სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ჟენევაში გამართულ, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
“12 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ – თამარ გვარამაძემ მონაწილეობა მიიღო ჟენევაში გამართულ ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის (GANHRI) ყოველწლიურ კონფერენციაში”, – ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
მათი ცნობით, ღონისძიებაზე განიხილეს ქალებისა და გოგონების უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პრიორიტეტები, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლი საკანონმდებლო და პოლიტიკის რეფორმის, განათლების, სტერეოტიპებთან ბრძოლის, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით.
“ასევე, ისაუბრეს პლურალიზმისა და გენდერული ინკლუზიის უზრუნველყოფის საკითხებზე ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებში.
გახსნის ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვით მონაწილეებს, მათ შორის, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ თურქმა და ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტმა იურგ ლაუბერმა მიმართეს.
საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ თავის გამოსვლაში ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და განათლების გზით ქალებისა და გოგოების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა; ხაზი გაუსვა სოფლად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისა და გოგოების განსაკუთრებულ საჭიროებებს. ასევე, მიმოიხილა ქალთა უფლებების დაცვის ხელშესაწყობად საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა და ყურადღება გაამახვილა ქალთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის რეფორმების ადვოკატირებაზე”, – წერია ინფორმაციაში.