,,გეზი ევროპისკენ რეფორმების გზით”
რეფორმა ლათინური სიტყვაა და გარდაქმნას ნიშნავს. ბოლო წლებში იმდენად ხშირად გვესმის ეს სიტყვა, რომ გარჩევაც კი გვიჭირს რომელია ნამდვილი რეფორმა და რომელი ფსევდორეფორმა. რეფორმების აზრი და არსი იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყნაში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებით, წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით, შეიქმნას უფრო ხელსაყრელი და საინტერესო პირობები მათ განსახორციელებლად.
სახელმწიფოში მოქალაქეების ნებაა, დაამკვიდრონ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლიანი სახელმწიფო, უზრუნველყონ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი. ეს ყველაფერი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს იფიქროს, იზრუნოს და იმოქმედოს თავისი და სხვა – თანამემამულეთა უკეთესი ცხოვრებისათვის. მოსთხოვონ ხელისუფლების წარმომადგენლებს ქვეყნის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი რეფორმები განხორციელდეს ღიად, გამჭვირვალედ და თანამონაწილეობის პრინციპით. ჩემი აზრით, ალბათ სადავო არ არის, რომ თუ ქვეყანაში არ ხორციელდება რეფორმები, ის სახელმწიფო არ იბრძვის განვითარებისათვის, რადგან ყოველ რეფორმას კონკრეტული საზოგადოებრივი განვითარების გამოწვევები უდევს საფუძვლად. არაერთხელ დაწერილა იმის შესახებ, რომ არათანმიმდევრულად ჩატარებულმა ან/და სხვა ქვეყნის გამოცდილებიდან ,,კოპირებულმა” რეფორმამ შეიძლება დადებითი შედეგის ნაცვლად, ცხოვრების დონის დაცემა და მოსახლეობის პირობების გაუარესებაც კი გამოიწვიოს.
თავის ერთ-ერთ გამოსვლაში მარგარეტ ტეთჩერი ამბობს: ,,ადამიანის უფლებაა იშრომოს და შრომით აღებული ფული თავის საკუთრებას მოახმაროს. თვითონ კი არ უნდა იყოს სახელმწიფოს მსახური, სახელმწიფო უნდა ჰყავდეს მსახურად, რადგან ასეთია ბრიტანული მემკვიდრეობა. ეს არის თავისუფალი ეკონომიკის არსი და ამ თავისუფლებაზე დგას ყველა სხვა თავისუფლება.” სწორედ, დიდი ბრიტანეთი იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში ვინც მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა სოციალური რეფორმების სახით, რაც შედეგიანი აღმოჩნდა. წარმატებული იყო იმიტომ, რომ კერძო წარმოება აღორძინების გზაზე დააბრუნეს, რის შედეგადაც ხალხს მეტი შემოსავალი გაუჩნდა, რამაც საშუალება მისცა სახელმწიფოს განეხორციელებინა ისეთი სოციალური რეფორმები, რომელიც დაეხმარებოდა მოხუცებს, ავადმყოფებსა და უუნაროებს. დიდ ბრიტანეთთან ერთად, ევროპის სხვა სახელმწიფოებმაც იცოდნენ, რომ იქ, სადაც განვითარებულია სოციალური დაცვის სისტემები, ის სახელმწიფო ცხოვრების მაღალი სტანდარტებითაც გამოირჩევა…
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც უმნიშვნელოვანესია რეფორმების სწორად და ეფექტიანად განსახორციელებლად არის მისი ფინანსური მხარდაჭერა. ვინაიდან ისეთ სახელმწიფოს, როგორიც საქართველოა, მცირე ფინანსური რესურსი გააჩნია ყველა საჭირო რეფომის დასაფინანსებლად და ამიტომ ხშირად, ფინანსურ თანადგომას სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციები უწევენ. ისეთ პროგრამებს, რომლებიც განეკუთვნებიან საყოველთაო ხასიათის პროექტებს, ხშირად ფინანსური რისკები ახლავს თან, ამიტომ ასეთ საკითხებზე მუშაობის დროს დიდი სიფრთხილეა საჭირო. მე ვეთანხმები მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სოციალური პროგრამების დაგეგმვა ეკონომიკური ზრდის შესაბამისად უნდა მოხდეს, რათა შემდგომში ქვეყანას ვალებით არ მოუწიოს სოციალური ხარჯების დაფარვა.
ახალი რეფორმების შესახებ ინფორმირება, საზოგადოებაში ხანდახან უნდობლობასა და პესიმიზმს იწვევს. ეს ყველაფერი კი პირველ რიგში ქვეყნის განვითარებას აფერხებს და საზოგადოებას უკარგავს ოპტიმიზმს. იმის ძიება თუ რატომ ხდება ასე, წარსულში დაშვებულ შეცდომებშია, მაგრამ მათი გათვალისწინება და გამოსწორება მომავალში წარმატების საწინდარია. ხშირ შემთხვევაში მოვლენები, დრო და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები თავად გვიბიძგებენ ახალი რეფორმების აუცილებლობისაკენ. ასეთ შემთხვევაში საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანაჩართულობა, ერთობლივი მუშაობა პოზიტიური და ეფექტიანია. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რეფორმის წარმატებულად განხორციელებაში, მასმედიის როლია, რამდენად ხშირად, ზუსტად და მარტივად აცნობებს მოქალაქეებს თუ რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია მათი რეალურ ცხოვრებაში გატარება. საერთო ძალისხმევას, ურთიერთშეთანხმებულ მუშაობას, გადაწყვეტილებათა თანმიმდევრობასა და ოპერატიულობას მოაქვს გარანტირებული წარმატება.
ევროკავშირისაკენ აღებული გეზი, უკვე ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას აქვს მზადყოფნა ახალი თანამედროვე – ევროპულ ცხოვრებაში ჩასაბმელად. ამისათვის მარტო ევროპელთა თანადგომა არ არის საკმარისი, საჭიროა ჩვენ თავად ვიზრუნოთ ახალი ცხოვრების მოწყობაზე, ახალი იდეების განხორციელებაზე, რომელიც წამალივით სჭირდება ჩვენს ქვეყანას.
ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ქვეყანაში გასატარებელი რეფორმების საკითხებითაა დაინტერესებული, შეთანხმდნენ, რომ თავისუფალი ბაზრის ფუნდამენტი ეკონომიკური ზრდისთვის არის ისეთი მომავლის უზრუნველყოფა, სადაც სოციალური და ეკონომიკური ასპექტები მოსახლეობის ყველა ფენას თანაბრად მოიცავს და საყოველთაო კეთილდღეობის შექმნისთვისაა აუცილებელი.
უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც ყველას აინტერესებს არის სოციალური დაცვის რეფორმა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა და რომელსაც საფუძველი გაუმყარა საკანონმდებლო ცვლილებებმა (საქართველოს კანონი ,,სოციალური დახმარების შესახებ”). ჩემი აზრით, ეს რეფორმა გადახედვასა და დახვეწას საჭიროებს, განსაკუთრებით საარსებო შემწეობების გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებში. სოციალური დაცვის სისტემების წარმატებას მხოლოდ მასზე დახარჯული დიდი ფინანსები არ განაპირობებს. მისი ეტაპობრივად დაგეგმვა და განხორციელებაა საჭირო, რომ სახსრები სწორად და მიზანმიმართულად გადანაწილდეს. ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია იმ პროცედურების სამართლიანად განხორციელება, რომლის მიხედვითაც ენიშნებათ ფულადი შემწეობა. ამ ბოლო დროს, ვხვდებით ისეთ ფაქტებსაც როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის პირებს და მართლაც უმწეო ადამინებს უარს ეუბნებიან საარსებო შემწეობაზე მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის საკუთრებაში არსებობის გამო. ეს საკითხი კი მარტივად გასაწყვეტი არაა, ამიტომ ის მეტი ყურადღებით გადახედვას მოითხოვს. ბევრი რამ კიდევ დასაზუსტებელია ამ რეგულაციაში.
სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემებით სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსება 2008-2015წ.წ. ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. 2012 წელს სოციალურ დახმარებაზე გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 276 მლნ. ლარი, 2015 წელს კი 631 მლნ. ლარი იყო გამოყოფილი. ზრდის ტენდენცია აშკარად იგრძნობა, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ხარჯები მოიცავს ყველანაირ სოციალურ შემწეობას. კერძოდ, საქართველოს კანონის ,,სოციალური დახმარების შესახებ”, სოციალური დახმარების სახეების მიხედვით.
- საარსებო შემწეობა
- რეინტეგრაციის შემწეობა
- მინდობით აღზრდის ანაზღაურება
- სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება
- არაფულადი სოციალური დახმარება
რაც შეეხება საარსებო შემწეობას, რომელიც არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რომლის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა და მისი დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს არეგულირებს საქართველო შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება, მდგომარეობა სულ სხვაგვარადაა.
თუ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მომზადებულ სტატისტიკას მოვიშველიებთ ვნახავთ, რომ საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა მუდმივად ცვალებადია. 2011 წელის დეკემბრის თვის მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობა შეადგენდა 394.819 ათასს და მათზე გაიცა 11.504.296 ლარი, ხოლო 2012 წელს 501.445 მოსახლეზე გაიცა 13.157.591 ლარი. 2013 წლის დეკემბერში ბენეფიციართა რაოდენობა (453.857 მოსახლე) შემცირდა მაგრამ თანხა გაიზარდა (24.148.306 ლარი). 2015 წლის დეკემბრის მონაცემებით უმწეო მოსახლეობის რაოდენობა 389.650-ს შეადგენდა და მათზე დაიხარჯა 22.218.642 ლარი. თუ სამართლიანად მოხდა უმწეობის სტატუსის მინიჭება მაშინ ეს მონაცემები არც ისე ცუდია, თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოქალაქეები ხშირად უარს ამბობენ შრომით ხელშეკრულებებზე, დასაქმებაზე, ზოგადად მუშაობაზე, იმის გამო რომ შემდგომ მოეხსნებათ ეს მიზერული სოციალური შემწეობა. ეს გამოსავალი ნამდვილად არ არის, ჩვენ უნდა მივცეთ მოქალაქეებს მოტივაცია და ხელი შევუწყოთ მათ დასაქმებას. სწორედ ამ დროს ენიჭებათ ყველაზე დიდი მნიშვნელობა სწორად დაგეგმილ რეფორმებს.
ჩემი აზრით, ძალიან დიდ შრომას საჭიროებს აღნიშნული პრობლემა. მე ვფიქრობ, ამ საკითხებზე უნდა მოეწყოს საჯარო განხილვები და შეხვედრები პროფესიონალებთან. ევროპის ქვეყნებში მოქმედი სოციალური შემწეობის პროგრამების ცოდნა გაგვიადვილებს შევქმნათ, დავხვეწოთ და საფეხურებად დავყოთ სამოქმედო გეგმა ქვეყანაში საარსებო შემწეობაზე დახარჯული ფინანსების მიზანმიმართულად გადასანაწილებლად, რომლის პარალელურად საჭიროა დასაქმებისა და სოფლის მეურნეობის განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროექტების რეალურად განხორციელება. ჩვენს მოქალაქეებს უნდა მიეცეს მოტივაცია არა გაღატაკების გზაზე დადგომის, არამედ შრომის, დასაქმების, მცირე ბიზნესში ჩაბმის და ფინანსურად გაძლიერების.
სოციალური თემატიკა და რეფორმების განხორციელება ძალზედ აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში, თუმცა მსჯელობა და თეორიული რჩევები გაცილებით იოლია, მაგრამ პრაქტიკასა და რეალურ ცხოვრებაში უდავოდ რთული განსახორციელებელია.
ხათუნა ბრეგვაძე
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, სადოქტორო პროგრამა – საჯარო მმართველობის დოქტორანტი