ტექნოლოგიურმა პროგრესმა მსოფლიოს მასშტაბით სპეცსამსახურების შესაძლებლობებს გაუსწრო – რატომაა რთული კიბერდანაშაულის გამოძიება

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის დირექტორი ლაშა პატარაია ამბობს, რომ კიბერსივრცემ და ტექნოლოგიურმა პროგრესმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაუსწრო კრიმინალთან ბრძოლის შესაძლებლობებსა და სპეცსამსახურების ბერკეტებს.
“კვირასთან“ საუბრისას ლაშა პატარაია კიბერსივრცის იმ ძირითად უპირატესობებს ასახელებს, რომელთა გამოც სამართალდამცველებს კონკრეტული კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ურთულდებათ. პატარაია ამბობს,რომ კიბერსივრცეს არ გააჩნია გეოლოკაცია, მას არ აქვს საზღვრები.
მისი თქმით, ზოგიერთი პროგრამის გამოყენებით შესაძლოა ვიდეოს ატვირთვის ტერიტორიისა და დროის ფალსიფიცირება, რაც კიდევ უფრო ართულებს დამნაშავე პირის იდენტიფიცირებას.
უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის დირექტორი აცხადებს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, საერთაშორისო კოოპერაციის გარეშე ვერცერთი სამართალდამცავი უწყება ვერ იქნება ეფექტური. მისი თქმით, საერთაშორისო კოოპერაცია ბიუროკრატიულ პროცედურებთან არის დაკავშირებული, რაც დანაშაულის გამოძიებას ჩვეულებრივზე კიდევ უფრო მეტად აჭიანურებს.
“თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, საერთაშორისო კოოპერაციის გარეშე ვერცერთი სამართალდამცავი უწყება ვერ იქნება ეფექტური. საერთაშორისო კოოპერაცია ბიუროკრატიულ პროცედურებთან არის დაკავშირებული, რაც დანაშაულის გამოძიებას ჩვეულებრივზე კიდევ უფრო მეტად აჭიანურებს. პირველ რიგში, უნდა გავიგოთ, თუ საიდან მოხდა ვიდეოს ატვირთვა. ამისათვის საჭიროა, საერთაშორისო კოოპერაციის განხორციელება, რასაც ერთვის ბიუროკრატიული პროცესები – ეს ყველაფერი გამოძიების ოპერატიულობას უკან სწევს და სამმაგად აჭიანურებს.
კიბერსივრცეს აქვს ბევრი უპირატესობა, რითიც მან კრიმინალთან ბრძოლის წინააღმდეგ მსოფლიოს მასშტაბით არსებულ მექანიზმებს გაუსწრო – კიბერსივრცეს არ აქვს კონკრეტული გეოლოკაცია, არ აქვს საზღვრები და მეტიც, არსებობს ცალკეული პროგრამები, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია ვიდეოს ატვირთვისას ტერიტორიისა და დროის ფალსიფიცირება. ასე რომ, შესაძლოა, ჩვენ კონკრეტულმა კომპანიამ IP მისამართის მიხედვით მოგვაწოდოს ინფორმაცია, რომ ვიდეო აიტვირთა საზღვაგარეთიდან, თუმცა ეს ასე სულაც არ იყოს“, – აცხადებს ლაშა პატარაია.
ლაშა პატარაია ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, პირადი ინფორმაციის დაუცველობის ზრდაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით, საკომუნიკაციო საშუალებების 95% ექვემდებარება ფარულ მიყურადებას.
უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის დირექტორის თქმით, არსებობენ შესაბამისი ონლაინ კომერციული დაწესებულებები, საიდანაც შესაძლებელია, დაინტერესებულმა პირმა შეიძინოს დაახლოებით ისეთივე სპეცტექნიკა, რომელიც აქვთ სპეცსამსახურებს და ისინი გამოიყენოს ფარული მიყურადებისთვის.
პატარაის თქმით, მსგავის ტექნიკის აღრიცხვა რთულია, თუმცა არა შეუძლებელი.
“არსებობს სპეციალური ონლაინ-მაღაზიები, საიდანაც დაინტერესებულ პირს შუეძლია, შეიძინოს სპეცსამსახურების ტექნიკასთან მიახლოებული ტექნოლოგიური საშუალებები და აწარმოოს ფარული მიყურადება. ამ ტიპის ტექნიკა დღეს რთული აღსარიცხია, თუმცა შეიძლება მისი კლასიფიცირება როგორც განსაკუთრებული დანიშნულების ტვირთის და ასეთ ტექნიკაზე მეტი კონტროლის დაწესება“, – აცხადებს პატარაია.
რაც შეეხება ეკონომიკურ პარამეტრებს, თუ რამდენად ხელმისაწვდომია მსგავსი ტექნიკა, პატარაია ამბობს, რომ მსგავსი საშუალებები ძვირი არ ღირს. მისივე თქმით, კიდევ უფრო ნაკლებ დანახარჯს მოითხოვს პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით წარმოებული მიყურადების პროცედურები, როცა ადგილი აქვს „ვაიბერის“, „სკაიპის“ და სხვა სოციალური ქსელების მიყურადებას.
პატარაიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიების ძალიან მაღალი პროცენტი ექვემდებარება ფარულ მიყურადებას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინტერნეტპროდუქტი თავისი სპეციფიკით დაუცველია. მისი თქმით, სოციალური ქსელების მომხმარებლებს მართებთ, გაცილებით მეტი ყურადღება და უსაფრთხოების ელემენტარული პარამეტრების დაცვა, რათა ვერ მოხდეს მათი კომუნიკაციის მიყურადება.
“დღეის მდგომარეობით, შეიძლება ითქვას, რომ ტექნოლოგიების 95 პროცენტი მოსმენას და მიყურადებას ექვემდებარება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ესა თუ ის პროდუქტი დაუცველია და ამიტომ არის მოსმენადი. ძალიან ხშირად ვაწყდებით ფაქტებს, როდესაც სოციალური ქსელების მომხმარებლების კომუნიკაცია წარმოადგენს მათსავე წინააღმდეგ გამოყენებულ კომპრომატს. ამიტომ აუცილებელია დავიცვათ უსაფრთხოების პარამეტრები, გამოვიყენოთ რთული პაროლი, ნუ მიუერთებენ საჯარო ქსელებს საკომუნიკაციო საშუალებებს. ძალიან ბევრი ნიუანსია, რომელიც აუცლებლად უნდა გავითვალისწინოთ.
სამწუხაროდ, ინტერნეტმომხმარებლების უმეტესობა ამ ელემენტარულ ნორმებსაც არ იცავს, რითიც იზრდება მათი პრივატულობის დარღვევის ალბათობა. არამარტო ჩვეულებრივი მოქალაქეები, არამედ სპეციფიკური მიმართულებით მომუშავე მომხმარებლებიც კი – როგორებიც არიან მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლები, ისინიც კი არ არიან ინფორმირებულები პრევენციული ღონისძიებების თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ყველაზე ინტენსიურად უწევთ კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების გამოყენება. უნდა გვახსოვდეს, რომ დღევანდელი მდგომარეობით, ფარული მიყურადების განხორიცლება არა მხოლოდ სპეცსამსახურებს, არამედ ჰაკერებს, კრიმინალურ დაჯგუფებებს და უბრალოდ, დაინტერესებულ პირებსაც შეუძლიათ“, – განუცხადა “კვირას“ ლაშა პატარაიამ.
პატარაია კიბერუსაფრთხოების სფეროში მომხმარებლების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ სწორედ ინფორმირებულობა შეიძლება დავუპირისპიროთ ტექნოლოგიური პროგრესის უარყოფით შედეგებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები