“ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. მათთვისაც საქართველოსთან თანამშრომლობა და ურთიერთობა საკმაოდ სერიოზული შენაძენი იქნება, რაც ბოლო პერიოდში გარკვეულ ფორმებს იძენს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო, სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებთან ერთად, დღეს საკვანძო გეოგრაფიულ მდებარეობად იქცა, რომელზეც ალტერნატიულმა გზებმა უნდა გაიაროს.
“ეს გზები ახლაც გადის, თუმცა, მასშტაბი გაცილებით დიდი უნდა იყოს. რასაკვირველია, ეს ორმხრივ ურთიერთობებში განსახილველი ერთ-ერთი სერიოზული კომპონენტია. იყო სხვა თემებიც, მათ შორის საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლის საკითხები, ახლახან ამ თემაზე ერთობლივი განცხადებაც გამოქვეყნდა. გვახსოვს აშშ-ისა და საქართველოს სამხედრო ძალების თანამშრომლობის ინტენსიური ეტაპი. ეს ყველაფერი საფუძველს გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ ამ ურთიერთობებს პოზიტიური განვითარება ექნება. ეს კეთდება არა ვინმეს ნიშნის მოსაგებად ან კეკლუცობისთვის, რომ აშშ-თან ვმეგობრობთ და საერთო პოზიციებს ვავითარებთ, არამედ იმიტომ, რომ ეს ჩვენს ინტერესებშია და მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენს სტაბილურობას“, – განაცხადა ვოლსკიმ.