ლაშა ხუციშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ვიცე-პრემიერ, ჰოჯამირატ გელდიმირადოვს შეხვდა.

შეხვედრაზე მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხები და რეგიონული მნიშვნელობის პროექტები.

ყურადღება გამახვილდა სატრანზიტო-ლოგისტიკური მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებსა და დაკავშირებადობის შესაძლებლობების კიდევ უფრო გააქტიურების აუცილებლობას.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო საქართველოში მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრები და საშუალოვადიანი პროგნოზები.

თავის მხრივ, თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ ისაუბრა თურქმენეთის ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები