რას ფიქრობს ბრიგადის გენერალი, 2017 წლიდან სავალდებულო სამსახურში წვევამდელთა გაწვევის შეჩერების იდეაზე

ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე 2017 წლიდან სავალდებულო სამსახურში წვევამდელთა გაწვევის შეჩერების შესახებ თავდაცვის სამინისტროს განცხადებას და აღნიშნულ განცხადებაზე სოციალური ქსელის მომხმარებლების რეაქციებს ეხმაურება.
ბრიგადის გენერალი მიიჩნევს,რომ თავდაცვის სამინისტროს აქვს უფლება, მთავრობას და პარლამენტს, ასევე საზოგადოებას შესთავაზოს არმიის დაკომპლექტების საკუთარი მოდელი, ოღონდ ეს უნდა დაასაბუთოს შესაბამისი გათვლებით და არგუმენტებით.
სალუქვაძე ამბობს,რომ მას უწყების მხრიდან აღნიშნულის თაობაზე არგუმენტები არ მოუსმენია.
“სოციალურ ქსელში დიდი ვნებათღელვა და დისკუსიები გამოიწვია თავდაცვის სამინისტროს განცხადებამ 2017 წლიდან სავალდებულო სამსახურში წვევამდელთა გაწვევის შეჩერების შესახებ.
დავიწყოთ იმით, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ესაჭიროება დასაბუთება. რას ნიშნავს დასაბუთება?
არმიაში ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებას უნდა ვამყარებდეთ სხვადასხვა სახის გათვლებით. ესაა სამხედრო-სამეცნიერო დასაბუთება, ოპერატიულ-ტაქტიკური გათვლები, ფინანსურ-ეკონომიკური გაანგარიშებები, მოდელირება, სამხედრო-იურიდიული შესაბამისობა და ა.შ.
არსებობს ასევე ტრადიციები, კონსტიტუციური ვალდებულება, მორალური მხარე, მოსახლეობის სახელმწიფოებრივი აღზრდა და სხვა.
რაც მთავარია, ვერსად გავექცევით კანონის მოთხოვნებს.
კანონის მოთხოვნა კი ჯერჯერობით ასეთია, რომ სავალდებულო სამსახური არსებობს, რომელიც არ მოუგონიათ დაცვის პოლიციისთვის, ან სხვა გასამხედროებული სტრუქტურებისთვის, არამედ იმ უწყებისთვის, რომელსაც ქვეყნის თავდაცვა ევალება.
თავდაცვის სამინისტროს აქვს უფლება მთავრობას და პარლამენტს, ასევე საზოგადოებას შესთავაზოს არმიის დაკომპლექტების საკუთარი მოდელი, ოღონდ ეს უნდა დაასაბუთოს შესაბამისი გათვლებით და არგუმენტებით.
ჯერ მე ასეთი გათვლები და არგუმენტები ვერ ვნახე, ვერც მოვისმინე.
მესმის მხოლოდ გარკვეული ექსპერტებისგან შემდეგი ხასიათის განცხადებები: პროფესიონალი ჯარისკაცი უფრო ჯობია თუ მოუმზადებელი წვევამდელი? თუ ვერ ვამზადებთ წვევამდელებს სათანადოდ, ჯობია პროფესიული ჯარი გვყავდეს და ა.შ.
ეს არაა დასაბუთება, ესაა თითით ჰაერის ტკეპნა.
არგუმენტად იმის მოყვანა, რომ ვერ ვამზადებთ წვევამდელს და ამიტომ პროფესიონალი ჯობია, არაკომპეტენტურია. მაგ ლოგიკით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერ ვამზადებთ არმიას და ამიტომ პოლიცია ჯობია.
თუ ვერ ამზადებთ წვევამდელს, ეს ვისი ან რისი პრობლემაა, გაწვევის სისტემის? არა, ეს საბრძოლო მომზადების და კიდევ ბევრი სხვა რამის პრობლემის მაჩვენებელია. გინდათ დაამტკიცოთ, რომ 18 ან 45 დღეში რეზერვისტის მომზადება შეიძლება ომისთვის და წვევამდელის მომზადება არ შეიძლება 6 ან 12 თვეში? აბსურდია.
ამბობთ, რომ წვევამდელები დალაგებით, ყარაულით და შავი სამუშაოებით არიან დაკავებულნი და ამისათვის რესურსის დახარჯვა არ ღირსო.
მოდით განვიხილოთ. როცა აღარ გაიწვევთ სავალდებულო სამსახურში, რა სამუშაოებსაც ასრულებინებდით წვევამდელებს, ვინ გააკეთებს, საკონტრაქტო სამსახურში მყოფი თუ სამოქალაქო დაქირავებული პირები? ყარაულს ვერსად გაექცევით და ამ დავალებაზე მოგიწევთ საკონტრაქტო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მოცდენა. მოცდენა იმიტომ, რომ საბრძოლო მომზადებისგან მოსცდებიან ყარაულში დგომის პერიოდში.
ისე, ყარაულიც მომზადების ნაწილია, რადგან ომის დროს სახელმწიფოს ესაჭიროება მომზადებული ხალხი, რომლებიც პროფესიონალურად დაიცავენ ზურგის ან სხვა მნიშვნელოვან ოობიექტებს.
სამოქალაქო პირებს გამოიყენებთ ტერიტორიის დალაგების და სხვა სამუშაოების შესასრულებლად? კარგია და ასეც უნდა იყოს.
გამოდის, რომ ყარაულის და სამხედრო ქალაქების დაცვის ფუნქციას ვერ მოხსნით, შესაბამისად, ეს დატვირთვა დააწვება საკონტრაქტო სამსახურს (არ აქვს მნიშვნელობა სამხედრო პოლიცია შეასრულებს ამ დავალებას თუ საბრძოლო ქვედანაყოფები). თუ ასე იქნება, დაიკლებს საკონტრაქტო სამსახურში მყოფი სამხედროების მომზადების დონე.
მე შეგნებულად ვარიდებ თავს და არ მინდა მივაბა ამ თემას საბრძოლო მომზადების ხარისხი, მისი ინტენსივობა და, შესაბამისად, მზადყოფნის დონე. თუმცა ეს ინფორმაციები არსებობს.
მაშინ ვსვამ კითხვას: თუ რეზერვისტის მომზადება შეიძლება 45 დღეში, რა გვიშლის ხელს, რომ 6 ან 12 თვეში ხარისხიანად მოვამზადოთ წვევამდელი და ჩავრიცხოთ რეზერვში?
ჩემთვის ეს მიზეზები ცნობილია, თუმცა ამ საკითხს ამჟამად გვერდს ავუვლი, რადგან შორს წაგვიყვანს. დავუბრუნდეთ წვევამდელებს.
ჩვენ უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება წვევამდელთან. საერთოდ უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება ჯარისკაცთან, არ აქვს მნიშვნელობა, ის წვევამდელია თუ საკონტრაქტო სამსახურშია.
წლების წინ ვწერდი საბჭოთა არმიაში არსებულ ბატონყმურ დამოკიდებულებაზე და სამხედრო მოსამსახურეთა დაყოფაზე კატეგორიების მიხედვით. დაყოფა უნდა არსებობდეს წოდებრივი, თანამდებობრივი და ა.შ. მაგრამ არა ფენებად.
ასეთ მაგალითს მოვიყვან. ყველა კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეს ეცვა სხვადასხვა ხარისხის ფეხსაცმელი (ჩექმა) და სხვადასხვა ხარისხის მატერიისგან დამზადებული ჩასაცმელი. ყველაზე უხარისხო ეცვა წვევამდელს, უფრო უკეთესი ხარისხის – კურსანტს. ჩასაცმლის ხარისხი იმატებდა კატეგორიასთან ერთად – უფრო უკეთესი უმცროს ოფიცრებს, კიდევ უკეთესი უმაღლეს ოფიცრებს და ყველაზე მაღალი ხარისხის, მოოქროვილი ზიზილ-პიპილოებით, უმაღლეს ოფიცრებს, ანუ გენერლებს.
სულ სხვაგვარადაა ამერიკულ (და რა მარტო ამერიკულ) ჯარში. იქ ყველას ერთი ხარისხის ფორმა აქვს, სხვაობა განმასხვავებელ ნიშნებშია, რომელთა ხარისხიც ერთნაირია.
ამ მიდგომებში ყველაფერია ნათქვამი. შევცვალოთ მიდგომა რიგითის (კაპრალის) და სერჟანტის მიმართ იმის მიუხედავად, წვევამდელია ის, თუ საკონტრაქტო სამსახურშია. აღადგინეთ საბრძოლო მომზადების ნახევარწლიანი ციკლი ინდივიდუალური მომზადებიდან ბრიგადის შერწყმამდე, ჩართეთ წვევამდელი სრულყოფილად საბრძოლო მომზადებაში და მომზადებული დაითხოვეთ რეზერვში. დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი დარჩება საკონტრაქტო სამსახურში და ჯარიდან წასვლას არ მოისურვებს.
საერთოდ მიკვირს, რატომ არ ატარებთ ფართო დისკუსიებს საექსპერტო საზოგადოებასთან ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა რეზერვი, საყოველთაო სავალდებულო სამსახური, არმიის სტრუქტურა და სხვა. მხოლოდ სტუდენტებთან და არასამთავრობოებთან საუბარი არაა საკმარისი.
არ იფიქროთ, რომ ჩემი პოსტი კატეგორიულად ეწინააღმდეგება თავდაცვის სამინისტროს პოზიციას, თუმცა ვიხრები სავალდებული სამსახურის აუცილებლობისკენ. უბრალოდ, ამ ფორმით მართლა არ უნდა არსებობდეს. თუმცა არსებული ფორმით და შინაარსით ბევრი რამ უნდა არსებობდეს როგორც ჯარში, ისე ქვეყანაში, მაგრამ ხომ არ ვაუქმებთ? მე წინააღმდეგი ვარ დაუსაბუთებელი და გაუაზრებელი რეფორმებით.
სავალდებულო სამსახურის გაუქმება-არგაუქმების თაობაზე გენერალურმა შტაბმა უნდა გააკეთოს სათანადოდ დასაბუთებული განმარტებები. სამხედროებს ნუ გგონიათ, რომ ჯარს თქვენთვის აშენებთ. ყველასათვის ცნობილია, რომ შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების პრობლემა დგას. ვინც სახეზეა იმათი საკითხი ცალკე თემაა. დიდ ტვირთად აწევს ჩვენს არმიას საერთაშორისო მისია და მუდმივი როტაციები საკმაოდ დიდი რაოდენობის სამხედრო მოსამსახურეების. პატარა არმიისთვის ეს დიდი ტვირთია. ამიტომ ამ კუთხითაც არის გასააზრებელი გაწვევის და არმიის დაკომპლექტების სისტემა.
მსჯელობის და რეფორმის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება. დაასაბუტეთ და პირველი მოგიწერთ ხელს, იმის მიუხედავთ, რომ ჩემი ხელმოწერა არაფერში გესაჭიროებათ.
ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ერთხელ, ფართო მასების, განსაკუთრებით სპეციალისტთა მსჯელობის შედეგად, ან დადებითად, ან უარყოფითად და ყოველი სამთავრობო ცვლილებისას აღარ უნდა დავუბრუნდეთ მას“,-წერს სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები