ახმეტელის თეატრი „სტუმარ-მასპინძელს“ ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში გამართავს

ქართველი კლასიკოსი მწერლის – ვაჟა ფშაველას დაბადების ერთ – ერთ თარიღად 15 მაისი განიხილება. 15 მაისს, კვირას, 14 საათზე სანდრო ახმეტელის თეატრი სპექტაკლს „სტუმარ – მასპინძელი“ ჩარგალში, ვაჟა – ფშაველას სახლ – მუზეუმის ეზოში წარმოადგენს.
ეს არის ეროვნულ მოტივებზე აგებული, თანამედროვე თეატრალური ფორმებით გააზრებული დადგმა, რომლის მეშვეობით ქართული ცნობიერების, მენტალობის, ტრადიციების, მსოფლმხედველობისა და ფოლკლორის სინთეზურად წარმოჩენა ხდება. სპექტაკლი მუსიკალურად გაფორმებულია ქართული ტრადიციული მუსიკის მოტივებზე – მსახიობების ცოცხალი ვოკალური შესრულებით. რეჟისორს წარმოდგენაში შემოჰყავს ქორო, რაც დადგმას, როგორც ვიზუალური, ასევე ესთეტიკური თვალსაზრისით ანტიკური თეატრის სათავეებთან აახლოვებს.
ვაჟა – ფშაველას შთამომავალი ლელა რაზიკაშვილი : „ყოჩაღ! მე ასეთი „სტუმარ-მასპინძელი“ ჯერ არ მინახავს. არავის ეწყინოს, მაქვს ნანახი რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის ახალგაზრდების ნამუშევარი, მაგრამ ჯერჯერობით ეს ყველას ჯობია“.
სპექტაკლის რეჟისორია ირაკლი გოგია, მხატვარი – ლაშა იაშვილი (ვენის სამხატვრო აკადემიის მაგისტრი), კოსტიუმების მხატვარი – მარიკა კვაჭაძე, მუსიკალური ხელმძღვანელი – ზვიად ბერიაშვილი.
მონაწილეობენ : ანდრია გველესიანი, გიორგი ცხადაძე, გიგი მიგრიაული, თინა გვაზავა, გვანცა კანდელაკი, ნინო არეშიძე, თაკო ფრიდონაშვილი, ეკა გაგნიძე, თეონა გნოლიძე.
13183165_1296565643705374_1999760700_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები