ზვიად ძიძიგური: პარლამენტში არიან მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს არ უჭერენ

პარლამენტში არიან მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს არ უჭერენ და მათი რაოდენობა საკმაოდ სოლიდურია. ამის შესახებ პარლამენტიდ ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, უმრავლესობის საკონსტიტუციო პროექტის განხილვისას განაცხადა.
მისი განმარტებით, კონსენსუსი შედგა იმასთან დაკავშირებით, რაც პლენარულს სხდომაზე განსახილველად გამოვიდა.
„მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ მაჟორიტარ დეპუტატს, რომლებიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არ უჭერდნენ, მაგრამ დათანხმდნენ, რომ 2016 წლის შემდეგ პირველი საერთო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს. ეს არის ორეტაპიანი რეფორმა, რომლის ფარგლებში ყველა დაინტერესებული მხარე იღებს ყველაფერს, რაც მას აინტერესებს – მაჟორიტარების დაინტერესება იყო, რომ მაჟორიტარული სისტემა არ გაუქმებულიყო და ჩვენ ვეუბნებით, რომ მაჟორიტარული არჩევნები 2016 წლისათვის არ გაუქმდება. ვინც პროპორციული სისტემის მომხრეა, მათი დაინტერსება იქნება დაკმაყოფილებული, თუკი კონსტიტუციაში ცვლილებებს განვახორციელებთ. ჩვენი საერთაშორისო მეგობრები დარწმუნდნენ, რომ 2016 წელს არჩევნები თანაბარი მანდატით ჩატარდება”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის საკონსტიტუციო ცვლილბების პროექტი, რომელსაც პლენარული სხდომა დღეს განიხილავს, პარლამენტში უმრავლესობის 81 წევრის ხელმოწერით არის ინიცირებული და ის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასა და მრავალმანდატიანი პროპორციული სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს. ცვლილება 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის უნდა განხორციელდეს. ამავე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 5%-იანი საარჩევნო ბარიერის 4%-მდე შემცირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები