პუტინი: კურსკის ოლქში შეჭრილი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები ტერორისტები არიან

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, კურსკის ოლქში შეჭრილი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები ტერორისტები არიან.

“ყველა ადამიანი, რომელიც კურსკის ოლქის ტერიტორიაზე იმყოფება, მოქალაქეების მიმართ დანაშაულებს სჩადიან, მოქმედებენ ჩვენი შეიარაღებული ძალების, სამართალდამცველი ორგანოებისა და სპეცსამსახურების საწინააღმდეგოდ, რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად არიან ტერორისტები. რუსეთის გენერალური პროკურატურა ასე აკვალიფიცირებს მათ ქმედებებს და სწორედ ამ მუხლით, “ტერორიზმით” არის მათ წინააღმდეგ აღძრული რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მიერ სისხლის სამართლის საქმე” – თქვა პუტინმა.

ასევე, როგორც მედია წერს, პუტინმა გააჟღერა მუქარა, რომ სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებული ჟენევის კონვენცია უცხოელ დაქირავებულ მებრძოლებზე არ ვრცელდება.

“ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა მოვექცეთ როგორც ტერორისტებს, რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად. ჩვენ ყველა ადამიანს ვექცევით და მომავალშიც უნდა მოვექცეთ ჰუმანურად – ყველას, ვინც ჩვენს ხელში აღმოჩნდა. ამასთან ერთად მინდა შეგახსენოთ, რომ უცხოელ დაქირავებულებზე ჟენევის 1949 წლის სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობის კონვენცია არ ვრცელდება” – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში რამდენჯერმე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანდა, რომ კურსკის ოლქში რუსი სამხედროები ტყვედ აყვანილ უკრაინელ ჯარისკაცებს ხვრეტდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები