მუზეუმის საერთაშორისო დღე – ქეთევან მაღალაშვილის 120 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

17 მაისს, 19:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, ქართული მხატვრობის გამორჩეული წარმომადგენლის, ქეთევან მაღალაშვილის 120 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.
ქეთევან მაღალაშვილის როლი მნიშვნელოვანია როგორც ქართული პორტრეტული ხელოვნების, ასევე, მთლიანად ახალი დროის ქართული კულტურის ჩამოყალიბებაში.
მხატვარმა ფაქტობრივად შექმნა ქართული სახელოვნებო და მეცნიერული ელიტის სახვითი მატიანე. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი 70-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, რომელთა ნაწილიც საზოგადოების წინაშე პირველად გამოიფინება. ასევე, გამოფენაზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, იხილონ ქეთევან მაღალაშვილის მიერ, გასული საუკუნის 20-იან წლებში შესრულებული, დავით გარეჯის X-XII საუკუნეების ფრესკის – ,,საიდუმლო სერობა“ ასლი. გამოფენაზე დამთვალიერებელი გაეცნობა მხატვრის ცხოვრების ამსახველ უნიკალურ დოკუმენტებს – წერილებს, პირად ნივთებს, ფოტოსურათებს.
კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული სააქივო მასალიდან წარმოდგენილი იქნება მხატვრის ღია ბარათები, წერილები, ადრეული პერიოდის ფანქრით შესრულებული ჩანახატები და სხვა. ქეთევან მაღალაშვილის საიუბილეო გამოფენის ფარგლებში შედგება ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) მონოგრაფიის „ქეთევან მაღალაშვილი 120“ პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა. მონოგრაფიის ავტორია ხელოვნებათმცოდნე ნანა მირცხულავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები