კიბერტერორიზი თუ კონსტიტუციური წესწყობილების დამხობის მცდელობა – უსაფრთხოების ექსპერტი ფარული ჩანაწერების შესახებ

უსაფრთხოების ექსპერტმა, კავკასიის აკადემიის დირექტორმა ლაშა პატარაიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების შესახებ ისაუბრა. ექსპერტის განმარტებით, საქმე შესაძლოა, არა კიბერტერორიზმთან, არამედ კონსტიტუციური წესწყობილების დამხობის მცდელობასთან გვქონდეს.
პატარაიას თქმით, ეს მიზანმიმართული აქტივობა მიზნად ისახავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლება ჩამოიშალოს,
„ყველა ნიშანი სახეზეა იმისა, რომ ჩვენს წინააღმდეგ ინფორმაციული პროპაგანდისტული სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც შეიძლება მიმართული იყოს საქართველოს კონსტიტუციური წესწყობილების დასამხობად. ბევრი ამბობს, რომ ეს არის კიბერტერორიზმი, ბევრი ამბობს, რომ ეს უბრალოდ ფარული ჩანაწერების გავრცელებაა, რეალურად გამოძიება უნდა მიდიოდეს ქვეყნის კონსტიტუციური წესწყობილების დამხობის მცდელობის კუთხით, რაც ნიშნავს კონტრადაზვერვით მუშაობას და არა კლასიკურ კრიმინალურ საგამოძიებო საქმიანობას. კონტრდაზვერვითი სპეციფიკა ძალიან რთულია და რიგ შემთხვევაში საზოგადოებაში დეკლარირებას არ ექვემდებარება. როდესაც კადრების გავრცელების ასეთ დოზას და რიტმს ვხედავთ, ეს შეიძლება იყოს ინფორმაციული პროპაგანდა, რომ მოსახლეობაში ან გარკვეულ ჯგუფებში შეიქმნას განწყობა, რომელიც შიდა პოლიტიკურ დესტაბილიზაციას ისახავდეს მიზნად. ეს არის მიზანმიმართული აქტივობა, რომ ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლება ჩამოიშალოს “,- განაცხადა ლაშა პატარაიამ.
რაც შეეხება პირადი ცხოვრების პრივატულობას, უსაფრთხოების ექსპერტის თქმით, პრივატულობის დარღვევა აღარ არის დღეს მხოლოდ ხელისუფლებისგან მომავალი საფრთხე, რადგან ტექნოლოგიური პროგრესის მეშვეობით არსებობს ძალიან ბევრი საშუალება, რომელიც ფართოდ ხელმისაწვდომია უბრალო მოქალაქეებისთვისაც კი. იმ შემთხვევაში კი, თუ საქართველოში გავრცელებული ფარული ჩანაწერები გავრცელებულია სხვა ქვეყნიდან, მაშინ გამოძიება რთულდება და მისი ვადები მიმუმ სამმაგდება.
„კიბერუსაფრთხოების სპეციფიკამ სპეცსამსახურების კლასიკურ საქმიანობას გაუსწრო, რადგან მას არ გააჩნია კონკრეტული გეოლოკაცია, ეს არის ძალიან ხელმისაწვდომი, შესაძლოა, უფასოც, მეტწილად, ანონიმური და ამის გამოძიების ერთადერთი საშუალებაა, დროული რეაგირება, თუ ინციდენტი მოხდა. მსგავსი ინციდენტების 95 პროცენტის შემთხვევაში გამოყენებულია სხვადასხვა ანონიმური საშუალება vpn-ები, პროქსი სერვერები თუ სხვა საშუალებები, რაც იმას ნიშნავს, რომ IP -ზე გასვლა კონკრეტული ამტვირთავის და კრიმინალების დადგენას ჯერ კიდევ არ ნიშნავს.
როდესაც ეს ხდება სხვა ქვეყნიდან, გამოძიების დრო მინიმუმ სამმაგდება. შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა ნებისმიერი წერტილიდან, თუნდაც რომელიმე ქვეყნის ინტერნეტკაფედან მსგავსი კადრები ატვირთოს. გამოძიების შემთხვევაში, პირველი, რაც ამოვარდება, ეს იქნება IP – მისამართი, საიდანაც აიტვირთა და რომელიც შეიძლება კონკრეტული ლოკაციის განმსაზღვრელი სულაც არ იყოს. ეს შეიძლება იყოს vpn სერვერი, რომლიდანაც ანონიმურად აიტვირთა. როდესაც საუბარია პრივატულობის დარღვევაზე, პრივატულობის დარღვევა აღარ არის დღეს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებისგან მომავალი საფრთხე. ტექნოლოგიური პროგრესის მეშვეობით არსებობს ძალიან ბევრი საშუალება, რომელიც ფართოდ ხელმისაწვდომია. მსგავსი საშუალებები ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჩაუვარდეს ხელში. ეს საშუალებები როგორც ტექნიკური, ისე პროგრამული, ძალიან გავრცელებულია და იძლევა იმის საშუალებას, მოხდეს ფარული გადაღებები. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, შეიძინონ მსგავსი ტექნიკა და ეს სულაც არ არის არალეგალური“,- განაცხადა ლაშა პატარაიამ.
კავკასიის აკადემიის დირექტორის თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, არაერთი ასეთი საქმე ყოფილა სხვა ქვეყნებშიც. მისი თქმით, დღეს მსოფლიოს წამყვან პოლიტიკურ ლიდერებს უსმენენ და ვრცელდება მათი ჩანაწერები.
„შეუძლებელია დღეს ითქვას, რომ 100%- იანი უსაფრთხოების დაცვის გარანტია არსებობს“,- აღნიშნა პატარაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები