დავით უსუფაშვილი: საქართველოს და კორეას ჩრდილოეთ საზღვრებიდან სერიოზული პრობლემები გვაქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ჩუნგ უი ჰვა მიიღო.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე და საქართველოს პარლამენტში ელექტრონული მმართველობის დანერგვაზე, განიხილეს საქართველოს ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი და საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არსებული ბიზნესპროექტები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, დავით უსუფაშვილმა და ჩუნგ უი ჰვამ საქართველოს პარლამენტსა და კორეის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, დავით უსუფაშვილმა და ჩუნგ უი ჰვამ მედიისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
„ჩვენ, საქართველოს პარლამენტში მორიგი, ძალიან მაღალი სტუმარი გვყავს – კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე, ბატონი ჩანგი და კორეის პარლამენტის წევრები ჩამობრძანდნენ სტუმრად. ჩვენ, სულ ახლახან, ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს საქართველოს და კორეის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის შესახებ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი კორეის რესპუბლიკასთან მეგობრული ურთიერთობის განვითარებისა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა კორეის რეპუბლიკის ეკონომიკურ პოტენცილაზე და ორივე ქვეყნის წინაშე მდგარ საგარეო გამოწვევებზე.
„კორეა არის აზიის ნომერ მეოთხე სახელმწიფო ეკონომიკური სიძლიერით. კორეა არის ძალიან მნიშვნელოვანი, გლობალური მოთამაშე ძალიან ბევრი მიმართულებით და ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა სულ უფრო და უფრო ღრმავდება პოლიტიკური ურთიერთგაგების დონეზე და ჩვენ, ორივე ქვეყანა, მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის ვიბრძვით. ორივე ქვეყანას, გვაქვს სერიოზული პრობლემები ჩრდილოეთ საზღვრებიდან და ვხედავთ იმ შემაშფოთებელ განვითარებას, რაც ჩრდილოეთ კორეის აგრესიული მოქმედებების შედეგად იმ რეგიონში ხდება. ჩვენ ვართ სოლიდარულნი კორეელი ხალხის ამ პრობლემების გადაწყვეტაში. კორეა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერი და საერთაშორისო დონეზე ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ ამ მხარდაჭერას“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის სფროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და ამ პროცესში პარლამენტის როლს. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო ხანებში გაღრმავებული ურთიერთობები ბიზნესსფეროში, ეკონომიკის სფეროში. ვიცით, რომ უკვე დაიწყო კორეის მილიარდდოლარიანი ინვესტიცია საქართველოს ენერგეტიკის სფეროში. მოსალოდნელია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები სხვა მიმართულებით, მათ შორის, მძიმე მრეწველობის , ენერგეტიკის მიმართულებით. სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯებია კულტურული ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით და ამ ყველაფერში, საქართველოს პარლამენტი იქნება ერთ-ერთი ფლაგმანი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ გაიხსენა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი კორეის რესპუბლიკაში და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს პარლამენტსა და კორეის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეას შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობას.
„ჩვენ, ორი თვის წინ გვქონდა ვიზიტი სეულში და მივიღეთ გულთბილი, მეგობრული დახვედრა და მოხარული ვარ, რომ დღეს, უკვე საპასუხო ვიზიტით გვესტუმრნენ სტუმრები კორეის პარლამენტიდან. მე, კიდევ ერთხელ მადლობას მოვახსენებ სტუმრებს და დარწმუნებული ვარ, რომ ის მემორანდუმი, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი, საქართველოს პარლამენტს მისცემს საშუალებას, კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო გამოცდილება შეიძინოს და ჩვენც გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება ჩვენს კორეელ კოლეგებს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
კორეის რეპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე, ჩუნგ უი ჰვამ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ საქართველომ და კორეამ ერთობლივად უნდა იმუშაონ სხვადასხვა სფეროში და ხელი შეუწყონ მშვიდობის დამკვიდრებას.
„მსოფლიო სწრაფად იცვლება და ჩვენ ერთმანეთისგან გაკვეთილები უნდა მივიღოთ, ერთმანეთისგან უნდა ვისწავლოთ, ერთობლივად უნდა ვიმუშოათ. როდესაც გავერთიანდებით და ერთად ვიქნებით, ფაქტობრივად შევქმნით ისეთ ადგილებს, სადაც ადამიანებს შეეძლებათ ბედნიერად და მშვიდობით იცხოვრონ. საქართველომ შეინარჩუნა თავისი მშვენიერი ლანდშაფტი, მშვენიერი ქვეყანა და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გახდება ქვეყანა, საითკენაც მოპყრობილი იქნება მთელი სამყაროს ყურადღება“, – აღნიშნა ჩუნგ უი ჰვამ.
კორეის რეპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის განცხადებით, კორეამ ინდუსტრიალიზაციას და დემოკრატიას დროის მცირე მონაკვეთში მიაღწია და ეს შესძლო სხვა ქვეყნების დახმარებით.
ჩუნგ უი ჰვამის განცხადებით, თანამშრომლობა ეროვნულ პარლამენტებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან მაღალი ავტორიტეტის მქონე ინსტიტუტებია და ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. „ასე, რომ, ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა საშუალებას და შესაძლებლობებს აძლებს ჩვენს ქვეყნებს, პარლამენტებს ერთად იმუშაონ ბევრ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ელექტრონული პარლამენტის სფეროშიც. თუ ქვეყნები, პარლამენტები ითანამშრომლებენ, ჩვენ ნამდვილად დიდ, მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ“, – განაცხადა კორეის რეპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ.
კორეელმა სტუმარმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის როლი. „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მე ვხედავ, მართლაც, რა კარგად უძღვება თავის საქმეს და ასეთი ადამიანების წყალობით, დარწმუნებულ ვარ, რომ საქართველოს მომავალი ნათელია“, – აღნიშნა მან.
დავით უსუფაშვილისა და ჩუნგ უი ჰვას შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები: ზვიად ძიძიგური, შოთა ხაბარელი, დიმიტრი ხუნდაძე და გიორგი წერეთელი.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 23 აპრილს, კორეის რეპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ჩუნგ უი ჰვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში, კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციის წევრები საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანძურსა და ეროვნული გალერეის საგამოფენო დარბაზს დაათვალიერებენ, აგრეთვე, მოინახულებენ ძველ თბილისს, მცხეთას, ყაზბეგისა და კახეთის რეგიონებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები