ბექა ჯაიანი ჩვენებაში: კესარიამ მითხრა, მაღიარეო – ვუთხარი, დავიშალოთ, მაინც საქართველოა, ამას ვერ გავაკეთებ-მეთქი, მეორე დღიდან დაიწყო ისეთი ვიდეოების დადება, რომელიც მამაკაცს გააღიზიანებდა – განვიზრახე, მომეკლა
“კესარიამ მაღიარეო, მითხრა. ვუთხარი დავიშალოთ, მაინც საქართველოა, ამას ვერ გავაკეთებ-მეთქი. მეორე დღიდან დაიწყო ისეთი ვიდეოების დადება, რომელიც მამაკაცს გააღიზიანებდა… განვიზრახე, მომეკლა”, – ამის შესახებ 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი ჩვენებაში აცხადებს, რომელიც სასამართლოში გამოაქვეყნეს.
ჯაიანი ჩვენებაში ჰყვება:
„ყველასთან ვცდილობდი კარგად დამეხასიათებინა, სანამ ჩემს მიმართ ასეთი გულით იყო… პირველად იმიტომ აირია [ურთიერთობა], გერმანიიდან რომ ჩამოვედი, უსამსახუროდ ვიყავი, როცა ფული გამომელია, კონფლიქტი მოხდა. რომ დავშორდი გაბოროტდა…. ზონდერიაო, სხვას დაადებინა ფოტო… მერე შევრიგდით“, – აცხადებს ჯაიანი ჩვენებაში.
რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობის დღეს, ის ამბობს:
„აფთიაქში შევედი, წნევის დამწევები ვიყიდე, მეც რომ დამელია, გამბედაობა არ მეყო, რომ გადმოვმხტარიყავი… ცივად შევედი, ლაპარაკი დავუწყე, რომ შევხედე, ცრემლები წამომივიდა. რატომ იქცევი ასე-მეთქი, ვკითხე…დავარტყი. დანა ვიყიდე ჩემი სამსახურის წინ, მიცკევიჩზე”.
ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.