თამარ ჩიბურდანიძე: პრემიერის ამბიციური განაცხადი უმაღლესი განათლების რეფორმაზე საძირკველია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, რამდენ ხანს ველოდით ამ დღეს
უმაღლესი სასწავლებლების გაძლიერებას და კონკურენტუნარიანობის მიზნით შემუშავებულ სტრატეგიას ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
როგორც ჩიბურდანიძე წერს, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება უმაღლესი განათლების სფეროში განსახორციელებელი რეფორმების თაობაზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან აქამდე სპონტანურად განხორციელებულმა რეფორმებმა, რომლებიც არ ეფუძნებოდა ეროვნულ ინტერესს, უარყოფითი შედეგი მოიტანეს.
„მივესალმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას უმაღლესი განათლების სფეროში განსახორციელებელი რეფორმების თაობაზე. იმ რეფორმების დიდმა ნაწილმა, რაც ლიბერალური პოლიტიკის გავლენით შემუშავდა საქართველოში, უკუშედეგი მოგვცა. შესაძლებელია სტანდარტი, ანუ ჩარჩო იყოს ევროპული, მაგრამ შიგთავსი აუცილებლად უნდა იყოს ეროვნული. დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც, სამივე საფეხურზე – სკოლამდელ, სასკოლო და უმაღლეს დონეზე, განათლების სტრატეგია ეფუძნება ეროვნულ პოლიტიკას და ამის მიხედვით არის სახელმძღვანელოები შედგენილი.
პრემიერის ინიციატივა ამ ეტაპზე ეხება უმაღლეს სასწავლებლებს, მათ გაძლიერებას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას, სტუდენტებისთვის მაღალი დონის განათლების მიცემას და მათში მოტივაციის ამაღლებას. როგორც პრემიერმა აღნიშნა, აუცილებელია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ყურადღება მიექცეს არა მხოლოდ სტუდენტების დაინტერესებას, არამედ, პროფესორ-მასწავლებლების კეთილდღეობასაც. ვერ მივიღებთ მაღალი ხარისხის სწავლებას უნივერსიტეტებში, სადაც პროფესორების ანაზღაურება დაბალია. პროფესორს, რომელსაც მოეთხოვება სამეცნიერო კვლევები, კონფერენციებში მონაწილეობა და ა.შ. შესაბამისი ანაზღაურებაც უნდა ჰქონდეს. კარგია, რომ სამეცნიერო ხარისხის დაცვის კრიტერიუმები გართულდა, ეს ბევრად უფრო კარგ ხარისხიან კადრებს მოგვცემს.
ასევე, გასათვალისწინებელია რუსთაველის სამეცნიერო ფონდში გამოყოფილი საგრანტო თანხების მოცულობა, რომლებიც ასევე გადასახედია და იმედს გამოვთქვამთ, რომ ბიუჯეტიც საგრძნობლად გაიზრდება.
პრემიერის ამბიციური განაცხადი უმაღლესი განათლების რეფორმაზე საძირკველია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. რამდენ ხანს ველოდით ამ დღეს. განათლების რეფორმა ყველა საფეხურზე უნდა გატარდეს. ამის გარეშე ვერ შევქმნით ეკონომიკურად და სოციალურად ძლიერ სახელმწიფოს. ცოდნაზე დაფუძნებული აზროვნება იძლევა ძლიერ საჯარო და სამოქალაქო კადრებს. სიღარიბის აღმოფხვრის საუკეთესო მეთოდიც განათლების რეფორმაა,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.