ირაკლი ჭეიშვილი – განათლების მინისტრის ინტერპელაციაზე: დარწმუნებული ვარ, გივი მიქანაძე ამომწურავ პასუხებს გასცემს თითოეულ კითხვას
“დარწმუნებული ვარ, გივი მიქანაძე ამომწურავ პასუხებს გასცემს თითოეულ კითხვას,”- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა პარლამენტში განათლების მინისტრის ინტერპელაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
“კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” 44 კითხვის დასმას აპირებს. დარწმუნებული ვარ, გივი მიქანაძე ამომწურავ პასუხებს გასცემს თითოეულ კითხვას. ამაში ეჭვი არავის ეპარება. ეს რეფორმა არის ძალიან წარმატებული, ისტორიული, ჩვენი შვილების უკეთესი მომავალია და, შესაბამისად, ყველაფერ კარგზე, რასაც “ქართული ოცნება” აკეთებს, ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს – ეს არ იქნება გამონაკლისი შემთხვევა. შესაბამისად, მომზადებული აქვთ 44 კითხვა და 2 საათის განმავლობაში უნდა დაუსვან მინისტრს. დარწმუნებული ვარ, განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს აბსოლუტურად ყველა კითხვას, არცერთ კითხვას არ დატოვებს პასუხგაუცემელს და კიდევ ერთხელ დაანახებს ამ პოპულისტების სახეს ქართველ ხალხს,” – აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.