გამოფენა „ავანგარდი/Avant-garde” გაიხსნება
დღეს, 18:00 საათზე, მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გამოფენა „ავანგარდი/Avant-garde 1900-1937″-ი გაიხსნება. გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა, ერთ საგამოფენო სივრცეში იხილოს ქართული, რუსული, უკრაინული, პოლონური და იტალიური ავანგარდული ხელოვნების უნიკალური ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. მათი დიდი ნაწილი პირველად გამოიფინება ფართო საზოგადოების წინაშე.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციებში დაცული ვასილ კანდინსკის, ნიკო ფიროსმანაშვილის, მიხეილ ლარიონოვის, ნატალია გონჩაროვას, ოლგა როზანოვას, კირილე ზდანევიჩის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, ზიგა ვალიშევსკის, კაზიმირ მალევიჩის, ალექსეი კრუჩიონიხის, რობერტ ფალკის, ოსვალდო ლიჩინის, ალექსანდრე შევჩენკოს, შალვა ქიქოძის, მიხეილ ბილანიშვილის, ვოლდემარ ბობერმანის, ლევ ბრუნის და კლიმენტ რედკოს 100-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, საარქივო მასალა, ავანგარდული აფიშები და წიგნები.
გამოფენა ეძღვნება ავანგარდის იდეისა და კონცეფციის, თეორიისა და ალოგიზმის ერთ-ერთი სულისჩამდგმელის, პოლონური წარმოშობის ქართველი პოეტისა და ლიტერატორის ილია ზდანევიჩის (ილიაზდი 1894-1975) ხსოვნას.
ილია ზდანევიჩის პერსონა არ მიეკუთვნება ერთი რომელიმე ერისა თუ ქვეყნის კულტურას. მისი შემოქმედება თანაბრად ფასეულია როგორც ქართული, რუსული, ფრანგული და პოლონური კულტურების, ასევე, ზოგადად, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობისთვის. გამოფენის ფარგლებში გამოიცა ორენოვანი კატალოგი, რომელშიც მუზეუმის ავანგარდული ხელოვნების კოლექციის ისტორიასთან ერთად სრულად არის დაბეჭდილი ილია ზდანევიჩისა და ნიკო ფიროსმანის ურთიერთობის ამსახველი დღიურები. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში, 16-18 ივნისს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ავანგარდის იდეა ხელოვნებასა და ლიტერატურაში”.