ისლანდია საცხოვრებლად მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ქვეყნად დასახელდა

ისლანდია საცხოვრებლად მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ქვეყნად დასახელდა, – ამის შესახებ შვედური საინფორმაციო სააგენტო TT წერს.

მედიის ცნობით, შეფასება ისლანდიის კურსდამთავრებულთა პროფკავშირ Viska-ს მონაცემებს ეფუძნება. კვლევაში გათვალისწინებულია საცხოვრებლის, საკვების, ტრანსპორტის, კომუნალური მომსახურებისა და სხვა ყოველდღიური ხარჯების მაჩვენებლები.

TT-ის ინფორმაციით, მაღალი ინფლაცია და მომსახურების სფეროში არსებული ფასები ქვეყნის საერთო ცხოვრების ღირებულებას მნიშვნელოვნად ზრდის.

კვლევაში ექსპერტები ევროსტატისა და ისლანდიის ცენტრალური ბანკის, Sedlabanki-ს მონაცემებს ეყრდნობოდნენ. Viska-ს ეკონომისტის, ვილჰიალმურ ჰილმარსონის თქმით, ქვეყანაში ფასები დაახლოებით 3%-ით მაღალია, ვიდრე შვეიცარიაში.

ჰილმარსონი მიიჩნევს, რომ ისლანდია „ზედმეტად არის დამოკიდებული შრომატევად ინდუსტრიებზე, რაც ინფლაციურ ზეწოლას კვლავაც შექმნის“.

ამასთან, სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში საცხოვრებლად ყველაზე ძვირადღირებულ ქვეყნებად ასევე სახელდებიან შვეიცარია, ბერმუდა და კაიმანის კუნძულები. განსხვავებული მონაცემების მიზეზი კვლევის სხვადასხვა მეთოდოლოგიის გამოყენებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები