პროკურორი: კესარია აბრამიძის საქმეში არსებული მოწმის ჩვენებით, ბექა ჯაიანი აბრამიძეს უწოდებდა „ბუნების შეცდომას“, მახინჯს, სცემდა, ახრჩობდა
“კესარია აბრამიძეს უწოდებდა „ბუნების შეცდომას“, უმოწმებდა ტელეფონს, უკონტროლებდა ჩაცმის სტილს და თუ რამე არ მოსწონდა, სცემდა, ყელში ახრჩობდა, თმითაც უთრევია”, – ეს სიტყვები ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანის საქმის პროკურორმა, გრიგოლ ნიშნიანიძემ სასამართლოში დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას, მოწმის ჩვენებიდან წაიკითხა.
პროკურორის თქმით, კესარია აბრამიძე განსაკუთრებული სისასტიკით არის მოკლული, ამას სხვა მტკიცებულებებთან ერთად ჭრილობების რაოდენობაც მოწმობს.
„უმოწმებდა ტელეფონს, უკრძალავდა სხვა პირებთან კომუნიკაციას, უწოდებდა „ბუნების შეცდომას“, მახინჯს. მოწმეს არაერთხელ გაუგია სახლიდან მტვრევის ხმა, უნახავს კესარიას დაზიანებები”,- ამბობს პროკურორი.
ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.