ღეროვანი უჯრედების მეშვეობით 70 წლის პაციენტს მხედველობა აღუდგინეს
ექიმებმა 70 წლის თვალის ბადურის დისტროფიით დაავადებულ პაციენტს მხედველობა ნაწილობრივ აღუდგინეს. ოპერაცია ორი წლის წინ ჩატარდა და, როგორც დრომ აჩვენა, ის წარმატებული აღმოჩნდა.
ბადურის დისტროფია არის მოხუც პაციენტებში მხედველობის გაუარესების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი და მისი გადაჭრის პრობლემას სპეციალისტები უკვე დიდი ხანია ეძებენ.
ოპერაციისთვის მეცნიერებმა 4 მილიმეტრის კანის ფრაგმენტი აიღეს პაციენტის ხელიდან და სპეციალური ტექნოლოგიის მეშვეობით ის ღეროვან უჯრედებად გადააქციეს. ამის შედეგად ექიმებმა ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედები მიიღეს, რომლებიც შემდეგ ბადურის ქსოვილად გარდაქმნეს და პაციენტს გადაუნერგეს.
ოპერაციიდან გარკვეული დროის შემდეგ პაციენტის მხედველობა გაუუმჯობესდა. ქსოვილი კარგად შეხორცდა და ორი წლის განმავლობაში პაციენტს რაიმე სახის გართულება არ დაუფიქსირდა. ამ წარმატების შესახებ მეცნიერებმა სიეტლში, ოფთალმოლოგების ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადეს. მანამდე აშშ-ის და ჩინეთის სპეციალისტებმა ღეროვანი უჯრედებით მცირეწლოვან პაციენტს კატარაქტის ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა მეცნიერები აღიარებენ, რომ გარკვეული ტექნოლოგიები ასაკოვანი ადამიანების შემთხვევაში არ მოქმედებს და ის ახალგაზრდა პაციენტებზე უფრო ეფექტურია.