარდაჭერით, ხელი შუწყოს ქართული კულტურის განვითარებას. თქვენ გყავთ უმაღლესი საერთაშორისო დონის ორკესტრი. ასევე, აღფრთოვანებული ვარ ქართული ფოკლორით, რომელიც გუშინ მოვისმინე – ეს იყო საოცრება. ფოლკლორი ერის იდენტობის გამომხატველია. აუცილებელია ამ ტრადიციების შენარჩუნება. ჩემს მუსიკაში, ტრადიციულ ბრაზილიურ მუსიკას ხშირად ვიყენებ – სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას ისეთ პროექტში, რომელშიც ქართული და ბრაზილიური ფოკლორი იქნებოდა გამოყენებული…“
მიხეილ გიორგაძე: „დარწმუნებული ვარ, ყველა, ვინც ამ კონცერტს დაესწრება, უდიდეს სიამოვნებას და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მიიღებს. ძალიან საიტერესოა, როცა ქართველი და მოწვეული არტისტები ერთობლივ შემოქმედებით გარემოში უზიარებენ გამოცდილებას, სწავლობენ ერთმანეთისგან, საუბრობენ მომავალ გეგმებზე და შესაძლო ახალ პროექტებზე. ვფიქრობ, ფესტივალს წელს ძალიან საინტერესო პროგრამა აქვს და ყველას მოვუწოდებ, დაესწროს ამ არაჩვეულებრივ საღამოებს“.
ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-2 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის ხელშეწყობით პროექტის – Check in Georgia ფარგლებში ტარდება.
ივან ლინსი – მუსიკის ლეგენდა, 6 GRAMMY AWARDS მფლობელი (ბოლო 2015), კომპოზიტორი, პიანისტი, მომღერალი; თანამშრომლობს ისეთ ვარსკვლავებთან, როგორიცაა: BARBRA STREISAND, GEORGE BENSON, DAINE SCHUR, STING, PATTI AUSTIN, JOE PASS, MICHAEL BUBLE, SERGIO MENDEZ, TAKE 6, THE MANHATTAN TRANSFER და კიდევ ბევრი სხვა.
მის სიმღერებს მღეროდნენ ჯაზის ლეგენდები: ელა ფიცჯერალდი და სარა ვოენი.
ივან ლინსი თბილისში ჩამოდის მეგობარ მუსიკოსებთან ერთად მთელი მსოფლიოდან:
ლეონარდო ამუედო, რალფ შმიდი, ჯო კრაუსი, პაულა მორენბაუმი, ჟოაო კუნია, კლაუს ფიშერი, კრის ველსი.
კონცერტი ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-2 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში ეწყობა, რომელიც 2015 წელს ჯანსუღ კახიძის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაფუძნდა. მისი პროგრამა აგებულია თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და პოპულარული მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავების შემოქმედებით სინთეზზე და განკუთვნილია ყველა ჟანრის მუსიკის მოყვარულთათვის. ფესტივალი 25 მაისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები