დავით სერგეენკო: პრეზიდენტმა, პრემიერმაც და პარლამენტის თავმჯდომარემაც დაადასტურეს, რომ მტკივნეული ეტაპი გავლილია

პრეზიდენტმა, პრემიერმაც და პარლამენტის თავმჯდომარემაც დაადასტურეს თავისი ქმედითი ნაბიჯებით, რომ მტკივნეული ეტაპი გავლილია, – ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
ასეთი შეფასებით, მინისტრი მმართველ გუნდთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
”ეს იყო პრეზიდენტის მოსაზრება. ვფიქრობ, მას საფუძვლად ედო ის გარემოება, რომ პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ძალაუფლებების შედარებით ახალი განაწილება არის ძალიან ახალგაზრდა. ახალი კონსტიტუცია ძალაში შევიდა სულ რამდენიმე წლის წინ. ალბათ, ეს იყო ის მტკივნეული პერიოდი, რომელიც შეიძლებოდა უკეთესად გავლილიყო, მაგრამ გვაქვს ის, რაც გვაქვს. ვფიქრობ, პრეზიდენტმა, პრემიერმაც და პარლამენტის თავმჯდომარემაც დაადასტურეს თავისი ქმედითი ნაბიჯებით, რომ ეს მტკივნეული ეტაპი გავლილია და ნაბიჯები სწორად იქნა გადადგმული”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხს, დავით სერგეენკოს შეფასებით, ძალიან კარგი ნაბიჯია, როდესაც სახელმწიფოს უმაღლესი პირები შეიკრიბნენ, შეაჯამეს, იმსჯელეს რისკებზე, დადებით მხარეებზე და გადაწყვეტილება მიღებული იყო კონსენსუსით.
”ასევე ვუსმენდი სხვადასხვა პარტიების, სამთავრობო, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მოსაზრებებს, რომელთა აზრი ერთსულოვანი იყო, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება და ხელს შეუწყობს არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას”, – დასძინა დავით სერგეენკომ.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები