“ბავშვი გარდაიცვალა” – რა პიესას წერს ყოფილი პატიმარი ციხის გაუხმაურებელ ფაქტებზე

ცნობილი ბლოგერი გიორგი ბერეჟიანი ღირსებას შეწირულ ადამიანებზე პიესას წერს. ყოფილი პატიმარი გიორგი ბერეჟიანი, რომელმაც ყოფილი ხელისუფლების პერიოდში გლდანის ციხეში ერთი წელი გაატარა, საკუთარ პიესაში იმ მოვლენებს ასახავს, რისი შემსწრეც თავად იყო. როგორც გიორგი ბერეჟიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, პიესაში ერთ-ერთ ნოველაში იმ ფაქტებს ასახავს, რაც თავად გადახდა. მისი თქმით, იგი სასჯელაღსრულების დეპარტამენტში სააკაშვილის რეჟიმის დროს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.
როგორც ყოფილი პატიმარი აცხადებს, ამ ეტაპზე პიესაში უკვე რამდენიმე ამბავი აღწერილი აქვს. თუმცა, იგი ფიქრობს, რომ ნოველა სქელკანიანი იქნება. მისი თქმით, იგი მოვლენებს 2007 წლიდან წერს. ერთ-ერთი ნოველა არასრულწლოვან პატიმარს ეხება, რომელიც იგი საპატიმროს ბადრაგებმა სასტიკი ცემის შემდეგ ციხის საავადმყოფოში მომაკვდავი მიიყვანეს. თუმცა, არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმები მის მიღებაზე უარს აცხადებდნენ.
ამბავი 1
„ერთხელ, როცა ციხის „რეზბალნიცაში“ გადახვევების შემდეგ საპროცედურო ოთახიდან გამომიყვანეს, საშინელებას შევესწარი – კომაში მყოფი არასრულწლოვანი პატიმარი მოიყვანეს, რომელსაც ექიმები არ ღებულობდნენ. ბადრაგებს ეკამათებოდნენ – სადაცაა, მოკვდება და თქვენი ნაწამები ჩვენ დაგვეწერებაო. ბადრაგი თავისას გაიძახოდა – ჯერ ხომ ცოცხალია და ჩაიბარეთო. ამ სურათის მნახველმა თავი ვერ შევიკავე – ღმერთი არა გწამთ? ბავშვი ცოცხალია და მიხედეთ, იქნებ გადარჩეს-მეთქი, ამის გამო იქვე გამისწორდნენ და ავადმყოფი კაცი დაუნდობლად მცემეს. მოგვიანებით შევიტყვე, ის საწყალი ბავშვი გარდაიცვალა“, – აცხადებს გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ცნობილი ბლოგერი.
ამავე ინტერვიუში გიორგი ბერეჟიანი გამოცემასთან იხსენებს, თუ რატომ გაუსწორდნენ არასრულწლოვანს ციხის საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები.
„ბადრაგს შეუგინებია, ამასაც გინებითვე უპასუხია. ამის გამო გალახეს, მეორე დღეს ისევ შეაგინეს, ისევ არ შეეპუა და უარესად დალეწეს. ნარზე იწვა და ძლივს სუნთქავდა, თურმე, როცა ჯალათები მესამედ მოვიდნენ და კვლავ შეურაცხყოფა მიაყენეს, იმან ლუღლუღით, მესამედაც არ დაუთმო, ჭკუა რით ვერ გასწავლეთო?! – უთქვამთ და 12 ბადრაგს აბანოში გაუთრევიათ ეს ბავშვი. იქ რაც უყვეს, კაცმა არ იცის, მაგრამ მობრუნებულმა საკნის ტუალეტში თავი ჩამოიხრჩო! სულთმობრძავი ჩამოხსნეს თანამესაკნეებმა და ბადრაგმა „რესბალნიცაზე“ გამოაქანა. იმ ცხონებულის გაუბედურებულ ოჯახს ჩივილისაც შეეშინდა და ეს ამბავი გაუხმარებელი დარჩა. ეს ამბავი 2008 წელს მოხდა. მომხდარმა ისე შემძრა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ღირსებას შეწირულ ადამიანებზე, რომელთა სიკვდილი მხოლო და მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებშია ასახული, პიესა დავწერე. ამ ბავშვის მკვლელობის გამოც არავინ დასჯილა“, – აცხადებს ცნობილი ბლოგერი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ამავე პიესაში ბლოგერი კიდევ რამდენიმე ისტორიას იხსენებს. „საკანში სხედან პატიმრები და ერთმანეთს უყვებიან თავიანთ ისტორიებს, აღმოჩნდება, რომ თითოეული მათგანი ღირსების დაცვის გამო აღმოჩნდა ციხეში, ყველა პერსონაჟს რეალური პროტოტიპი ჰყავს“, – ამბობს ბლოგერი და სწორედ ამ რეალური ისტორიების შემდეგ გადაწყვიტა მან, პიესა დაეწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები