ამირან სალუქვაძე: დავითოღლუ გაერიდა შემდგომ გართულებას და გადადგომა ამჯობინა
სამხედრო – პოლიტიკური ანალიტიკოსი, ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე თურქეთის პრემიერ-მინისტრის აჰმედ დავუთოღლუს გადადგომას ეხმაურება. სალუქვაძის თქმით, ერდოღანის მხრიდან საპრეზიდენტო შტოს გაძლიერების მცდელობას ჰქონდა ადგილი, რასაც დავუთოღლუ არ ეთანხმებოდა.
სამხედრო – პოლიტიკური ანალიტიკოსის შეფასებით, სირიის მოვლენების და ტერორისტული ვითარების გაუარესების ფონზე, ამ პროცესებმა შიდა პარტიული/სამთავრობო დაძაბულობის ხასიათი შეიძინა.
სალუქვაძე ფიქრობს, რომ დავითოღლუ გაერიდა შემდგომ გართულებას და გადადგომა ამჯობინა.
„რა ხდება თურქეთში? სანამ საზოგადოება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის მიერ პარტიის დატოვებას განიხილავდა, თურქეთის პრემიერ-მინისტრის აჰმედ დავუთოღლუს გადადგომამ რიგით “ნიუსად” ჩაიარა.
თურქეთი, როგორც ცნობილია, საპრეზიდენტო-საპარლამენტო მოწყობის, ანუ ე.წ. შერეული სისტემის მქონე რესპუბლიკაა.
რეჯეპ თაიპ ერდოღანის გაპრეზიდენტების შემდეგ, ანალიტიკოსთა დიდი ნაწილი მოელოდა, რომ თურქეთში გარკვეული ცვლილებები განხორციელდებოდა საპრეზიდენტო ძალაუფლების გაძლიერების კუთხით. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად ერდოღან-დავუთოღლუს ახლო ურთიერთობებისა და ერდოღანის მუდმივი მცდელობებისა, დავუთოღლუს დაყოლიება მან ვერ შეძლო. დავუთოღლუ ნაჩქარევად მიიჩნევდა ასეთი ცვლილებების განხორციელებას. სირიის მოვლენების და ტერორისტული ვითარების გაუარესების ფონზე ამ პროცესებმა შიდა პარტიული/სამთავრობო დაძაბულობის ხასიათი შეიძინა. როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრი გაერიდა შემდგომ გართულებას და გადადგომა ამჯობინა. წინ მმართველი პარტიის ახალი ლიდერის არჩევა და თურქეთის პრეზიდენტის მიერ დასახული გეგმის განხორციელების პროცესები გველის. საპრეზიდენტო შტოს გაძლიერების მცდელობას, დიდი ალბათობით, შიდა დაპირისპირებები და საპროტესტო ტალღა შეიძლება მოჰყვეს. ამ პროცესებს რუსული საინფორმაციო მანქანაც შეუწყობს ხელს“,-წერს სალუქვაძე.