რუსეთის ახლოაღმოსავლური მანევრების ანალიზი
ამირან სალუქვაძე,
ბრიგადის გენერალი
ყველასგან მოულოდნელად, რუსეთის მიერ სირიიდან ძირითადი (როგორც თვითონ განაცხადეს) საავიაციო დაჯგუფების გამოყვანას, როგორც დასავლურ მედიაში, ასევე ჩვენს სოციალურ ქსელებში, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი ზედმეტად აზვიადებს რუსეთის გავლენას, ზოგი ზედმეტად აკნინებს.
ჩვენ ყოველთვის რეალურად უნდა შევაფასოთ პროცესებიც და ამ პროცესებში მონაწილე ძალებიც. ემოციები და ჩვენი სურვილები ერთია, რეალობა კი მეორე. ზოგადად, გინდ მეზობლის, გინდ მოწინააღმდეგის, გინდ მტრის არასწორი შეფასება კარგ შედეგს არ იძლევა და არც ჩვენთვის მოუტანია.
რუსეთის მიერ სირიაში განხორციელებული სამხედრო მანევრების შეფასება შეუძლებელია, თუ მას კომპლექსურად არ მივუდგებით.
უნდა გავაანალიზოთ სამი ფაქტორი:
1. რეგიონში, კერძოდ სირიის კონფლიქტში ძირითად მოთამაშეთა ინტერესები.
2. ძირითადი მხარეების (კოალიციების) პოზიციები ჟენევის მოლაპარაკებებზე სირიის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით.
3. შექმნილი ვითარება მსოფლიოში, როგორც 5 თვის წინ (რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე), ასევე დღეს.
ინტერესთა დაპირისპირება
რომელი ძირითადი მოთამაშეები იკვეთება სირიის ირგვლივ? ესენია აშშ, რფ, თურქეთი, ირანი, საუდის არაბეთი, ყატარი. რა თქმა უნდა, როგორც სირიაში, ასევე ზოგადად ახლო აღმოსავლეთში, ინტერესები გააჩნია ევროპას, ჩინეთს. სირიასთან მიმართებაში, ამჟამად, ნაკლებად საუბრობენ ისრაელზე, თუმცა ისრაელის ფაქტორიც გასათვალისწინებელია.
ექსპერტები კონფლიქტის გამომწვევ უამრავ მიზეზებზე საუბრობენ. ეთნიკურ, რელიგიურ, ტერიტორიალურ მიზეზებთან ერთად, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად უნდა განვიხილოთ დაპირისპირება ენერგორესურსების და მათი ტრანზიტის გამო.
ენერგეტიკის თემის წამოწევით არანაირად არ ვაკნინებთ სხვა მიზეზებს. სირია, ისევ როგორც ერაყი და ახლო აღმოსავლეთის ბევრი სხვა ქვეყანა, ხელოვნურად შექმნილ საზღვრებში არიან წარმოდგენილნი და მოჩვენებით სიმშვიდეს მხოლოდ დიქტატორული რეჟიმების პირობებში ინარჩუნებდნენ.
რაც შეეხება ენერგორესურსებს და ინტერესთა კვეთას ამ სფეროში, სირიას საკმაოდ მომგებიანი პოზიცია უკავია რეგიონიდან ენერგომატარებლების ევროპაში ტრანზიტის მხრივ. მიუხედავად ადრე მიღწეული შეთანხმებისა ყატარიდან გაზის ევროპაში ტრანზიტის საკითხში, რაშიც სხვა ქვეყნებთან ერთად აშშ-ის ინტერესებიც იყო, ასადმა 2009 წელს უარი თქვა ხელშეკრულების ხელმოწერაზე და საქმის დაჭერა ირანთან და რუსეთთან არჩია. ალბათ ეს საკითხი უნდა მივიჩნიოთ თუნდაც ყატარის აქტიური მონაწილეობის მიზეზად სირიის კონფლიქტში.
მოკლედ, ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების სხვა ინტერესებთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი იწერება. მაგალითად, რუსეთის სხვა ინტერესებში შედის სირიის ბაზების შენარჩუნება და მათი გაძლიერება, რადგან, ლატაკიას ბაზა, ფაქტიურად მხოლოდ ტექნიკური უზრუნველყოფის პუნქტს წარმოადგენდა და მისი ბაზად მოხსენიება მხოლოდ პირობითად თუ შეიძლებოდა. თუმცა მისი შენარჩუნება აუცილებელი იყო რუსეთისთვის. რუსეთის ერთ-ერთ მთავარ ინტერესს სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე წარმოადგენდა მინიმუმ რეგიონში მნიშვნელოვან მოთამაშედ, მაქსიმუმ კი – მსოფლიო მასშტაბის ლიდერად დაბრუნება.
თუ გავიხსენებთ ნახევარი წლის წინანდელ რიტორიკას, რუსეთის ხელმძღვანელობა, პოლიტოლოგები და ცენტრალური მედია საშუალებები მუდმივად უსვამდნენ ხაზს, რომ რუსეთი მსოფლიო დონის ლიდერია. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კი რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი წარმოადგენს რეგიონალურ სახელმწიფოს.
ეს საკითხი ძალიან აღიზიანებთ კრემლში. უცხოელ ჟურნალისტებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე ვ. პუტინმა რიტორიკულად იკითხა: რუსეთი იწყება კალინინგრადში და მთავრდება ვლადივოსტოკში. რომელი რეგიონის ლიდერი ვართ, იქეთ, სადაც გვესაზღვრება კანადა და ა.შშ, აქეთ, სადაც გვესაზღვრება ევროპა, აზიის რეგიონის, სადაც ჩინეთი გვესაზღვრება, თუ რომელი რეგიონისო?
პუტინი კარგად ხვდება, რომ მსოფლიო მასშტაბის ლიდერობა მხოლოდ გეოგრაფიული ზომებით ან მოსახლეობის რაოდენობით არ განისაზღვრება. თუმცა, რა საქონელიც აქვს, იმას ჰყიდის.
რუსეთის საჰაერო იერიშების დაწყების შემდეგ, რუსული მედია მუდმივად ატრიალებდა ობამა-პუტინის პირისპირ შეხვედრის კადრებს იმ რეალობის დახატვის მიზნით, რომ თითქოს ეს ორი ლიდერია წამყვანი მსოფლიო პოლიტიკაში.
დანარჩენი სახელმწიფოების, განსაკუთრებით თურქეთის, ირანის და საუდის არაბეთის ეთნიკურ, რელიგიურ თუ სხვა სახის ინტერესებსა თუ დაპირისპირებებზე უამრავი პუბლიკაცია არსებობს. ამიტომ ინტერესთა დაპირისპირებების საკითხი ამით ამოვწუროთ.
სირიის ირგვლივ შექმნილი კოალიციები და მათი პოზიციები
სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებიდან სამი ძირითადი მხარე შეიქმნა:
– აშშ,
– რფ და ირანი,
– თურქეთი, საუდის არაბეთი და ყატარი.
განვიხილოთ რა პოზიციებით წარსდგნენ მხარეები ჟენევის მოლაპარაკებებზე, ანუ რა საკითხების ირგვლივ იყო ძირითადი წინააღმდეგობები? ესნია:
– კონფლიქტის ძალისმიერი თუ პოლიტიკური გზით გადაჭრა,
– ასადის გადაგდომა თუ არჩევნებამდე თანამდებობაზე დარჩენა,
– ოპოზიციის მხარდაჭერა/გაძლიერება თუ შესუსტება,
– PYD-ის (პარტია დემოკრატიული კავშირი) დაშვება თუ არდაშვება მოლაპარაკებების მაგიდასთან.
ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებების მსვლელობა და მისი შედეგები ცნობილია. მხოლოდ აღვნიშნავ, რომ ამ საკითხებზე მხარეებს სხვადასხვა პოზიციები ჰქონდათ. მოლაპარაკებები კი რუსეთის საჰაერო იერიშების ფონზე მიმდინარეობდა, რამაც გარკვეული ზეგავლენა იქონია შედეგებზე. მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც არ ეხება ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს. რამდენად იმუშავებს ეს შეთანხმება ერთია. ფაქტია, რომ ამ შეთანხმებაზე რუსეთის გავლენა საკმაოდ დიდი აღმოჩნდა.
ვითარება რუსეთის საჰაერო ოპერაციის დაწყებამდე
რუსეთის საჰაერო იერიშების წინმსწრებ ფონად მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ისლამური სახელმწიფოს მზარდი საფრთხე, პერმანენტული ვიდეომიმართვები და ტყვეების მასობრივი საჩვენებელი მკვლელობები მსოფლიო საზოგადოების დაშინების მიზნით, ასევე დევნილთა მასშტაბების ზრდა და ევროპაში მიგრანტთა მიერ სერიოზული კრიზისის, ზოგან ქაოსის გამოწვევა.
ერთ-ერთი მთავარი ფონი, რაც წინ უსწრებდა რუსეთის 5-თვიანი სამხედრო კამპანიის დაწყებას, ეს იყო ნავთობზე ფასების კატასტროფული და არაპროგნოზირებადი ვარდნა მკაცრი დასავლური სანქციების პირობებში, რამაც რუსეთის ეკონომიკის სტაგნაცია გამოიწვია.
საჰაერო ოპერაციის დაწყების წინა პერიოდში ქაოტური ხასიათი მიიღო რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის რუსი გოგონების არალეგალურად სირიაში გამგზავრებამ, რომლებიც შემდეგ ისლამური სახელმწიფოს მხარეზე გადადიოდნენ.
მნიშვნელოვანია საავიაციო ტერაქტის გახსენება, რომელიც რუსეთის საავიაციო იერიშების საპასუხოდ განხორციელდა და რომლის დროსაც სინაის ნახევარკუნძულზე აერობუსი A-320 იქნა აფეთქებული. კატასტროფის შედეგად რუსეთის 224 მოქალაქე დაიღუპა. რუსეთის ხელისუფლებამ ეს შემთხვევაც და ადრინდელი მუქარებიც საჰაერო ოპერაციების გასამართლებლად გამოიყენა.
საჰაერო იერიშები რუსეთის საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა 2015 წლის 30 სექტემბერს დაიწყო. მიუხედავად აშშ-ის და ნატო-ს გაფრთხილებისა იერიშების დაწყების შესახებ, რუსეთის არმიის ასეთი მასშტაბური მოქმედებები მოულოდნელი აღმოჩნდა დასავლეთისთვის. ეს მკაფიოდ გამოიხატა ბევრი სამხედრო და პოლიტიკური მაღალჩინოსნის განცხადებებში. ერთ-ერთ განცხადებაში ისიც ითქვა, რომ მათ გამოეპარათ რუსეთის არმიის აღმავლობა.
რუსეთის არმიის მოულოდნელ, მასშტაბურ და ეფექტიან მოქმედებებს (რამდენად მასშტაბური და ეფექტიანი იყო, ქვემოთ განვიხილოთ) ავიაციის, ფლოტის და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით, მათ შორის კასპიის ფლოტილიის მონაწილეობით, ვუკავშირებ გარკვეულ დაბნეულობას დასავლეთის მოქმედებებში. საფრანგეთი და გერმანია ლამის რუსეთის მოკავშირეები გახდნენ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში. შემდგომში, თანდათან ყველაფერი დალაგდა.
ახლა უფრო სრულად თუ რა მიზნებს ისახავდა კრემლი საჰაერო ოპერაციის მეშვეობით. რუსეთის საჰაერო ოპერაცია ემსახურებოდა როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საგარეო მიზნებს. კერძოდ,
ა) შიდა მიზნები:
– რუსეთის მოქმედი ლიდერის პოპულარობის და მისი რეიტინგის გაზრდა. ვ. პუტინი პერიოდულად მსგავსი ძალისმიერი ოპერაციებით საკმაოდ წარმატებით ახდენს საკუთარი თავის პოპულარიზაციას რუსეთის მოსახლეობაში. გავიხსენოთ აგვისტოს ომი, დონბასი, ყირიმის მიერთება. მიუხედავად მძიმე ეკონომიკური ვითარებისა, ეს ხერხი კარგად მუშაობს.
– ისლამური სახელმწიფოს სახით კიდევ ერთი გარე მტრის ხატის შექმნით, საკუთარი ძალაუფლების და უსაფრთხოების სისტემის განმტკიცება და კონტროლის მექანიზმების გამკაცრება.
– ეკონომიკური პრობლემებიდან მოსახლეობის ყურადღების გადატანა. ამ მიზნის მისაღწევად ომი ერთ-ერთ ეფექტიან გზად მიიჩნევა,
– ტერორისტული საფრთხის შემცირება,
– რუსეთის არმიის საბრძოლო შესაძლებლობების შემოწმება და გაძლიერება.
ბ) საგარეო მიზნები:
– როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთის დაბრუნება მსოფლიო მასშტაბის მოთამაშედ,
– სირიაში ასადის რეჟიმის თუნდაც დროებით გადარჩენა და ქვეყანაში საკუთარი გავლენის შენარჩუნება,
– ახლო აღმოსავლეთში დაბრუნება ამ მოტივით და სამხედრო დაჯგუფების გაძლიერება,
– რეგიონში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ჯარების გააქტიურებით, ნავთობის ფასებზე ზეგავლენის მოხდენა,
– ისლამური სახელმწიფოს მხრიდან რუსეთის მისამართით მოსალოდნელი საფრთხის განეიტრალება ან შემცირება,
– „სავაჭრო“ თემის შექმნა აშშ-სთან, ევროპასთან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, როგორც რეგიონულ, ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებით,
– რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკური ნების და არმიის შესაძლებლობების დემონსტრირება,
– პოსტსაბჭოთა ქვეყნების მისამართით გარკვეული სიგნალების გაგზავნა (გ. კარასინის ბოლო განცხადება ზუსტად ამ ჭრილში ჯდება).
რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ჯარების მოქმედებების ანალიზი
რუსეთის მიერ 2015 წლის აგვისტოში სირიის ხელისუფლებასთან გაფრომდა შეთანხმება საავიაციო დაჯგუფების განლაგების შესახებ. ძირითადი იურიდიული დოკუმენტი, რის საფუძველზეც რუსეთი მოქმედებდა სირიაში, არის 1980 წელს გაფორმებული ხელშეკრულება: მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შესახებ.
შეიქმნა შერეული საავიაციო დაჯგუფება 50-მდე საფრენი აპარატის შემადგნლობით: 16 სუ-24 და სუ-25, 14 სუ-34, 4 სუ-30სმ, სხვადასხვა ტიპის შვეულმფრენები. შემდგომში დაჯგუფება 69 საფრენ აპარატამდე გაიზარდა. აქტიურად გამოიყენებოდა უპილოტო საფრენი აპარატები, ძირითადად სადაზვერვო ამოცანებისთვის. კასპიის ფლოტილიიდან გამოყენებული იქნა ფრთოსანი რაკეტები.
ავიაციასთან ერთად შეიქმნა საჰაერო თავდაცვის დაჯგუფება შემდეგი შემადგენლობით: რუსული ბუკ-2მე, პანცირ-ს1, ასევე, რუსების დახმარებით აღდგენილი იქნა სირიის საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფები ს-200, „ოსა“, ს-125. შემდგომში სირიაში გადასროლილი იქნა საზენიტო სისტემა ს-400 „ტრიუმფი“. საჰაერო თავდაცვის ინტერესებისათვის მოქმედებდა სარაკეტო კრეისერ „მოსკოვზე“ განთავსებული საზენიტო კომპლექსი „ფორტი“.
საჰაერო ოპერაციის დასაწყისისთვის სირიის საზღვაო აკვატორიაში შეიქმნა რუსეთის სხვადასხვა ფლოტებისგან მძლავრი საზღვაო დაჯგუფება.
სადაზვერვო ამოცანებისათვის აქტიურად გამოიყენებოდა კოსმოსური ორბიტალური დაჯგუფება, რაც რუსეთის და სსრკ-ს ისტორიაში ასე თვალსაჩინოდ პირველად მოხდა. კოსმოსის ტემას ცალკე რომ არ დავუბრუნდეთ, მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთ-ერთი ძვირადღირებული „სიამოვნებაა“, რუსეთი ახერხებს ორბიტალური დაჯგუფების გაზრდას. ბოლო წლებში ორბიტალური აპარატების რაოდენობა 50-მდე გაიზარდა, რამდენიმე წელში კი იგეგმება 79-მდე გაზრდა. ეს კი უკვე სერიოზული დაჯგუფება იქნება.
ასევე, შეიძლება ითქვას, რომ სსრკ-ს ისტორიაშიც კი, მაშინდელ ლოკალურ ომებსა და შეიარაღებულ კონფლიქტებში, საჰაერო ოპერაციები არ განხორციელებულა. სსრკ ყველა კონფლიქტში, ძირითადად, საჰაერო თავდაცვის სფეროში ეხმარებოდა მის მოკავშირეებს.
აქვე აღსაღნიშნავია, რომ სირიაში საჰაერო ოპერაციის დაწყების პარალელურად რუსეთმა საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება და მასშტაბური მანევრები ჩაატარა დასავლეთის, სამხრეთ და ცენტრალურ სამხედრო ოლქებში, რითაც მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ სირიაში გადასროლილი საავიაციო და საზღვაო დაჯგუფების გარდა, მას საკმაო ძალები გააჩნია სხვა ამოცანების გადასაჭრელად.
ოპერაციის მიზნად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებების განადგურება დასახელდა. როგორც დასავლური მედია წერდა, რუსეთის ავიაცია მეტწილად ასადის ოპოზიციის დაჯგუფებებს ბომბავდა. თუმცა „ისლამური სახელმწიფოს“ შესაძლებლობები და აქტივობები, როგორც სირიაში, ასევე მსოფლიოში, საგრძნობლად შემცირდა.
რუსეთის დახმარებით ასადმა შესძლო სტრატეგიული ინიციატივის მოპოვება და დაიწყო პოზიციების დაბრუნება, ტერიტორიების გაწმენდა როგორც „ისლამური სახელმწიფოს“, ასევე ოპოზიციური ძალებისაგან. დღესაც მიმდინარეობს სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქის პალმირასათვის ბრძოლები. ასადის ჯარებმა უკვე დაიკავეს ქალაქის მისადგომები.
ჩვენ არ შევუდგებით სტატისტიკის (განადგურებული მიზნების რაოდენობა, დანაკარგები, განხორციელებული ფრენების რაოდენობა და სხვა) დეტალურ განხილვას. ეს ციფრები მეტწილად დაწერილია. ახლა ექსპერტები, ანალიტიკოსები დააჯამებენ ამ მონაცემებს და პერიოდულად ვიხილავთ ანალიტიკურ პუბლიკაციებს როგორც რუსულ, ასევე დასავლურ მედიაში.
მხოლოდ ერთს აღვნიშნავ, რომ მიუხედავად რუსეთის მხრიდან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ვიზუალური ეფექტების მეშვეობით საკუთარი ძალების ეფექტიანობის გაბუქებისა, თუ შევადარებთ აშშ-ის და ნატოს მიერ განხორციელებულ ოპერაციებს ერაყში (რამდენიმე კამპანია) ან იუგოსლავიაში, მათი მასშტაბების შედარება სასაცილოა.
მაგალითად, იუგოსლავიის კონფლიქტის დროს აშშ-ნატო-ს დაჯგუფებამ თავიდან 500 საფრენი აპარატი შეადგინა, ხოლო კონფლიქტის მიწურულს 1200-მდე იქნა მიყვანილი. საბრძოლო გაფრენების ინტენსიობა საშუალოდ შეადგენდა 2-3 გაფრენას დღე-ღამეში, ცალკეულ შემთხვევებში კი უფრო მეტს.
თუ შევადარებთ რუსეთის მასშტაბებს, არა მგონია აშშ-ის ან ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკურ წრეებში 70 საფრენი აპარატისგან შემდგარ დაჯგუფებას რაიმე სერიოზული შიში გამოეწვია. რაც შეეხება ფრენების ინტენსიობას, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით დღე-ღამეში 80 გაფრენამდე აღწევდა, რაც ნიშნავს, რომ ერთი ეკიპაჟი საშუალოდ 1,1 გაფრენას ახორციელებდა. თებერვლისთვის ინტენსიობა 30-მდე შემცირდა (0,5 გაფრენა დღე-ღამეში ერთ ეკიპაჟზე).
თუ ეს მასშტაბები დასავლეთზე ვერ ახდენს ზეგავლენას, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენთვის რუსეთის შეიარაღებული ძალები სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს, როგორც ამას ზოგიერთი ექსპერტი აჟღერებს. ეს ცალკე თემაა და ამ მიმართულებით არ ჩაღრმავდებით.
დასავლური მედია აქტიურად წერს რუსეთის ავიაციის ქმედებებისგან გამოწვეული სამოქალაქო მსხვერპლის შესახებ, თუმცა რუსული მხარე ამას უარყოფს. როგორც რუსები ამბობენ, ცეცხლი კვამლის გარეშე არ არსებობს.
მოკლედ, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ თუ შემოდგომით მთელი მსოფლიო განგაშით შესცქეროდა სირიაში და მთლიანად ახლო აღმოსავლეთში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხრიდან მომავალ მზარდ საფრთხეს, დღეს მიღწეულია სამშვიდობო შეთანხმება (რამდენად იმუშაებს, ეს მეორე საკითხია) და „ისლამური სახელმწიფოზე“ მეტად, ევროპას მიგრანტთა რაოდენობით გამოწვეული პრობლემები ადარდებს.
იყო საშიშროება, რომ თურქეთის და საუდის არაბეთის მხრიდან სახმელეთო ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში ფართომასშტაბიანი რეგიონული ომი მიგვეღო, რომელშიც დიდი ალბათობით რუსეთიც ჩაერთვებოდა (სავარაუდოდ არარეგულარული ქვედანაყოფებით), თუმცა ეს არც დასავლეთის, არც რეგიონის ქვეყნების ინტერესებში არ შედიოდა.
რომელი მიზნების მიღწევა შესძლო რუსეთმა.
შიდა მიზნებიდან კრემლმა ფაქტიურად ყველას მიაღწია. რუსეთის ლიდერი, მიუხედავად მძიმე ეკონომიკური სიტუაციისა, ინარჩუნებს პოპულარობას. რუსეთის მოსახლეობაში ხელისუფლების სრული მხარდაჭერაა ნებისმიერ კამპანიაში, ეს იქნება სირია თუ ყირიმი, დონბასი თუ სხვა მიმართულება, რომელიც გამიზნული იქნება, მათი შეფასებით, რუსეთის პოზიციების განმტკიცებისკენ.
რუსებში მენტალურად დევს დერჟავული აზროვნება. ახლა, როცა ყირიმის მიერთების 2 წლისთავს აღნიშნავენ და ყირიმში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა, როგორც სოციალური, ასევე სხვა კუთხით მოსაგვარებელი, მუდმივად იმეორებენ ფრაზას, რომ რუსეთთან მიერთება ძეხვზე არ იცვლებაო. ამგვარად, იდეოლოგიური თვალსაზრისით მოსახლეობა დამუშავებულია და განსხვავებული მოსაზრებები თუ არსებობს, მთლიან სურათზე გავლენას ვერ ახდენს.
უსაფრთხოების კუთხითაც, შემოდგომასთან შედარებით, რუსეთში ტერორისტული საფრთხის რისკი გაცილებით შემცირებულია. თურქეთისგან განსხვავებით, რომელიც ამჟამად ნამდვილ ტერორისტულ ომში იმყოფება. რუსეთის ჩარევის შემდეგ საკმაოდ გაურთულდა ვითარება როგორც ქურთებთან, ასევე ტერორისტული უსაფრთხოების თვალსაზრისით.
არათუ 90-იან წლებთან, არამედ აგვისტოს ომის დროინდელ მდგომარეობასთან შედარებით, რუსეთის არმიამ სერიოზულ პროგრესს მიაღწია. ამ თემაზე ბევრი ქილიკით საუბრობს. ქილიკს აჯობებს საკუთარ არმიას მივხედოდ და მისი ბრძოლისუნარიანობა ავამაღლოთ, რათა კიდევ ერთხელ არ აღვმოჩნდეთ მოუმზადებლები.
არმიის ბრძოლისუნარიანობის შემოწმების და მისი ამაღლების ყველაზე კარგი საშუალება ომია. რუსეთის არმიამ იმ მანევრების პარალელურად, რომელთა ინტენსიობამ იმატა ბოლო წლებში, საკმაოდ კარგი საბრძოლო გამოცდილებაც მიიღო.
რაც შეეხება საგარეო მიზნების, აქაც გარკვეული წარმატებები სახეზეა.
კერძოდ, თუ სამხედრო ოპერაციის დაწყებამ პირდაპირ ვერ იმოქმედა ნავთობის ფასების მატებაზე, ეტყობა საბრძოლო მოქმედებების ფონზე უფრო იოლი აღმოჩნდა OPEC-ის ქვეყნების დაყოლიება ნავთობის მოპოვების რაოდენობის დაფიქსირებასთან ან შემცირებასთან დაკავშირებით. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ირანი ეწინააღმდეგება მოპოვების შემცირებას. თუმცა, ყველას ესმის ირანის, ამდენი ხანი იმყოფებოდა ემბარგოს პირობებში. თან მხოლოდ ირანის ჭირვეულობა დიდ ზეგავლენას ვერ მოახდენს.
ამჟამად, ნავთობზე ფასების ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება. ექსპერტები არ ელოდებიან ძველ ნიშნულზე დაბრუნებას, თუმცა ამ ეტაპზე 50-60 დოლარი რუსეთისთვის მისაღები იქნება და ისევ მისცემს ძალების მოკრების საშუალებას.
რუსეთმა შესძლო ასადის რეჟიმის შენარჩუნება, რაც აძლევს საშუალებას სირიიაში არსებული ბაზების მეშვეობით სამხედრო ძალით იყოს წარმოდგენილი ახლო აღმოსავლეთში.
ერთადერთი მიზანი, რომელსაც რუსეთი ვერ აღწევს, ესაა მისი მსოფლიო მასშტაბის ლიდერად წარმოჩენა. მსოფლიო მასშტაბის „დერჟავას“ ნახევარი მსოფლიო ეკონომიკურ და სხვა სახის სანქციებს არ უცხადებს. ამ საკითხს ყველაზე მწვავედ განიცდიან რუსეთის ლიდერი და სხვა პოლიტიკოსები.
როგორც ჩვენი, ასევე უცხოელი ექსპერტები საჰაერო იერიშების დაწყებისას საუბრობდნენ, რომ რუსეთი ვერ შეძლებდა ეკონომიურად კამპანიის უზრუნველყოფას. მოჰყავდათ კოლოსალური ციფრები სავარაუდო დანახარჯებთან დაკავშირებით.
გამოცემა „რბკ“-ს ექსპერტებმა რუსეთის დანახარჯები ყოველდღიურად 2,5 მლნ დოლარად შეაფასეს. მთლიანობაში საუბარია 33 მლრდ რუბლზე, რაც, მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, რუსეთისთვის დიდ თანხას არ წარმოადგენს. რა თქმა უნდა ამ ციფრს უნდა დაემატოს გამოყენებული საბრძოლო მასალების ღირებულება.
ფინანსური დანახარჯების შეფასებისას, გარკვეული თავისებურებები უნდა გავითვალისწინოთ. რუსეთი არაა დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც არსებობს სამოქალაქო კონტროლი არმიაზე, რაც ითვალისწინებს არმიის კონტროლს ფინანსების მეშვეობით. ანუ, რაც თავდაცვის ბიუჯეტში ფინანსურად არაა გაწერილი, წესით არმიამ ვერ უნდა განახორციელოს.
ამას გარდა, რუსეთის არმიის ბიუჯეტი ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა. ბიუჯეტში საკმარისი თანხებია გამოყოფილი საბრძოლო მომზადებაზე, მანევრებზე, წვრთნებზე, საპოლიგონო მომზადებაზე, რომელიც თავის მხრივ დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალების გამოყენებასაც ითვალისწინებს. ასევე დიდი თანხები აქვთ გათვალისწინებული ახალი შეიარაღების, რაკეტების, საბრძოლო მასალების გამოცდებზე პოლიგონის პირობებში.
ტოტალიტარული სახელმწიფო ერთის მხრივ მოქნილია ასეთ საკითხებში და მარტივად შეუძლიათ საბრძოლო მომზადებაზე გამოყოფილი თანხები გადაისროლონ საბრძოლო მომზადებაზე. ვიცი ზოგიერთი არ დამეთანხმება ამ საკითხში. კამათს აჯობებს დაიკავოთ ხელში კალკულატორი და დათვალოთ.
ამ დღეებში რუსეთის ლიდერმა სირიის ოპერაციაში მონაწილეთა დაჯილდოვებისას ასეთი ფრაზა თქვა: „არმიის დახელოვნების ყველაზე კარგი გზა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაა. ძვირადღირებული საავიაციო და მოტორესურსი უმჯობესია ომში დავხარჯოთ“.
ვ. პუტინის ეს ფრაზა ბევრის მთქმელია და რუსეთის სამომავლო საგარეო პოლიტიკის განსაზღვრის ინდიკატორია.
რატომ გამოიყვანა დაჯგუფება?
როცა საბრძოლო გაფრენების ინტენსიობა განახევრდა, არც არის დიდი დაჯგუფების (70 საფრენ აპარატს დიდ ვერ დავარქმევთ, თუმცა რუსეთისთვის ეს საკმაო რესურსია) საჭიროება. მითუმეტეს, რომ რუსეთის დახმარებით აღდგენილი იქნა სირიის ავიაცია. არაა გამორიცხული ახლო პერსპექტივაში რუსეთმა სირიას მიჰყიდოს როგორც საავიაციო და სხვა ტიპის საბრძოლო ტექნიკა. ხოლო, თუ სამხედრო დაჯგუფების გაზრდის საჭიროება იქნება, საავიაციო ტექნიკის გადასროლას დიდი დრო არ ესაჭიროება.
რუსეთის შიდა ბაზარზე ვ. პუტინისთვის მომგებიანი იყო მორიგი შოუს გამართვა და სირიიდან გამარჯვებული მფრინავების დაბრუნება. სათითაო საავიაციო ჯგუფის გადმოფრენა პომპეზურად გაშუქდა და ბოლოს კრემლში, გეორგიევსკის დარბაზში სახელმწიფო ჯილდოების გადაცემით დასრულდა. პარალელურად გავიდა ვ. პუტინის დიდი ინტერვიუ პირველ არხზე.
ტელევიზიით რაც გაშუქდა, სავარაუდოდ დაჯგუფების ნახევარია გამოყვანილი. თუმცა ეს გაჟღერდა, როგორც ძირითადი დაჯგუფების გამოყვანა. ყველა შემთხვევაში გაცხადებულია, რომ თითქოს გამოვიდნენ სირიიდან, თუმცა გარკვეული ნაწილი სირიაში დარჩა რუსეთის რეგიონში ყოფნის ხაზგასასმელად. ჯერ არაფერი გაცხადებულა საჰაერო თავდაცვის ტექნიკის და ფლოტის გამოყვანაზე.
ასე რომ, „ძირითადი დაჯგუფების“ გამოყვანას ორი ძირითადი მიზანი შეიძლება ჰქონდეს:
1. რუსეთი ამ ხელახალი მანევრით (ძირითადი დაჯგუფების გამოყვანით) მსოფლიოს საკუთარ თავ ახსენებს და ისევ ძალის დემონსტრირებას ახდენს. აფიქსირებს შედეგებს, რომ მისი შესვლით სიტუაცია გაუმჯობესდა და გამოსვლის მომენტში მიმდინარეობს სამშვიდობო პროცესი. თუ სიტუაცია აირევა, კრემლი ისევ სხვას გადააბრალებს.
2. კრემლს შესაძლოა საბრძოლო გამოცდილების მქონე საავიაციო ქვედანაყოფები სხვა მიმართულებით ესაჭიროებოდეს.
რომელი მიმართულებით შეიძლება სამხედრო თვალსაზრისით გააქტიურდეს რუსეთი, რთული სათქმელია. ბოლო დღეებში დონბასში ვითარება საკმაოდ იძაბება.
თუმცა, ახლო მომავალში რაიმე სამხედრო გამწვავებებს რუსეთის მხირდან არ ველოდები, რადგან რუსეთს ახლა ერთი მთავარი მიზანი აქვს – სანქციების მოხსნა. დასავლეთმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სანქციების მოხსნის მთავარი გასაღები ყირიმშია. რუსეთი კი ცდილობს ყველა შეაგუოს ახალ რეალობას. ყირიმის მაგალით ადარებენ თურქეთის მხრიდან კვიპროსის ოკუპაციას. წამყვანი რუპორები ასე აყენებენ საკითხს: თუ კვიპროსის ოკუპაცია ეპატია თურქეთს, სანქციებიც მოუხსნენ, ინვესტიციებითაც უხვად დააჯილდოვეს და ნატოშიც მიიღესო, ყირიმში ყველაფერი რეფერენდუმით გადაწყდაო.
ჯერ კიდევ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ რუსეთი ამკვიდრებს ახალ ტერმინს „ახალი რეალობა“. მათი ლოგიკით შეიძლება მოახდინო ოკუპაცია და მსოფლიოს „ახალი რეალობა“ შესთავაზო.
ვნახოთ, რამდენად წარმატებული იქნება რუსეთის მცდელობები სანქციების მოხსნის ან შერბილების მიმართულებით. ეს არ ნიშნავს, რომ ამ პერიოდში რუსეთი ცხვარივით უწყინარი იქნება, თუმცა სამხედრო აქტივობები უახლოეს თვეებში მის ინტერესებში არ შედის. დასავლეთმაც უნდა ეთამაშოს. თორემ რუსებს ასეთი ლოგიკა აქვს: კარგი, თუ არ გვიხსნით, კიდევ რომელიმე ნაჭერს მოვაჭრის ვინმესო.
2017 წლიდან აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ეყოლება. ჩვენ უნდა შევეცადოთ ეს პერიოდი მშვიდად “გადავაგოროთ”, რადგან აშშ-ის ახალ administraciazeზე ბევრი იქნება დამოკიდებული როგორც ნატოს გაფართოების, ასევე მსოფლიო პოლიტიკაში ახალი სიახლეების შემოტანის კუთხით.