ესპანელი ბიზნესმენები ქართული ღორის ჯიშით დაინტერესდნენ

ესპანეთში ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით მყოფი „საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია ხორცპროდუქტების მწარმოებელ ცნობილ ესპანურ კომპანია De RAZA Iberico-ს წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში კახური ღორის ჯიშითა და საერთაშორისო ბაზარზე მისი კომერციალიზაციით არიან დაინტერესებულნი.
როგორც „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ, „კვირას“ პრესკლუბში დღეს განაცხადა, ესპანელი ფერმერები საქართველოში ჩამოვიდნენ და სუფთა ქართული ჯიშის მხოლოდ 30 ღორი ნახეს, რის გამოც შეშფოთება გამოთქვეს.
საგანელიძის თქმით, საუბარია ქართული ღორის ჯიშის რეგიონებში გადარჩენაზე, რის შემდეგად კომპანია De RAZA Iberico მის ხორცს თავის პროდუქტებში გამოიყენებს.
მისივე ინფორმაციით, კომპანიას ესპანეთში აქვს იბერიკოს ჯიშის ღორების ფერმები და ხორცპროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. ფონდის დელეგაცია კომპანიის დამფუძნებლებს – რეხინოდია ზდელრიოსა დ ალუის სანზკასადოს შეხვდა. შეხვედრას ესპანეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილიც დაესწრო. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, „კვირის“ პრესკლუბში მედიასთან, მადრიდსა და ბარსელონაში ფონდის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა.
ფონდის დელეგაციამ „აგროინდუსტიული კომპლექსის ფორუმი-მადრიდი 2016“ -ში მიიღო მონაწილეობა. ბიზნესფორუმი SERCOBE -სა და ICEX -ის მხარდაჭერით ჩატარდა, რომელსაც ესპანეთის მთავრობისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აგროინდუსტრიაში ჩართული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბიზნესფორუმი სოფლის მეურნეობისა და აკვაკულტურის განვითარებას მიეძღვნა. დავით საგანელიძემ ფორუმში მონაწილე ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, მიმზიდველი ბიზნესგარემო და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები