სერგეი ლავროვი – ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობაში იყენებს ჩინეთთან ურთიერთობების ლოგიკას, მხარეები ერთმანეთს აკრიტიკებენ, მაგრამ ასევე, საუბრობენ და ეს ერთადერთი სწორი მიდგომაა
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობაში იყენებს ჩინეთთან აშშ-ის ურთიერთობების ლოგიკას, რომელშიც მხარეები ერთმანეთს აკრიტიკებენ, მაგრამ ასევე, საუბრობენ და ეს ერთადერთი სწორი მიდგომაა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ამერიკელ ბლოგერებთან ინტერვიუში განაცხადა.
სერგეი ლავროვმა კიდევ ერთი გზავნილი გაიხსენა აშშ-თან ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებებიდან: როდესაც ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა, ქვეყნებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ეს წინააღმდეგობები არ გადაიზარდოს კონფრონტაციაში.
სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთის ფედერაციისა და შეერთებული შტატების ინტერესები არასოდეს არ იქნება იდენტური და ისინი 50 პროცენტითაც ვერ დაემთხვევა ერთმანეთს.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი ნატო-ს წევრ ქვეყნებს თავდაცვაზე მეტი ფულის დახარჯვისკენ მოუწოდებს, აშშ ნატო-დან არ გავა.
სერგეი ლავროვის მტკიცებით, ევროპასა და ბრიტანეთს სურთ უკრაინასთან დაკავშირებული კონფლიქტის გაგრძელება, სურთ გაზარდონ ფსონები და ამზადებენ რაღაცას, რომ ვაშინგტონს უბიძგონ რუსეთის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებზე.
„ადამიანის უფლებებზე და ჩვენი დასავლელი მეგობრების გულწრფელობაზე საუბრისას, უნდა აღინიშნოს, რომ ევროპასა და დიდ ბრიტანეთს უნდათ, ეს ყველაფერი გაგრძელდეს. როგორ მიიღეს ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ვაშინგტონში სკანდალის შემდეგ, აჩვენებს, სურთ ფსონების აწევა, ამზადებენ რაღაცას, რათა აიძულონ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებებისკენ. ამას ფილოსოფიურად ვუდგებით. ვიცით, რას ვაკეთებთ. სხვათა შორის, 20 იანვრის შემდეგ ახალ რეალობაში მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რუსეთის უსაფრთხოებისთვის უკრაინის მნიშვნელობა ბევრჯერ აღემატება შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის გრენლანდიის მნიშვნელობა. მე უკვე აღვნიშნე რუსული ენის, მედიის, კულტურის, ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, ზოგიერთი ოპოზიციური მედიის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკრაინულ ენაზე წერენ და მაუწყებლობენ, ჟურნალისტების მკვლელობებისა და გაუჩინარების შესახებ, რომ აღარაფერი ვთქვათ, დონბასში ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სერგეი ლავროვის თქმით, უკრაინაში ნატო-ს სამშვიდობოების არსებობა ნებისმიერი დროშის ქვეშ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთისთვის.
„ეს არ არის ის, რაც საჭიროა ომის დასასრულებლად, რომელსაც დასავლეთი ჩვენ წინააღმდეგ აწარმოებს უკრაინელების მეშვეობით მათი სამხედროების უშუალო მონაწილეობით. ვიცით ამის შესახებ. თუ ნატო-ს გაფართოება აღიარებულია, ყოველ შემთხვევაში ტრამპის მიერ, როგორც ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, მაშინ ნატო-ს ჯარების ყოფნა ნებისმიერი დროშის ქვეშ, ნებისმიერი პოზიციით, უკრაინის მიწაზე იგივე საფრთხეა ჩვენთვის“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.