თინა ხიდაშელი: სასაცილოა, რომ ირაკლი ალასანია ჩაერთო რუსულ პროპაგანდაში

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და სასაცილო უწოდა.
თინა ხიდაშელის განცხადებით, ირაკლი ალასანიამ ყველაზე კარგად იცის, რომ ხიდაშელისთვის პოლიტიკური ჩარჩოები არასოდეს არავის დაუწესებია. თავდაცვის მინისტრის თქმით, ეს დადასტურდა მაშინ, როცა „კაბელების საქმეზე“ სამსახურიდან გათავისუფლებულები სამინისტროში აღადგინა.
„ირაკლი ალასანიას პრეტენზიები სასაცილოა, სირცხვილია, მაგრამ ალბათ ხანდახან ადამიანები გაუგებარ არჩევანს აკეთებენ. როცა ვსაუბრობთ ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობაზე, ერთი წლის განმავლობაში ვისმენდი პრეტენზიებს ყოფილი თავდაცვის მინისტრისგან.
მთელი ერთი წელია არ გამიცია პასუხი არცერთი განცხადებისთვის, რადგან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს პაექრობა. ძალიან სამწუხაროა, რომ, როგორც ჩანს, რთულად გასაგებია, რატომ არ გცემენ პასუხს.
საჯაროდ მოვითხოვ თავდაცვის ყოფილი მინისტრისგან, წარმოადგინოს პრეტენზიების ნუსხა, თუ სად იყო უკეთესად შესაძლებელი ქვეყნის დაცვა და მე ეს არ გავაკეთე“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ხიდაშელის შეფასებით, კიდევ უფრო სირცხვილია, რომ ირაკლი ალასანია ჩაერთო იმ რუსულ პროპაგანდაში, რომელსაც პირდაპირ ცეცხლი აქვს მის წინააღმდეგ გახსნილი და დღეს იგი ხელისმომკიდის პრინციპით ამ მარათონში მონაწილეობს.
”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ საქართველოს საჰაერო თავდაცვის საკითხთან დაკავშირებით, თავდაცვის ამჟამინდელ მინისტრს გარკვეული ჩარჩოები დაუწესეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები