მონოსპექტაკლის: „მე – ნიკოლაი გუმილიოვი!“ პრემიერა გაიმართება

19 მაისს, 18.00 საათზე, ალ.გრიბოედოვის სახ. თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის მცირე სცენაზე მონოსპექტაკლის „მე – ნიკოლაი გუმილიოვი!“ პრემიერა გაიმართება. მთავარ როლში ალ.გრიბოედოვის სახ. თეატრის წამყვანი მსახიობი ივანე ქურასბედიანია.
უჩვეულო რეჟისორული ხერხი სპექტაკლის ბოლომდე ვერ გვაპოვნინებს პასუხს კითხვაზე – ვინ არის ეს კაცი? თავად პოეტი, მისი ორეული, მისი მტერი თუ მოყვარე, ან ეს სულაც ფანტომია, რომელიც არ არსებობს. მაყურებელს კი მოულოდნელი და გამაოგნებელი ფინალი ელის.
სპექტაკლის რეჟისორი და სცენური ვერსიის ავტორია რეჟისორი ლევონ უზუნიანი. სპექტაკლში გამოყენებულია გუმილიოვის ლექსები საქართველოზე, მოგონებები, უნიკალური საარქივო მასალები და სხვა.
სპეციალურად საღამოსთვის გამოიცემა და ყველა მაყურებელს საჩუქრად გადაეცემა წიგნი ნიკოლაი გუმილიოვზე სერიიდან „რუსები საქართველოში“ (ავტორი – თბილისის ისტორიის მკვლევარი, მწერალი და ჟურნალისტი ვლადიმერ გოლოვინი).
2016 წელს სრულდება 130 წელი გამოჩენილი რუსი პოეტის, ნიკოლაი გუმილიოვის დაბადებიდან, რომლის შემოქმედებითი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია საქართველოსთან. მან ბავშვობის წლები გაატარა თფილისში, შემდგომ ხშირად სტუმრობდა საქართველოს და ქართული ატმოსფერო გახდა რუსი პოეტისთვის საფუძველი, რათა დაეწერა არაერთი შესანიშნავი სტრიქონი ჩვენს ქვეყანაზე. თბილისში დღემდე არსებობს სახლი, სადაც გუმილიოვების ოჯახი ცხოვრობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები