ბაღდათის ყოფილი გამგებელი: ბაღდათელებისთვის შეურაცხმყოფელი იქნება, მე რომ იზოლატორში მომათავსონ

დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე დაკავებული ბაღდათის ყოფილი გამგებელი აცხადებს, რომ მისი იზოლატორში მოთავსება ბაღდათის მოსახლეობისთვის სირცხვილია. როგორც ბრალდებულმა ირაკლი გეგეშიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, იგი ბაღდათის მოსახლეობამ გამგებლის თანამდებობაზე აირჩია და თუკი მას წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსებენ, ეს ბაღდათელებისთვის შეურაცხყოფის ტოლფასი იქნება.
”მე ვარ არჩეული პირი. პასუხისმგებლობა მაქვს იმ ხალხის წინაშე, ვინც მე ამირჩია და ამას ვგრძნობ ბოლომდე. ცოტა შეურაცხმყოფელია ამ ხალხისთვის, რომ გაუგებარი და დაუსაბუთებელი ბრალდებისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსონ არჩეული პირი”, – განაცხადა ირაკლი გეგეშიძემ.
გეგეშიძე განმარტავს, რომ მაქსიმალურად შეუწყო გამოძიებას ხელი, რაც დასტურდება მის მიერ დოკუმენტების სრულად გადაგზავნაში. ამასთან, ბრალდებული აღნიშნავს, რომ არცერთი მისი თანამშრომლისთვის არ უკითხავს, თუ რა კითხვები დაუსვა გამოძიებამ და ასევე სრულიად უსაფუძვლოა იმაზე საუბარი, რომ ის შესაძლოა, მიიმალოს.
ბრალდებულის განმარტებებს სახელმწიფო ბრალდების მხარემ რეპლიკით უპასუხა. პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა საპასუხოდ განაცხადა, მოსახლეობის შეურაცხყოფა არის ის, რომ მათი თანხები არამიზნობრივად იხარჯება. ბრალდების მხარემ ირაკლი გეგეშიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, დაცვის მხარემ კი – გირაოს შეფარდება 230 ათასი ლარის ოდენობით. ბრალდებულის ადვოკატმა კახაბერ წერეთელმა აღნიშნა, რომ ეს იმ ოდენობის თანხაა, რასაც სახელმწიფო მისი დაცვის ქვეშ მყოფს ედავება. მისივე თქმით, ირაკლი გეგეშიძე არის ყოფილი ბიზნესმენი და ამ თანხის გადახდას უძრავი ქონების უზრუნველყოფით მოახდენს.
ამ დროისთვის მოსამართლე ელენე გოგუაძე გადაწყვეტილების გამოსატანად არის გასული.
შეგახსენებთ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე, 25 აპრილს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები