საჰაერო ძალები: შეიარაღებული ძალების სახეობა, გვარეობა თუ უფრო ქვედა დონე?
ბოლო 10 წლის განმავლობაში ჟურნალ „არსენალში“ უამრავი პუბლიკაცია გამოვაქვეყნეთ საჰაერო ძალებთან და მის შემადგენელ კომპონენტებთან (ავიაცია და საჰაერო თავდაცვა) დაკავშირებით. საჰაერო ძალებმაც უამრავი ცვლილება განიცადა. მის თავზე, როგორც იტყვიან, წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, დანარჩენი ყველაფერი გამოიარა, ომიც და მშვიდობაც, დაშლაც და შენებაც.
მე გადავწყვიტე, რედაქციის თხოვნით, კიდევ ერთი განმარტება გავაკეთო ჩემს პოზიციასთან დაკავშირებით. ამ სტატიით ჩემს ცხოვრებაში ამ თემას და ამ ფურცელს ვხურავ, რადგან საკუთარ სპეციალისტებს ვუგულვებელყოფთ და ინსტრუქტორები გარედან მოგვყავს (შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს). დღეიდან მხოლოდ გულშემატკივრის როლში მოგევლინებით. თუმცა, გარკვეულ ანალიზს და აზრის გამოხატვას ალბათ ვერ გაგექცევი.
რატომ შევარჩიე ასეთი სათაური? სამთავე ვარიანტს თავისი ახსნა და დატვირთვა აქვს. შესაბამისად სამთავე ვარიანტის შემთხვევაში სხვადასხვაგვარად განვითარდება ავიაციაც და საჰაერო თავდაცვაც, სხვადასხვაგვარად იქნება ორგანიზებული სახეკმწიფო ავიაციის ექსპლოატაცია, საქართველოს საჰაერო სივრცეში სახელმწიფო საზღვრის და ქვეყნის მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა როგორც მშვიდობიანობის და საომარი მოქმედებების დროს.
ჯარების ცალკეული სახეობა, ესაა ოპერატიული დონე – პასუხისმგებელია ავიაციის და საჰაერო თავდაცვის გამოყენების დაგეგმვაზე, ორგანიზებასა და განხორციელებაზე მთელი შეიარაღებული ძალების, შესაბამისად, მთელი სახელმწიფოს მასშტაბით.
თუ ავიაცია და საჰაერო თავდაცვა წარმოდგენილი იქნება სახმელეთო ჯარებში, როგორც სახმელეთო ჯარების გვარეობები, ესაა ოპერატიულ-ტაქტიკური დონე და ეს გვარეობები პასუხისმგებლები იქნებიან სახმელეთო ჯარების საავიაციო უზრუნველყოფასა და საჰაერო თავდაცვაზე. სახმელეთო ჯარები ამ ამოცანების გადაჭრას მთელი სახელმწიფოს მასშტაბით ვერანაირად ვერ იკისრებს.
მესამე ვარიანტია ავიაციის და საჰაერო თავდაცვის შენაერთების (ნაწილების) გენერალური შტაბისთვის დაქვემდებარება. ამ შემთხვევაში ავიაციაც და საჰაერო თავდაცვაც დაყვანილია ტაქტიკურ დონემდე, შეიარაღებული ძალების მასშტაბით საავიაციო უზრუნველყოფის და საჰაერო თავდაცვის ამოცანების დაგეგმვა და ორგანიზება დაეკისრება გენერალურ შტაბს. ეს არაა გენშტაბის ფუნქცია.
ისმის კითხვა, ვის დაექვემდებარება სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში შემავალი მართვის უმნიშვნელოვანესი ელემენტი – ცენტრალური საკომანდო პუნქტი?
მე მესმის და სრულიად ვეთანხმები, რომ საჭიროა რესურსების ოპტიმიზაცია. მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს საქართველოს კანონებით დაკისრებული ამოცანების გაუქმების ხარჯზე.
თავდაცვის სამინისტროს აუცილებლად უნდა გააჩნდეს კომპეტენტური ორგანო, რომელიც უზრუნველყოს კანონით დაკისრებული ამოცანების შესრულებას. ჩამოვთვლი მხოლოდ ძირითად ამოცანებს:
- საჰაერო სივრცეში სახელმწიფო საზღვრის დაცვა;
- ქვეყნის მნიშვნელოვანი ობიექტების და ჯარების დაჯგუფებების საჰაერო თავდაცვა;
- საავიაციო მხარდაჭერა, საჰაერო დაზვერვა, გადაზიდვები;
- სახელმწიფო ავიაციაზე ზედამხედველობის განხორციელება.
არსებობს საქართველოს კანონი „საქართველოს საჰაერო კოდექსი“, რომლის თანახმადაც ქვეყანაში არსებული საჰაერო ხომალდები 3 ტიპად იყოფიან: სახელმწიფო, სამოქალაქო და ექსპერიმენტალური.
სახელმწიფო ავიაციას მიეკუთვნება ყველა საჰაერო ხომალდი, რომლებსაც ფლობენ თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა სახელმწიფო სტრუქტურები.
საქართველოს საჰაერო კოდექსის (ვიმეორებ, ესაა საქართველოს კანონი) თანახმად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეკისრება მთელი რიგი ფუნქციების განხორციელება.
გთავაზობთ ძირითად ამონარიდებს საქართველოს საჰაერო კოდექსიდან:
- „სახელმწიფო ავიაციის საქმიანობაზე ზედამხედველობასა და რეგულირებას ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ამ ორგანოების კომპეტენცია განისაზღვრება ამ კოდექსით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით“;
- „საჰაერო სივრცით სარგებლობის ორგანიზებას, ფრენისა და საჰაერო სივრცეში სხვაგვარი საქმიანობის კოორდინაციას უზრუნველყოფს სააგენტო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით“;
- „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურას აყალიბებს სააგენტო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით“;
- „საქართველოს ტერიტორიული წყლების ფარგლებს გარეთ შავი ზღვის აკვატორიის ღია საჰაერო სივრცეში ხომალდების ფრენის მომსახურების წესს, საჰაერო ტრასების, საჰაერო მოძრაობის მართვის არეებსა და საზღვრებს ადგენს სააგენტო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით“;
- „სახელმწიფო საჰაერო ხომალდების რეესტრს აწარმოებს, მათი რეგისტრირების. აღრიცხვისა და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების წესებს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო“;
- „საქართველოს სახელმწიფო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციას ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დადგენილი წესით“;
- „საქართველოს სახელმწიფო საჰაერო ხომალდებზე ეროვნულობის ამოსაცნობი ან სხვა ნიშნების აღნიშვნის წესს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო“;
- „საავიაციო პერსონალის შემადგენლობის სპეციალობათა ნუსხას შესაბამისად განსაზღვრავენ: ა) სააგენტო – სამოქალაქო ავიაციის პერსონალისათვის; ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – სახელმწიფო ავიაციის პერსონალისათვის“;
- „სახელმწიფო საჰაერო ხომალდის მეთაურის უფლებებს განსაზღვავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო’;
- „სახელმწიფო ავიაციის აეროდრომები საექსპლუატაციოდ გადაეცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული წესით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი“;
- „სამოქალაქო ავიაციის აეროდრომებს რეგისტრაციაში ატარებს სააგენტო, ხოლო სახელმწიფო აეროდრომებს – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო“;
- „სახელმწიფო საჰაერო ხომალდის თითოეული გაფრენა სრულდება ფრენის გეგმის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე“;
- „დასახლებულ ადგილებზე სადემონსტრაციო ფრენის წესს შეიმუშავებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო“;
- „სახელმწიფო ავიაციის სამუშაო დროისა და ფრენის დროის ნორმებს განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო“;
- „საქართველოს სახელმწიფო ავიაციაში მომხდარი საავიაციო შემთხვევისა და ინციდენტის (მათ შორის, სერიოზული ინციდენტის) სამსახურებრივ მოკვლევას ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომისია“.
როგორც ვხედავთ, ქვეყანაში არსებულ სახელმწიფო ავიაციაზე ზედამხედველობა მთლიანად აკისრია თავდაცვის სამინისტროს. ამ ფუნქციებს ვერ შეასრულებს ერთი ან ორი ადამიანი.
რთულია, როცა იმ თანამდებობის პირებს, რომლებმაც უნდა შესთავაზონ თავდაცვის მინისტრს სწორი წინადადებები, არ ესმით ეს საკითხები, არ ყოფნით კომპეტენცია მთლიანობაში წარმოიდგინონ რამდენად დიდი მოცულობის და მნიშვნელობის საქმიანობასთან გვაქვს საქმე. ზემოთ ჩამოთვლილი სათითაო ფუნქციის ახნა-განმარტებაზე, თუ ვინ, რას და როგორ აკეთებს, ცალკე სტატიის დაწერაა შესაძლებელი. ამიტომ, ამ ფორმატში მხოლოდ ჩამონათვალით შემოვიფარგლოთ.
ICAO-ს, ევროკონტროლის და NATO-ს მოთხოვნებია საჰაერო კოდექსის და სხვა მარეგლამენტირებელი დოკუმენტების ზედმიწევნით ზუსტად შესრულება.
სახელმწიფო ავიაციის ზედამხედველობის, საჰაერო სივრცის გამოყენების და საავიაციო პერსონალის ზედამხედველობის გარდა, თავდაცვის სამინისტროს აკისრია საჰაერო თავდაცვის ამოცანები, რომელსაც ასევე კომპეტენტური, ოპერატიული დონის ორგანო უნდა ახორციელებდეს და არა ბრიგადის შტაბი.
თავდაცვის სამინისტრომ დეტალურად უნდა გაწეროს სხვადასხვა რეგულაციები და ისინი უნდა მოარგოს არსებულ პოლიტიკურ სისტემას. საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში, კონკრეტულად უნდა იყოს გაწერილი ყველა პროცედურა რადარიდან პრეზიდენტამდე (უმაღლეს მთავარსარდლამდე), პრეზიდენტიდან საზენიტო კომპლექსამდე.
ამ პროცედურების გაწერის გარდა მშვიდობიანობის დროს საჭიროა საჰაერო თავდაცვის ინტერესებისათვის საბრძოლო მორიგეობის ორგანიზება, მუდმივი წვრთნები, საბრძოლო მორიგეობის წარმოების შემოწმებები. სხვაგვარად ჩვენ ვერ გავხდებით NATO-ს ერთიანი საჰაერო სივრცის ნაწილი.
მერწმუნეთ, ზემოთ ჩამოთვლილი ამოცანების შესასრულებლად თავდაცვის სამინისტროს უნდა გააჩნდეს კომპეტენტური მართვის ორგანო. ასეთი ორგანო შეიძლება იყო მხოლოდ საჰაერო ძალების სარდლობა და მისი შტაბი, რომელიც მუდმივადაა დაკავებული ამ საკითხების მოწესრიგებით. საჰაერო სივრცის სტრუქტურის მოწყობაზე, სხვადასხვა რეგულაციებზე მუდმივად მუშაობს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ზემოთ ჩამოთვლილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად. თავდაცვის სამინისტროც ამ პროცესში მუდმივად უნდა იყოს ჩართული არა როგოეც მაყურებელი, არამედ როგორც დაინტერესებული იურიდიული პირი – საჰაერო სივრცის ექსპლოატანტი და სახელმწიფო ავიაციის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი. თუნდაც ერთი საფრენი აპარატიც რომ გააჩნდეს თავდაცვის სამინისტროს, ამ საკითხების რეგულირება მაინც მოუწევს.
ავიაცია არის 90% რეგულაციები და 10% ფრენები. იგივე მიდგომაა საჰაერო თავდაცვაშიც.
კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს მზადყოფნას სრულიად საზოგადოებრივ საწყისებზე გვერდში დავუდგე თავდაცვის სამინისტროს და გავუწიო ყოველგვარი საექსპერტო მომსახურება ჩემი შესაძლებლობების და კომპოეტენციის ფარგლებში. წარმატებებს ვუსურვებ თავდაცვის სამინისტროს ავიაციის და საჰაერო თავდაცვის განვითარების საქმეში.
წყარო: ჟურნალი “არსენალი”
ამირან სალუქვაძე
ბრიგადის გენერალი