რატომ ეშინია ბიზნესს პოლიტიკური ცვლილებების?

მოახლოებული არჩევნების ფონზე, სახელისუფლებო სტრუქტურები ახალი საინვესტიციო პროექტების დაწყებას არ ელიან. აღნიშნული განპირობებულია რამდენიმე მიზეზით:

• არაპროგნოზირებადია პოლიტიკური გარემო. არჩევნებში პოტენციური გამარჯვების შანსი არსებული პოლიტიკური ისტებლიშმენტის პირობებში ძალიან მცირეა (ვგულისხმობთ უმრავლესობის შექმნას და არა პარლამენტში რამდენიმე ადგილის მოპოვებას);
• ქვეყანაში, ყველა მოქმედი პარტია აქცენტებს აკეთებდა მხოლოდ მძლავრი პოლიტიკური სისტემის შექმნაზე, მძლავრი სახელმწიფო სისტემის შექმნის ნაცვლად. აღნიშნული მიდგომით პოლიტიკური ცვლილებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ინვესტიციების მოზიდვის, ბიზნესის ხელშეუხებლობის, კანონმდებლობის ცვლილების საკითხს. შესაბამისად, ადგილობრივი თუ უცხოელი ინვესტორი პოლიტიკური კურსის გარკვევამდე ყოველგვარი აქტივობისაგან თავს იკავებს;
• ბიზნესმა და საზოგადოებამ იცის პოლიტიკური ცვლილებების სოციალურ- ეკონომიკური შედეგი. კერძოდ, ყოველი პოლიტიკური ცვლილებების შედეგად: არაპროგნოზირებადია საგადასახადო და ფინანსური გარემო, არასტაბილურია სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ზრდადია იძულებითი ემიგრაცია, დაუფასებელია შრომა და ხარისხი, არასტაბილურია შემოსავლები, არამიმზიდველია მეცნიერ-მკვლევარის საქმიანობა და, შესაბამისად, გაურკვეველია სახელმწიფოს პროგრესის ტემპი.

სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რესურსამოწურული პოლიტიკური გარემო აქტიურად განიხილავს მრავალფეროვანი პოლიტიკური არჩევანის შეთავაზების საკითხს. ხაზგასასმელია, რომ მრავალფეროვანი პოლიტიკური არჩევანის შექმნით სურთ საზოგადოებისათვის „მრავალფეროვანი პოლიტიკური გაურკვევლობის“ შექმნა. აღნიშნული მიდგომა წარმოადგენს იმ პოლიტიკურ მექანიზმს, რომლითაც:
პოლიტიკურ სივრცეში ვერ წარმოჩინდებიან ახალი სახეები, ახალგაზრდა ინტელექტუალები და პროფესიონალები (მაგალითად, მეცნიერების);
• ნოვატორული აზროვნების მეცნიერთა პოლიტიკური ჯგუფების ფორმირებასა და მათ მმართველობაში ჩართვას ხელი შეეშლება;
• არაპროგნოზირებადი გახდება მომავალი პოლიტიკური სპექტრი;
• გაურკვეველი და არაკოორდინირებული პრესპექტივის იქნება ხელისუფლების მომავალი კონფიგურაცია;
• უცვლელი დარჩება არსებული პოლიტიკური გარემო, პოლიტიკური რესურსი და მმართველობითი გარემო. არ შეფასდება სახელმწიფო სტრატეგიებისა და სამთავრობო პროგრამების შედეგები, სახელმწიფოს მიერ დასახული მიზნებისა და ამოცანების შესრულება.

იმისათვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას მძლავრი სახელმწიფო სისტემა, მიზანშეწონილი იქნება:
• რამდენიმე (2-3 პარტია) პარტიითა და ამ რამდენიმე პარტიის მრავალფეროვანი ინტელექტუალური პოლიტიკური რესურსის (იგულისხმება ახალგაზრდა პოლიტიკური სახეები) წარდგენა;
• რამდენიმე (2-3 პარტია) პარტიამ საზოგადოებას შესთავაზოს მრავალფეროვანი და ახალი პოლიტიკური ტექნოლოგიები, ქმედითი სტრატეგიები და სამთავრობო პროგრამები;
• აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ორგანოებმა (წასვლის წინ) შექმნან ისეთი მდგრადი სამართლებრივი სივრცე და გარანტიები, რომ ბიზნესი აღარ იხედებოდეს „პოლიტიკური თვალებით“ და აღარ ეშინოდეს პოლიტიკური ცვლილებების.

ამასთან, არჩევნების წინ, მიზანშეწონილი იქნებოდა, შეფასების მიზნით საზოგადოებას წარედგინოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობების პირთა საქმიანობის შედეგები:
• მმართველობითი გადაწყვეტილებების შედეგები;
• ცალკეული მმართველის მიერ სახელმწიფოში (დარგში, სამინისტროში) მიღწეული თუ მიუღწეველი შედეგების, ასევე მიყენებული ზიანის მაჩვენებლები;
• ეფექტიანი, არაფექტიანი და შეუსრულებელი სახელმწიფო პროგრამების შედეგები;
• სახელმწიფო სტრატეგიებისა და გეგმების, დაგეგმილი და საპროგნოზო მაჩვენებლები;

P.S. ჩვენი აქტივობა მიმართული არაა მხოლოდ კრიტიკასა და პრობლემების წარმოჩენაზე. ჩვენ მიერ წამოწეული საკითხები (რასაც ათეულობით სტატია მივუძღვენით) არის პრობლემების გამოწვევებისა და გადაჭრის გზების წარმოჩენა, რაც ისევ და ისევ ჯანსაღი და მძლავრი სახელმწიფო სისტემის მშენებლობას ემსახურება.

რატი აბულაძე,
ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები