არჩილ გორდულაძე: ყველაზე ამორალური არის ის, რომ პირადი ფუფუნებისთვის დახარჯულ თანხებს მიხეილ სააკაშვილი საქვეყნო საქმედ წარმოაჩენს

„ყველაზე ამორალური არის ის, რომ პირადი ფუფუნებისთვის დახარჯულ თანხებს მიხეილ სააკაშვილი საქვეყნო საქმედ წარმოაჩენს,”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ „პიჯაკების საქმე“ არის საკუთარი ოჯახის წევრების სწავლის გადასახადის დაფინანსება.

“წლების განმავლობაში საქმეს, რომელშიც მილიონებზეა საუბარი, სახელმწიფო ქონების გაფლანგვას უკავშირდება, კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლები ეძახდნენ “პიჯაკების საქმეს”. აღმოჩნდა, რომ “პიჯაკების საქმე” არის საკუთარი ოჯახის წევრების სწავლის გადასახადის დაფინანსება და სხვადასხვა უცხოელი ქალბატონის მომსახურებაში გადახდილი თანხები. ეს ადამიანები ახლა ბედავენ თქვან, რომ თურმე, სახელმწიფო ხარჯებით შესაძლებელია ფუფუნებაში ცხოვრების დაფინანსება, ეს პრობლემას არ წარმოადგენს და თანამდებობის პირებს ეს ყველაფერი უნდა შეეძლოთ. ყველაზე ამორალური ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილი ბედავს და საუბრობს, რომ საკუთარ ლიპოსაქციაზე თუ საკუთარი სხეულის გაჯანსაღებაზე დახარჯული თანხები ყოფილა თურმე საქვეყნო საქმე და ამ დროს ის ემსახურებოდა საქართველოს,” – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარის გაფლანგვისთვის, საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები