ვითარება რუსეთში: ნაციონალური გვარდია ელიტის სამსახურში

ამირან სალუქვაძე ბრიგადის გენერალი
დიდი ანალიტიკური ნიჭი არ ჭირდება იმის დასკვნას, რომ რუსეთში ნაციონალური გვარდიის სახით მძლავრი, ახალი ძალოვანი სტრუქტურის შექმნა ხელისუფლების შენარჩუნებას ემსახურება. განვიხილოთ რუსეთში არსებული მდგომარეობის გარკვეული ასპექტები, რატომ დგას ასეთი მძლავრი ძალოვანი სტრუქტურის ჩამოყალიბების აუცილებლობა, ხოლო შემდეგ, თუ რა მონსტრი იქმნება ნაციონალური გვარდიის სახით. მოსახლეობის განწყობები, დემოგრაფიული პრობლემები, ეკონომიკის სტაგფლიაცია წინა პუბლიკაციებში გავაანალიზეთ რუსეთის მოქმედებები სირიაში. რუსეთის საკითხს შევეხეთ ასევე ყარაბაღთან დაკავშირებით. ორთავე სტატიაში რუსეთის უახლოეს მიზნებზე გვქონდა მსჯელობა. ყარაბაღის საკითხთს კიდევ ერთხელ დავუთმობ ცალკე სტატიას. რაც შეეხება რუსეთის უახლოეს ამოცანას, წესით ეკონომიკის განვითარება და სანქციების მოხსნა უნდა წარმოადგენდეს. დასავლეთის სანქციებმა, ნავთობზე ფასების ვარდნამ, სერიოზული დარტყმა მიაყენა ეკონომიკას. თუ ნავთობდოლარების ბუმის პირობებში კრემლი ახერხებდა თავდაცვის ბიუჯეტის ზრდას და სოციალური პრობლემების ჩახშობას პენსიების და ხელფასების ზრდით, დღეს რუსეთის ხელისუფლება საკმაოდ შეზღუდულია ფინანსების მხრივ.

amiran salukvadze
სირიაში საჰაერო ოპერაციების ფონზე, რუსეთის ლიდერის რეიტინგმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 85% შეადგინა. კრემლს კარგად ესმის, რომ ისეთი პოლიტიკური სისტემა, რომელიც, ფაქტიურად არ ეფუძნება კონკურენციას და ერთი პიროვნების ავტორიტეტზეა აგებული, არამდგრადია. ეკონომიკური კრიზისის და სანქციების გაგრძელების პირობებში, მოსალოდნელია სოციალური აფეთქებები.

წლების წინ ვ.პუტინმა გაუორმაგა და გაუსამმაგა ანაზღაურება ძალოვან სტრუქტურებს, ჩინოვნიკებს, გაზარდა პენსიები და მუდმივად ახდენდა მათ ინდექსირებას. დოლართან მიმართებაში რუბლის ორმაგი გაუფასურების და ინფლიაციის გამო რუსეთის მოსახლეობას შემოსავლები, როგორც მინიმუმ გაუნახევრდა. საზოგადოებრივი აზრის ფონდის გამოკითხვის შედეგად რუსეთის მოქალაქეების 80%-ზე მეტს არ ყოფნის ფული ხელფასიდან ხელფასამდე. ამ მხრივ პრობლემები არ აქვთ მხოლოდ 19%-ს. მსგავს პრობლემას იშვიათად აწყდება 39%, ხოლო 41% – ძალიან ხშირად. დაქირავებულთა 75% უკმაყოფილოა თავისი ხელფასით. გამოკითხულთა საშუალო შემოსავლები ასე ნაწილდება: დაქირავებულთა 23%-ის შემოსავალი 14 ათას რუბლზე (200 დოლარზე) ნაკლებს შეადგენს, 14-დან 20 ათას რუბლამდე (200-300 დოლარი) – გამოკითხულთა ასევე 23%, 20-დან 30 ათას რუბლამდე შემოსავალი აქვს (300-400 დოლარი) – 22%-ს. მხოლოდ გამოკითხულდა 15% იღებს 30 ათას რუბლზე (დაახლოებით 400 დოლარზე) მეტს. სხვადასხვა, მ.შ. ოფიციალური კვლევების მონაცემებით, რუსეთში 19 მილიონზე მეტი ადამიანი სასიცოცხლო მინიმუმის ზღვარზე ქვემოთ ცხოვრობს. მოსახლეობის გაღარიბების დონემ 2006 წლიდან ყველაზე დაბალ ზღვარს მიაღწია. ხელფასების ოდენობაზე წარმოდგენისთვის რამდენიმე მაგალითი მოვიყვანოთ. დიდ ქალაქებში კერძო სექტორში საშუალო ხელფასი შეადგენს 42-45 ათას რუბლს (600 დოლარს). სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში უმცროსი სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება ყველა დანამატით და წელთა ნამსახურებით 12-15 ათასი რუბლია, ხოლო საშუალო სამედიცინო პერსონალის 18 ათასი რუბლი.

არასახარბიელო მდგომარეობაა დემოგრაფიის კუთხით. ერთის მხრივ, არის დადებითი დინამიკა, როგორც შობადობის, ასევე ბავშვთა სიკვდილიანობის კლების მხრივ. მოიმატა სიცოცხლის ხანგრძლივობამ. თუმცა, აშშ-სთან და სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით დიდი ჩამორჩენაა. მეორეს მხრივ, გრძელდება მოსახლეობის დაბერების ტენდენცია.

მოსახლეობის დაბერება საერთო პრობლემაა დღევანდელ მსოფლიოში. რუსეთისთვის კი შესაძლოა საგანგაშოც აღმოჩნდეს. მცირდება შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა და ეს ტენდენცია შენარჩუნებული იქნება. ბოლო წლის განმავლობაში კლებამ 1,2 მლნ შეადგინა, ხოლო შრომისუნარიანი მოსახლეობის რიცხვმა კი 74 მლნ. 146 მილიონიანი სახელმწიფოსთვის ასეთი დატვირთვა, განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის და „ნავთობდოლარების“ შემცირების პირობებში, ფეთქებადია. ალექსეი კუდრინის განცხადებით შრომისუნარიანი მოსახლეობა ყოველწლიურად 900 ათასით შემცირდება. ოფიციალური სტრუქტურების პროგნოზით, 2020 წლისთვის 16-60 წლის ასაკის მოსახლეობა კიდევ 6-7%-ით შემცირდება. 2005 წელს 1000 სულ შრომისუნარიან მოსახლეზე მოდიოდა 587 შრომიუუნარო, ხოლო 2020 წლისთვის ეს ციფრი შეადგენს 837-ს. საგანგაშოა ინვალიდთა რაოდენობა. დღეს რუსეთში ყოველი 10-ე მოსახლე ინვალიდია. მათი რაოდენობა მატულობს შრომისუნარიანი ასაკის ჯგუფშიც. შრომისუნარიანი მოსახლეობის კლებაზე გავლენას ახდენს ალკოჰოლიზმი, კრიმინალი, ნარკომანია, საგზაო შემთხვევები და სხვა. მხოლოდ 2015 წელს ზემოთჩამოთვლილი ფაქტორების გამო, ანუ არაბუნებრივი მიზეზით 164 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. კრიტიკულია მოსახლეობის განაწილება რუსეთის ტერიტორიაზე. ზოგიერთ რეგიონში, კვადრატულ კილომეტრზე 1 ადამიანი ცხოვრობს, მაშინ როცა ეს ციფრი რუსეთის ცენტრალურ რეგიონში 60-ს შეადგენს. იმატა ურბანიზაციამ. ქალაქის მოსახლეობამ დღეს 74% შეადგინა, როცა 1914 წელს 14% იყო. რფ-ის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ ვ. პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „საუბარი სტაგფლიაციაზე უადგილოა“. სტაგფლიაცია ეს ისეთი ვითარებაა, როცა ინფლიაცია და ეკონომიკის დეპრესიული მდგომარეობა, სტაგნაცია, ერთმანეთს ერწყმის (სტაგნაცია+ინფლიაცია). არის თუ არა რუსეთში ასეთი მდგომარეობა, ეკონომისტების დასადგენია, მაგრამ თვითონ თემის წამოწევა რუსეთის პრეზიდენტთან მიუთითებს ეკონომიკის არასახარბიელო მდგომარეობაზე. ეს კი იმ დემოგრაფიულ პირობებში, რაც ზემოთ აღვწერეთ, კრიტიკულია. ნაციონალური გვარდია თუ სახელმწიფოს ხერხემალი? ახალი რეორგანიზაციის თანახმად ძალიან შესუსტდა რუსეთის შსს. ნაციონალური გვარდია შეიქმნა შინაგანი ჯარის ბაზაზე და მის შემადგენლობაში გადავიდა შემდეგი სტრუქტურები: – ОМОН – Отряд мобильный (ადრე милиции) особого назначенияб განსაკუთრებული დანიშნულების მობილური რაზმი. მისი დანიშნულებაა მასობრივი ღონისძიებების დაცვა და არეულობების წინააღმდეგ ბრძოლა (ბრძოლა და არა აღკვეთა). – СОБР – Специальный Отряд Быстрого Реагирования, სწრაფი რეაგირების სპეციალური რაზმი. რაზმის დანიშნულებაა შეიარაღებული და საშიში დამნაშავეების შეპყრობა. – არაუწყებრივი დაცვა – სალიცენზიო სტრუქტურები – ფედერალური უნიტარული საწარმო „ოხრანა“ (დაცვა) – შსს-ს ავიაცია.
შსს-ს დაუბრუნდა ორი სტრუქტურა, საემიგრაციო და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის კონტროლის სამსახურები, რომლებთაც მინისტრის მოადგილეები გაუწევენ კურირებას. ორთავე სამსახური საკმაოდ დიდ კორუფციასთანაა დაკავშირებული და, ეტყობა, გარკვეულწილად დაბალანსდა ჩინოვნიკთა გავლენის სფეროები. მიუხედავად ამ ორი სამსახურის დაბრუნებისა, შსს საკმაოდ შესუსტდა. მას ასევე დარჩა ГИБДД, (ანუ ჩვენებურად პატრული. თუმცა პატრულს ვერ შევადარებ, რადგან, რაც არ უნდა დაარქვან ГАИ-ს რუსეთში, მაინც ГАИ-ს მიიღებენ), სისხლის სამართლის სამძებრო, ექსპტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, ეკონომიკური უსაფრთხოების და ტრანსპორტის პოლიციის სტრუქტურები. ნაციონალური გვარდიის ხელმძღვანელად გენერალ-პოლკოვნიკი ვიქტორ ზოლოტოვი დაინიშნა. მოკლე ცნობა გენერალ ზოლოტოვის შესახებ. მან სავალდებულო სამსახური „კგბ“-ს სასაზღვრო ჯარში გაიარა, რომლის შემდეგაც სამსახური სსრკ-ს სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტში გააგრძელა. 90-იან წლებში ის სანქტ-პეტერბურგის მერის ანატოლი სობჩაკის დაცვის წევრად დაიქირავეს, რა დროსაც დაუახლოვდა ვლადიმერ პუტინს. უკანასკნელის გაპრეზიდენტების შემდეგ ვ. ზოლოტოვი დაინიშნა რფ-ის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად. გენერალი ზოლოტოვის შესახებ უამრავი ინფორმაცია მოიძებნება. თუმცა ყველაზე საინტერესო გამოცემა „ნოვაია გაზეტა“-ს მიერ გავრცელებული საბუთები იყო, რომელთა მიხედვითაც ვიქტორ ზოლოტოვი და მისი ოჯახის წევრები უზარმაზარ ქონებას ფლობენ. ამ ჩამონათვალიდან საინტერესოა 171 და 161 კვ.მეტრის ელიტური ბინები მოსკოვში, 188 კვ.მ კოტეჯი სოჭში, 676 კვ.მ სახლი ბარვიხაში, 958 კვ.მ სახლი გელენჯიკში, 495 კვ.მ ბინა მოსკოვში, რომელ კორპუსშიც კვადრატული მეტრი 10 ათასი დოლარი ღირს, ე.წ. მიქოიანის აგარაკი ზუბალოვო-2-ში და ა.შ. ამ ბოლოს ე.წ. პანამის საბუთების გამოქვეყნებამ სერიოზული აჟიოტაჟი გამოიწვია. ეტყობა, რუსეთის სპეცსამსახურებს ჰქონდათ წინასწარ ეს ინფორმაცია და დიმიტრი პესკოვმა წინასწარ დააანონსა, რომ იგეგმება კომპრომატების შემოგდება ღია წყაროებშიო. სტრატფორის ანალიტიკოსების მოსაზრებით, ვლადიმერ პუტინს სახელმწიფო გადატრიალების შიში აქვს და ნაციონალური გვარდიის შექმნა სწორედ ამას ემსახურება. არ მინდა ხისტად არ დავეთანხმო ასეთ გავლენიან ანალიტიკურ ცენტრს. უბრალოდ, ჯერ-ჯერობით წარმოუდგენლად მიმაჩნია ვინ უნდა შესძლოს რუსეთში სამხედრო გადატრიალება. რუსეთში ტრადიციულად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თავდაცვის მინისტრის პოზიციას. დღეს არა მგონია, რომ ვ. პუტინს სერგეი შოიგუ ან გენერალიტეტი განუდგეს, რომლებიც ისევე „დაკმაყოფილებულები“ არიან, როგორც გენერალი ზოლოტოვი. ვერც სპეცსამსახურების მხრიდან ვხედავ იმის საშიშროებას, რომ რუსეთის პრეზიდენტს საფრთხე შეექმნას. შესაძლოა გარკვეული უკმაყოფილება იყოს 90-იანების ოლიგარქების მხრიდან. თუ ფრობსის ახალ სიებს გადავხედავთ, რუსეთში ბევრი ახალი მილიარდერი და მულტიმილიონერი გამოიკვეთა, რომლებმაც გადაუსწრეს 90-იანების პლეადას. თუმცა, ხელისუფლების წინააღმდეგ მახვილს ისინი ვერ გაიშვერენ. სულ სხვაა უკმაყოფილო მოსახლეობა. მუდმივად იმ გარე მიღწევებით (მიღწევებს რუსეთის პოზიციიდან ვწერ. თორემ ხშირად კამათს იწვევს ხოლმე ეს შეფასება. რუსეთის ხელისუფლება და მოსახლეობა თვლის მიღწევებად, რასაც ჩამოვთვლი), რომლებსაც ხშირად ახსენებენ მოსახლეობას, ესაა ყირიმის თემა, სირიის ოპერაცია და სხვა, ვერ გამოკვებავ მოსახლეობას. ფაქტია, რომ სოციალური ფონი ძალიან მძიმეა. მოსახლეობა უკმაყოფილოა თავისი ყოფით. კრემლი ხედავს, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გარეშე ეს პრობლემები სულ უფრო და უფრო გამძაფრდება. თუ კიდევ გავააანალიზებთ ნაცგვარდიის შემადგენლობას, ის ზუსტად მოსახლეობის დაშოშმინების მიზნით შეიქმნა. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც მის ერთ-ერთ დანიშნულებად გაცხადდა, მხოლოდ შირმაა. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ყველაზე ეფექტიანად შეუძლია სპეცსამსახურებს (ФСБ, СВР) და შსს-ს. წესით უნდა მომხდარიყო ამ სტრუქტურების გაძლიერება. მოხდა პირიქით, შსს შესუსტდა. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას არ ესაჭიროება უშუალოდ პრეზიდენტის განკარგულებაში გადაცემა, მინისტრის დაქვემდებარება სრულიად საკმარისია. ასევე გაუგებარია ნაცგვარდიის ამოცანად ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლა, როცა ФСКН (ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის კონტროლის ფედერალური სამსახური) შსს-ს შემადგენლობაში დაბრუნდა, ხოლო ნაცგვარდია ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდა. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას წინ უძღვის ინფორმაციების მოპოვება, ანალიზი, ქსელის გამოვლენა და ა.შ. СОБР მხოლოდ ოპერაციის ბოლო ეტაპზე ერთვება. სახეზე გვაქვს რეფორმა, რომელიც იმის ინდიკატორია, რომ კრემლი შიდა არეულობების მოლოდინშია. ამ ვითარებაში, რუსეთის ხელისუფლების ძალისხმევა მიმართული იქნება ეკონომიკაზე, რომლის განვითარებაც სანქციების პირობებში საკმაოდ გაუჭირდებათ. შესაბამისად, ძალისხმევას გააძლიერებენ დასავლეთთან, კერძოდ აშშ-სთან ურთიერთობებზე სანქციების მოხსნის მიმართულებით. ეს გარემოება, გარკვეულწილად ამცირებს რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებს. ეს პერიოდი, სავარაუდოდ 2017 წლის გაზაფხულამდე გასტანს. ამ ანალიზს ვეყრდნობოდი, როცა ვივარაუდე, რომ ყარაბაღის ნაპერწკალი ცეცხლში არ გადაიზრდებოდა. ყარაბაღის თემას შემდეგ პუბლიკაციაში განვიხილავთ. წინამდებარე სტატიას კი იმით დავამთავრებთ, რომ შედარებით მშვიდი პერიოდი გამოვიყენოთ სახელმწიფოს განმტკიცებისთვის, არმიის საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად და ევროინტეგრაციული პროცესების გასაღრმავებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები