“ბაგა-ბაღებში კვების პროდუქტი არის უხარისხო და პატარებს წამლავენ”

საკმარისია, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ ბაგა-ბაღის დირექტორები, ეგრევე ასახელებენ უხარისხო პროდუქციას, ეს არის ბრინჯი, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, – ამის შესახებ ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარემ, გია ბურჯანაძემ ბაგა-ბაღებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გაზეთ “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში განაცხადა.
გია ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ის უკვე წლების მანძილზე მუშაობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და საბავშვო ბაღების კვების ბლოკში არსებული მდგომარეობის შესახებ მასალას აგროვებს.
“წლების განმავლობაში ვმუშაობ მაგ საკითხზე. რამდენიმე წელიწადია არქივში ვაგროვებ ფოტო და ვიდეომასალას. ეს ყველაფერი, ეტაპობრივად გადადის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში და ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, პრობლემა მოაგვარონ. ძალიან რთულია კვების ბლოკში გამოვლინდეს ის შემთხვევები, რომლებზეც წლებია ვსაუბრობთ. კვების ბლოკი წარმოადგენს იმ კორუფციული დაინტერესების სფეროს, რომელსაც მოერგნენ, როგორც ბაგა-ბაღის მართვის სააგენტოს ჩინოვნიკები, ასევე ყველა ის დაინტერესებული პირი, რომელსაც ხელეწიფება ამ სფეროში რაღაც პროდუქტებიდან ხელი მოითბოს”,- განაცხადა ბურჯანაძემ.
ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარის თქმით, მიუხედავად იმ ხელფასისა, რომელსაც ბაღის დიექტორი იღებს, დაახლოებით, 3-4 ათასი კიდევ რჩება შემოსული თანხებიდან.
“კვების ბლოკში არის ისეთი პროდუქტები, დანაზოგები, რომლებიც საბოლოოდ სერიოზულ თანხებზე გადის. პირდაპირ მინდა გითხრათ, მიუხედავად იმ ხელფასისა, რომელსაც ბაგა-ბაღის დირექტორი იღებს, დაახლოებით, 3-4 ათასი კიდევ რჩება შემოსული თანხებიდან. ასე რომ, აქ კრავის როლის შესრულება, თითქოს, ისინი უდანაშაულოები არიან, ჩემთვის, როგორც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის და ამ საკითხში კარგად ჩახედული ადამიანისთვის, მიუღებელია”, – აღნიშნა გია ბურჯანაძემ.
მისივე ინფორმაციით, დირექტორები გათავისუფლების შემდეგ ასახელებენ უხარისხო პროდუქციას, რომლებიც გახლავთ ბრინჯი, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტი და სხვ.
“მარტივ ფორმულას ვთავაზობთ საზოგადოებას. ყველა ბაღის გამგე, თავისი მუშაობის დროს, ხმას არ იღებს იმ დარღვევებზე, რომლებსაც ჩვენ ვავლენთ. როდესაც ვამბობთ, რომ კვების პროდუქტი არის უხარისხო და პატარებს წამლავენ, ამაზე ხმას არავინ იღებს. საკმარისია, გათავისუფლდნენ ბაგა-ბაღის დირექტორები, ეგრევე ასახელებენ უხარისხო პროდუქციას, ეს არის ბრინჯი, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ხილ-ბოსტნეული და ასე შემდეგ. მაინცდამაინც ყველა უნდა დავხსნათ ბაგა-ბაღის დირექტორობიდან, რომ შემდეგ იზრუნონ ჩვენი პატარების ჯანმრთელობაზე?!”, – განაცხადა ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები