ქართული პოლიტიკური ძალაუფლების შედეგები

 

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა ძალაუფლების რესურსის შეფასების საფუძველზე შეიძლება აღინიშნოს, რომ პოლიტიკური სივრცე საჭიროებს რადიკალურ რეფორმირებასა და ახალ პოლიტიკურ რესურსს, რადგან არსებული პოლიტიკური რესურსის შედეგები უკვე მოვიმკეთ. შესაბამისად, ქართული ძალაუფლების არსებული რესურსის ფონზე, პოლიტიკური გარემო:

  • წარმოჩენილია „ქაოსის ელემენტებით“ და „დახურული სამთავრობო სივრცის სახით“, რომელიც ინერციით მოქმედებს (არ ვითარდება);
  • რესურსამოწურულია, რომელიც თავისი პროფილური ფუნქციების შესრულებას „აუთსორსინგის მექანიზმებით ახდენს;
  • წარმოდგენილია სახელმწიფოს 14,97 მლრდ დოლარის საგარეო ვალით, უმუშევრობით, იძულებითი ემიგრაციის დიდი მასშტაბით, კონფლიქტური რეგიონებით;
  • წარმოდგენილია გაუფასურებული პოლიტიკური კაპიტალით;
  • წარმოდგენილია განვითარების „პოლიტიკური სურვილებითა“ და საერო ლიდერის მოლოდინით;
  • წარმოდგენილია ეკონომიკური პოლიტიკის შედეგების შესაბამისი სტრატეგიებითა და პროგრამებით.

დღეს, პრობლემებზე ყველა საუბრობს – საზოგადოება, ბიზნეს სექტორი, პოლიტიკური პარტიები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებიც კი. „წესით“, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები უნდა საუბრობდეს მიღწევებზე, პროგრესზე, გამოწვევების დაძლევის არგუმენტირებულ ღონისძიებებზე, ოპტიმისტურ პროგნოზებსა და პრობლემების დაძლევის გზებზე. იმ შემთხვევაში, თუ პრობლემების განხილვა საჯაროდ ხდება (ერთეულ შემთხვევაში), ეს ნიშნავს, რომ დამოუკიდებლად მისი დაძლევის საკმარისი ძალა არ შესწევს.

სამწუხაროდ, ქვეყანაში, არსებული ტენდენციით ფაქტობრივად წაიშალა აღნიშნული წესები. აღნიშნულმა მოცემულობამ კი გამოწვია, როგორც პოლიტიკური რესურსის გაუფასურება, ისე ხელისუფლებისა და სახელმწიფო ინსტიტუციებისადმი  ნდობის შემცირება.

გლობალური კონფლიქტები გვიჩვენებს, რომ მალე დადგება ის დრო, როდესაც საქართველო საკუთარი პრობლემების წინაშე მარტო აღმოჩნდება. შესაბამისად, სახელმწიფოს მზადყოფნისათვის საჭიროა მარაგები და რეზერვები, რესურსები და ანტიკრიზისული გეგმები, კოორდინირებული საზოგადოება და მძლავრი სახელმწიფო სისტემა. სამწუხაროდ, არათუ მომავალი გამოწვევებისათვის ვართ მზად, არამედ დღევანდელი დღეც „ინერციით მიდის“.

აღნიშნულის თქმის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ არ გაგვაჩნია ანტიკრიზისული გეგმები, განვითარების ხელშემწყობი პროგრამები (ეფექტიანი), ეკონომიკა დამოკიდებულია უცხოურ კაპიტალზე, ქვეყანაში კარიერული წინსვლა-ზრდა დამოკიდებულია „სოციალურ კავშირებზე“, პოლიტიკური სირთულეებისაა ცალკეული დარგის რეფორმირება (საბიუჯეტო ხარჯების ზრდა არ გულისხმობს დარგის რეფორმირებას!).

ქართული პოლიტიკური გარემოს ანალიზის საფუძველზე  შეიძლება წარმოვაჩინოთ შემდეგი გამოწვევები:  მოკლე პერიოდში ქვეყნის  განვითარების პრობლემები, პოლარიზებული  საზოგადოების გაერთიანების პრობლემა, შოკებისა და გამოწვევების დაძლევა, გლობალური გამოწვევებისადმი მზადყოფნა. ასევე, სირთულეები რეფორმების გატარებაში, სირთულეები ეკონომიკურ-პოლიტიკაში.

რეფორმების სირთულე მდგომარეობს შემსრულებელთა კომპეტენციებში, უნარ-ჩვევებსა და ძალაში. ხაზგასასმელია, რომ თუ კონკრეტულ პოლიტიკურ ისტბლიშმენტს არ შეუძლია სფეროს მოწესრიგება, ეს არ ნიშნავს, რომ ამ სფეროს მოწესრიგება შეუძლებელია. იგი შესაძლებელი იქნება ახალი პოლიტიკური ისტებლიშმენტის პირობებში.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ ცალკეული სფეროს პრობლემების სპექტრსა და დაკავშირებულ სირთულეებს. თუმცა, სამწუხაროდ, აღნიშნული სირთულეების  დაძლევის გზები ცალკეულ შემთხვევაში ბუნდოვანია. აღნიშნული განპირობებულია შემდეგი გამოწვევებით;

  • პრობლემების სრული სურათი ნათელი არაა (მაგალითად, ინტერნეტ-ბაზრის), შესაბამისად დაძლევის გზებს სწორად ვერ დასახავ;
  • განიხილება ცალკეული სფეროს პრობლემები, მაშინ როდესაც მისი რეფორმირება საერთოდ არ განხორციელებულა;
  • საუბრობენ პოლიტიკურ ცვლილებებზე, მაშინ როდესაც მათ ხელში იყო პოლიტიკური ცვლილებების ინსტრუმენტები (4 წლის განმავლობაში) და არ გამოიყენეს;
  • განიხილავენ ქვეყნის განვითარების სტრატეგიებს, როდესაც პრობლემებს უცხოელები სწავლობენ და  სტრატეგიასაც ისინი წერენ;
  • განიხილავენ კადრების დეფიციტის პრობლემებს, მაშინ როდესაც სახელმწიფო უწყებები იგნორირებას უკეთებს ადგილობრივ კადრებს, ახალგაზრდა სპეციალისტებსა და დოქტორის ხარისხის მქონე პირებს;
  • განიხილავენ სახელმწიფოს კეთილდღეობის ხელშემშლელი გლობალურ ფაქტორებს, მაშინ როდესაც ლოკალური ფაქტორები დაძლეული არაა;
  • განიხილავენ ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის საჭიროებას არსებული პოლიტიკური ძალების მოდიფიკაციის ხარჯზე;
  • განიხილავენ სახელმწიფოს მშენებლობას ისევ იმ რესურსით, რომლის „შედეგებსაც ვიმკით“.

 

ყველაფერი იზომება შედეგებით. მმართველობის ეფექტიანობას თუ  შემოსავლებით, კეთილდღეობის მაჩვენებლებითა და სახელმწიფოს მშენებლობის მასშტაბებით გავზომავთ, აღმოჩნდება, რომ დაგეგმილი და მოსალოდნელი  შედეგები ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდება. ასეთი შედეგი კი  ახალ რესურსსა და პოლიტიკურ ცვლილებებს საჭიროებს .

ქვეყანაში, პოლიტიკური გარემოს ცვლილების არგუმენტს წარმოადგენს შემდეგი ფაქტორი:

  • მშვიდობიანი მსოფლიოს პირობებში საქართველოს განვითარება და მდგრადობა ჯეროვანი არ იყო, შესაბამისად, კონფლიქტური კავკასიის შემთხვევაში არსებული პოლიტიკური რესურსი არ იძლევა მდგრადობის მყარ გარანტიებს;
  • ვიცით არსებული პოლიტიკური რესურსის სოციალურ-ეკონომიკური, ტექნოლოგიური და პოლიტიკური შედეგები, შესაბამისად საჭიროა ახალი რესურსი, ახალგაზრდა ძალა და ენერგია, ახალი მიღწევებისა და პროგრესის მიღწევისათვის;
  • ჩვენ გვინდა შევქმნათ ევროპული ტიპის ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფო, რომელშიც ევროპული და ევროატლანტიკური ანალოგიის საკადრო პოლიტიკა და რესურსი იქნება. ფაქტობრივად, უნდა მოხდეს საკადრო პოლიტიკის წარმოება დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, რაც გულისხმობს ხელისუფლებაში მეცნიერ-მკვლევარების როლის ზრდას;
  • ქვეყანას ჰყავს სულიერი ლიდერი და ველოდებით საერო ლიდერის „წარმოჩენას“, რომელიც შეძლებს საზოგადოების გაერთიანებას და მძლავრი სახელმწიფო სისტემის შექმნას.

ჩვენ ვცდილობთ „მეცნიერული მიდგომებით“, კვლევებით, ანალიზით, სტრატეგიების შემუშავებითა და პროგრამების წარდგენით საზოგადოების ყურადღების მიპყრობას. გვინდა ქვეყანაში : ერთგვარ სტანდარტად იქცეს სახელმწიფო პრობლემების გადაჭრა  საზოგადოების სამივე სექტორის თანამშრომლობით (განსაკუთრებით ახალგაზრდა მეცნიერ-მკლევარების რესურსის გამოყენებით); მინიმუმამდე დავიდეს „სუბიექტური შეფასებებითა“ და ზოგადი ფრაზეოლოგიით ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის პრაქტიკა; სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირთა სიტყვას, შეფასებებსა და პროგნოზს ჰქონდეს „პოლიტიკური ძალა“.

დასასრულს, ვიტყვით, რომ საქართველოს პოლიტიკური გარემოს რეფორმირებისა და ახალგაზრდა მეცნიერებით შევსების „გასაღები“, რათქმაუნდა ღირსეული ერისკაცების ხელშია, რომელთაც სურთ „ახალგაზრდული ენერგიისა და გამბედაობის მქონე ინტელექტუალების“ ქვეყნის მმართველობაში ჩართვა.

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

რატი აბულაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები