ლევან ბერძენიშვილი: არანაირი პატივისცემა მარგველაშვილის მიმართ არ მაქვს

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტარ ლევან ბერძენიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რომ კოალიციაში ყველა პარტია უნისონში მოქმედებდა, არასწორია.
ბერძენიშვილის განცხადებით, “რესპუბლიკელები” არავის მოუწოდებდნენ, რომ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას არ დასწრებოდნენ.
“ვიჯექი ყველა მის მოხსენებაზე, ვკარგავდი ძვირფას დროს, რადგან არც ერთი იყო საინტერესო. ერთი ნაყოფიერი იდეა არ გვახსოვს მაგ კაცისგან. რაც შეეხება ვეტოს, იმ საკითხებში, სადაც ვთვლიდით, რომ უნდა დაგვეძლია, ვძლევდით და ეგ რა ლაპარაკია?! ყველა ყველაფერში ხომ არ დაეთანხმება პრეზიდენტს?!”, – განაცხადა ბერძენიშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.
მისი თქმით, როდესაც „რესპუბლიკელები“ გიორგი მარგველაშვილს მხარს უჭერდნენ, პატივს სცემდნენ თვითონ პრეზიდენტის ინსტიტუტს და არა კონკრეტულად მის პიროვნებას.
“მართალი გითხრათ, ამ შემთხვევაში, მარტო ინსტიტუტს ვცემ პატივს, რადგან არანაირი პატივისცემა მარგველაშვილის მიმართ არ მაქვს დიდი ხანია. ამიტომ ვიცავდით მას, თორემ პიროვნულად დიდი ხანია არ არის დასაცავი. მადლიერება ვისთან გამოუჩენია პარლამენტის თავმჯდომარესთან რომ გამოეჩინა?! უსინდისო ნათქვამი იყო, “რესპუბლიკელები” გაკვირვებულები ვართ. ადამიანურ დონეზე ასეთ მუხთლობას არ ველოდით”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
პარლამენტარის თქმით, მას საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილისთვის ხმა არ მიუცია.
“მე არ დამიყენებია მისი კანდიდატურა, არც რეკომენდაცია მიმიცია. არჩევნებში ხმაც არ მიმიცია მარგველაშვილისთვის. კოალიციამ დააყენა კანდიდატურა და მისცა ხმა. მე არ ვცემ პირადად პატივს დიდი ხანია”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
გუშინ, პრეზიდენტმა თამაზ მეჭიაურსა და ”რესპუბლიკურ პარტიას” შორის დაპირისპირებაზე დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ის ნაკლებად აფასებს ამ პროცესებსა და დინამიკას, რადგან ეს არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც პრინციპულად უპირისპირდებოდა, როდესაც საუბარი იყო პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემასა და საპრეზიდენტო გამოსვლებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები