ამირან სალუქვაძე: რუსეთის ძალისხმევა მიმართული იქნება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკუთარი სცენარით წარმართვისკენ

ამირან სალუქვაძე – ბრიგადის გენერალი

ყარაბაღის გამბიტი პარტია ენდშპილის გარეშე 

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ისევ მიძინების რეჟიმში გადავიდა. ახლა შესაძლებელია უფრო მშვიდი ანალიზის გაკეთება, თუ რა მოხდა და როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები. წინა პუბლიკაცია ყარაბაღის შესახებ, რომელიც გამყოფ ზოლზე შეტაკებების განახლების დღეს, ანუ 2 აპრილს გამოვაქვეყნე, ძირითადად, კონფლიქტის შესაძლო განვითარების და საფრთხეების პროგნოზს შეიცავდა. განვიხილეთ, თუ რა ძალებია კონფლიქტის მხარეთა უკან, მათი ინტერესები, ასევე რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებას. სანამ ქართულ არმიაში გადმოვედი, 1992 წლამდე 4 წელი ვიმსახურე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სსრკ-ს ჯარში, ყარაბაღთან ძალიან ახლოს. ფაქტობრივად, კონფლიქტის დაწყების, მისი ესკალაციის მომსწრე ვარ. მახსოვს, როგორ მშვიდად თანაცხოვრობდნენ სომხები და აზერბაიჯანელები ერთად (ისევე როგორც ამჟამად რუსეთში) და რამდენად იქცნენ ერთმანეთის მტრებად იმ წლებში. ანალიტიკოსები საერთოდ ერიდებიან პროგნოზის გაკეთებას, რადგან თუ გამართლდა, არავინ შეიმჩნევს, თუ არ გამართლდა, ყველაზე ზარმაციც არ დაიზარებს მწარე ეპითეტებს. პროგნოზი კი მხოლოდ ერთი მიზნით დავწერე, რათა ინტერნეტ და მედია სივრცეში ატეხილი აჟიოტაჟი და შიშები ოდნავ მაინც ჩამეცხრო. მერწმუნეთ, კონფლიქტის განახლების პირველივე დღესვე შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რა და როგორ განვითარდება. ამისათვის საჭიროა დაკვირვება თვეების და წლების განმავლობაში, მხარეთა და მოთამაშეთა ინტერესების, მათი მიზნების სწორად წარმოსახვა, სიტუაციის შეფასება მათი პოზიციებიდან.
მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავების მიზეზები რამდენიმე რაკურსიდან უნდა გავაანალიზოთ: – დაპირისპირებულ მხარეთა ჭრილში, – სირიის კონფლიქტის და რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების ჭრილში, – სხვა აქტორების ინტერესების ჭრილში.
სანამ სხვა საკითხებს გავაანალიზებდე, დამდგარი შედეგებიდან გამომდინარე, თავშივე დავწერ, რომ ყველაზე მეტად, რაც იგრძნობა, ესაა რუსეთის მხრიდან რეგიონში თურქეთის გავლენის შემცირების მცდელობა, განსაკუთრებით აზერბაიჯანთან მიმართებაში. რუსეთის პირველი პირების და გავლენიანი ჟურნალისტების განცხადებებიდან გამომდინარე, მოჩანს, რომ არათუ მიდგომები შეცვალეს, არამედ, თითქოს გარკვეული შეთანხმებებიც კი არსებობს. არასდროს, კონფლიქტის მიძინებიდან, ანუ 1994 წლიდან დღემდე, რუსეთს კრინტი არ დაუძრავს მთიანი ყარაბაღის ირგვლივ აზერბაიჯანული სოფლების სომხური მხარის მიერ დაკავების შესახებ. დღეს კი რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი და ერთ-ერთი გავლენიანი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო ღია ტექსტით ალაპარაკდნენ შემდეგი სიტყვებით: „სომხეთს დღეს ოკუპირებული აქვს აზერბაიჯანული რაიონები ყარაბაღის ირგვლივ, რაც მიუღებელია აზერბაიჯანისთვის“. მათ ფაქტობრივად განაცხადეს, რომ სომხეთს ამ ტერიტორიების დატოვება მოუწევთ.

ცინიზმის აპოგეა იყო იმის განცხადება, რომ, თურმე ყარაბაღიდან და ირგვლივმდებარე რაიონებიდან გამოდევნილია აზერბაიჯანელი მოსახლეობა და მათ გარეშე სტატუსის გადაწყვეტა შეუძლებელია. ახლა გაიგეს, რომ მოსახლეობა არის გამოდევნილი? მე არანაირად არცერთი მხარის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ არ ვწერ, მხოლოდ მიმოვიხილავ. ამას გარდა, ეს განცხადებები საქართველოს და მისი ოკუპირებული ტერიტორიების ჭრილში მაინტერესებს. კერძოდ, თუ გამოდევნილი აზერბაიჯანელი მოსახლეობის გარეშე არ შეიძლება სტატუსზე საუბარი, აფხაზეთიდან რუსეთის არმიის დახმარებით საკუთარ სამშობლოში ლტოლვილებად ქცეული 300 ათასი და ცხინვალის რეგიონიდან უსახლკაროდ დატოვებული 30 ათასზე მეტი ქართველის გარეშე შესაძლებელია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის სტატუსის განსაზღვრა?
დავუბრუნდეთ ისევ მთიან ყარაბაღს. 2 აპრილს, კონფლიქტის გაღვიძების პირველივე დღეს, როცა მედიაში პანიკა სუფევდა, ყარაბაღიდან სროლის ხმა, ხოლო აზერბაიჯანული და სომხური მხარეებისგან ურთიერთმუქარები ისმოდა, რთული იყო რაიმეს პროგნოზირება. თუმცა, ჩემი პროგნოზი, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში არ გადაიზრდებოდა, არ იყო ერთი დღის დაკვირვების შედეგი. სირიაში რუსეთის საჰაერო ოპერაციის შედეგად რუსულ-თურქული ურთიერთობების მკვეთრად გაუარესების ჭრილში მოსალოდნელი იყო მათი დაპირისპირება უკვე სხვა სივრცეში და ეს პროგნოზი შემოდგომითაც არსებობდა. დღეს რუსეთ-თურქეთის ინტერესები იკვეთება აფხაზეთში, ყირიმში და, რა თქმა უნდა, ყარაბაღში. ყირიმში რუსეთის პოზიციების შერყევა უკვე გაუჭირდება თურქეთს. იგივე სიტუაციაა აფხაზეთში. როგორც ჩანს, შესაძლოა ყარაბაღის საკითხშიც თურქეთის გავლენა საკმაოდ შემცირდეს.13023670_466463993559789_227046082_n

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მწირი ინფორმაცია გამოდიოდა ცხელი წერტილიდან, უკვე 3-4 აპრილს, აღვნიშნავდი, რომ სავარაუდოდ საბრძოლო მოქმედებები აზერბაიჯანულმა მხარემ დაიწყო, რაც იმით აიხსნებოდა, რომ მოკლე ვადებში უპირატესობას სწორედ მათ მიაღწიეს და რამდენიმე სოფელი, მ.შ. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიმაღლეები დაიკავეს. თუმცა, აქტიურ მოქმედებებში არც ერთი, არც მეორე მხრიდან, არ იყო ჩართული მთელი შეიარაღებული ძალები. იყო შთაბეჭდილება, თითქოს, გარკვეული გამბიტი თამაშდება (გამბიტი, ჭადრაკის ენაზე ნიშნავს მსხვერპლის შეწირვას შემდგომში უპირატესობის მოპოვების მიზნით).
შეიმჩნეოდა ბრძოლით დაზვერვის ელემენტები ორი მიმართულებიდან, რომლებშიც ბატალიონამდე ძალები იყო ჩართული, რაც საკმარისი არაა მასშტაბური, ანუ ოპერატიული დონის ამოცანების გადასაწყვეტად და უფრო ტაქტიკურ ხასიათს ატარებდა. ამ არმიების პირობებში ბრძოლით დაზვერვაში ორთავე მიმართულებაზე მინიმუმ თითო ბრიგადა უნდა გადასულიყო შეტევაზე. საბრძოლო მოქმედებები ორი მიმართულებით დაიწყო. ჩრდილოეთიდან ეს იყო ტერტერ-აგდერინის, ხოლო სამხრეთიდან ფიზული-გორადის მიმართულებები. ეს ყარაბაღის პოზიციიდან ყველაზე მოწყვლადი მიმართულებებია. 2014 წლის შემოდგომით დაპირისპირება აგდამის მიმართულებით განახლდა. მაშინ ეს აზერბაიჯანის ინტერესებში არ უნდა ყოფილიყო, რადგან მახლობლად მისთვის სტრატეგიული ნავთობ და გაზსადენები გადის.
როგორც აღვნიშნე, საბრძოლო მოქმედებები, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ყველაზე მასშტაბური აქტივობა 1994 წლის შემდეგ, საკმაოდ შეზღუდული ძალებით მიმდინარეობდა. იყო შთაბეჭდილება, რომ ორთავე მხარე გაშველების მოლოდინში იყო. ყველაზე მყისიერი და მასშტაბური რეაქცია რუსეთის მხრიდან განხორციელდა. შედგა უმაღლესი დონის (ვ. პუტინი, ს.ლავროვი, ს.შოიგუ და სხვა) სატელეფონო საუბრები აზერბაიჯანის და სომხეთის ხელმძღვანელობასთან, რასაც მოჰყვა ასევე ინტენსიური ვიზიტები რუსეთის მხრიდან. რამდენიმე დღეში ბაქოსა და ერევანში ვიზიტები განახორციელეს ს. შოიგუმ და ნ. პატრუშევმა, ს. ლავროვმა (6 აპრილს) და დ. მედვედევმა (7-8 აპრილს). ამ ფონზე დასავლეთის ლიდერთა განცხადებები, ასევე თურქეთის პრეზიდენტის განცხადება რეგიონის უსაფრთხოების სტრატეგიასთან დაკავშირებით, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ კი ი. ალიევის ვიზიტი ანქარაში, არც ისე შთამბეჭდავი იყო. გამოჩნდა თუ ვინ ცდილობს ყარაბაღის კარტის გათამაშებით კავკასიაში უპირატესობის მოპოვებას.
ჩემი შეფასებით, რუსეთი ქმედებები გამიზნულია თურქეთის გავლენის შესუსტებისკენ, რაც აუცილებლად საქართველოზეც აისახება. ჩვენს ხელისუფლებას მართებს სერიოზულად გააანალიზოს თურქეთის პრეზიდენტის განცხადება აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის უსაფრთხოების ღერძის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ასევე უფრო სიღრმისეულ დაკვირვებას, ანალიზს და კონსულტაციებს (საექსპერტო საზოგადოებასთან, უცხოელ კოლეგებთან) მოითხოვს რუსეთის პოზიციების ცვლილებები ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებასთან, კერძოდ კი სომხური მხარის მიერ ყარაბაღის ირგვლივ დაკავებული რაიონების დათმობასთან დაკავშირებით. აზერბაიჯანის პრეზიდენტს თუნდაც აღნიშნული შვიდი რაიონის დაბრუნება დიდ პოლიტიკურ დივიდენდებს მისცემს მოსახლეობაში, რასაც ვერ ვიტყვით სომხურ მხარეზე. ოფიციალური ერევანი ასეთ გარემოებას მხოლოდ ყარაბაღის ირგვლის სამშვიდობო ძალების ჩაყენების შემთხვევაში დათანხმდება. სამშვიდობო ძალების შეყვანა რუსეთსაც აწყობს. ეს მას, პირველ რიგში, საშუალებას მისცემს კავკასიაში საკუთარი ძალები ხანგრძლივად კიდევ ერთ რეგიონში განათავსოს. თუ, რა თქმა უნდა, მხარეები საერთაშორისო სამშვიდობო ძალების განთავსებაზე არ შეჯერდნენ. ყველა შემთხვევაში სამშვიდობო კონტიგენტის განთავსებით მთიანი ყარაბაღი დე ფაქტო მდგომარეობას შეინარჩუნებს, აზერბაიჯანი ტერიტორიების ნაწილს დაიბრუნებს, ხოლო ყარაბაღის საკითხის გადაჭრას განუსაზღვრელი ვადით გადადებს. ასეთ ვითარებაში რუსეთი ხანგრძლივად შეინარჩუნებს გავლენას როგორც სომხეთზე, ასევე აზერბაიჯანზე. სავარაუდოდ, ყარაბაღის პარტიას ენდშპილი არ ექნება.
ფაქტია, რომ აზერბაიჯანელი ბლოგერები დღეს აქტიურად აშუქებენ საკუთარი არმიის მიერ გარკვეული ტერიტორიების დაკავებას (რასაც სომხურ მედიაშიც ადასტურებენ) და თვითონვე წერენ თუ რომელი მხარეა კონფლიქტის განახლების ინიციატორი. სომხურ მედიაში კი რუსეთის მიმართ უარყოფითი პუბლიკაციები იბეჭდება. ერევანში საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლებზეც ძირითადად რუსეთ-აზერბაიჯანის იარაღით ვაჭრობა გაპროტესტდა. აღსანიშნავია, რომ ამ დღეებში, ერევანში რუსეთისა და სომხეთის დეპუტატები შეიკრიბნენ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომისიაზე. კომისიის მუშაობა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და საბოლოო პროტოკოლს რუსმა დეპუტატებმა ხელი არ მოაწერეს. საინტერესოა რუსეთის მთავრობის პოზიცია ორთავე მხარესთან იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით. როგორც დ. მედვედევმა განაცხადა, იარაღის ორთავე მხარისთვის მიყიდვას შემაკავებელი ფაქტორი აქვს. ახლო პერსპექტივაში რუსეთის ძალისხმევა მიმართული იქნება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკუთარი სცენარით წარმართვის მიმართულებით. ახალი ცხელი წერტილების გაღვივებას ან შექმნას რუსეთი მოერიდება. თუმცა, როგორც ჩანს, პროვოკაციების მეშვეობით მუდმივ ტონუსში ეყოლება მსოფლიო. რუსული გამანადგურებლების პროვოკაციული ფრენები ხან დიდ ბრიტანეთთან, ხან აშშ-თან მიმართებაში ყოველგვარ ზღვარს სცდება. მსგავს უხეშ ქმედებებს სსრკ-ს მხრიდანაც კი არ ჰქონია ადგილი. აპრილის დასაწყისში იყო მოსაზრებები, რომ ყარაბაღის თემის გააქტიურებით მოსკოვმა თბილისისკენ გამოგზავნა გარკვეული სიგნალები და მინიშნებები. ამ ლოგიკით შეიძლება იგივე შეფასება მივცეთ დონბასში, ყირიმში და სირიაში რუსეთის ქმედებებს. რუსეთს ასეთი თემები არ გამოელევა და არც საქართველოზე ზეწოლას შეწყვეტს. ჩვენ ჩვენი გზა უნდა გავაგრძელოთ. რა თქმა უნდა, ნატოს ქოლგის ქვეშ მოქცევა საკმაოდ ბუნდოვანი პერსპექტივის საკითხია. დასავლეთი ელოდება  როდის გახდება რუსეთი წიწილასავით უწყინარი და მერე მიგვიღებს ნატოშიც და ევროკავშირშიც. დადგება ეს დრო? თუმცა ჩვენს ქვეყანას სხვა გზა არ გააჩნია, გარდა არსებული კურსის გაგრძელებისა. მაქსიმალურად უნდა მოვიგოთ დრო, განვამტკიცოთ ეკონომიკა, დემოკრატიული ინსტიტუტები, სამოქალაქო საზოგადოება და ქვეყნის თავდაცვის სისტემა. თავდაცვის სისტემას რაც შეეხება, აგვისტოს ომიდან მოყოლებული დღემდე, დროს და რესურსებს ფუჭად (არარაციონალურად) ვხარჯავთ. ჩვენს ქვეყანას არ ერთი დღე და არ ერთი თეთრი ფუჭად დასაკარგი არ აქვს. საარჩევნო შემოდგომა და ზამთარი მოდის (ჩვენთან, აშშ-ში…), რის შემდეგაც წისქვილის ქვა შესაძლოა, სულ სხვაგვარად დატრიალდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები