რა ბედი ეწევა თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურს?
2012 წლის ოქტომბერში თბილისის მერიაში უსაფრთხოების საქალაქო სამსახური შეიქმნა. სამსახურის დებულების თანახმად, მის ამოცანას თბილისის მერიის ობიექტების, ქალაქში არსებული ბაღების, პარკების, სკვერების, ასევე მერიისა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციული შენობების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ამ ობიექტებში არსებული ქონების დაცვა წარმოადგენდა. აღნიშნული სამსახურის შექმნიდან მალევე თბილისის იმჟამინდელი მერის გიგი უგულავას და სხვა ხელმძღვანელი პირების მიმართ ახალი ხელისუფლების წევრებისა და ექსპერტების ნაწილის მხრიდან მწვავე განცხადებები გაისმა. ისინი აცხადებდნენ, რომ უგულავა “საკუთარ პოლიციას ქმნიდა“ და ამით იგი საკუთარი თავისა და მერიის სხვა თანამდებობის პირების პირადი დაცვის გაძლიერებას ცდილობდა. ამასთან, ზოგიერთი ექსპერტი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ გიგი უგულავა ამ გზით ბიუჯეტიდან რაც შეიძლება მეტი თანხის დახარჯვას ცდილობდა, რომ ხელისუფლებაში ახლად მოსულ „ქართულ ოცნებას“ ბიუჯეტი ცარიელი დახვედროდა. მაშინ გავრცელებული მოსაზრებების უარსაყოფად, თბილისის მერის დავალებით უსაფრთხოების სამსახურის დებულებაში შევიდა ცვლილება, რომლითაც გაუქმდა ყველა ის ჩანაწერი, რომელიც, როგორც მერიაში აცხადებდნენ, მსგვავსი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა. მას შემდეგ, რაც თბილისის მერის არჩევნებში დავით ნარმანიამ გაიმარჯვა, გაჩნდა კითხვა: რა ბედი ეწეოდა აღნიშნულ სამსახურს. თბილისის მერი დავით ნარმანია აცხადებდა, რომ თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახური წლის ბოლომდე, ანუ 2014 წლამდე დედაქალაქის მერიის დაქვემდებარებაში დარჩებოდა.
„ჯერჯერობით, უსაფრთხოების სამსახური არ გაგვიუქმებია. თუმცა, გადაწყვეტილება ამ ფუნქციის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემის თაობაზე მიღებულია. უსაფრთხოების სამსახური წლის ბოლომდე ჩვენთან დარჩება. მანამდე, წინამოსამზადებელი სამუშაოს გადაცემასთან დაკავშირებით, მოხდება ხარჯების დეტალური დაანგარიშება, ფუნქციების აღწერა და ა.შ.. რატომ შექმნეს ეს სამსახური? 2012 წლის არჩევნების წაგების შემდეგ გარკვეული უსაფრთხოების ნორმები და ზომები მიიღეს არა მხოლოდ მერიისთვის, არამედ თავისთვისაც. უსაფრთხოების სამსახური თავისი არსით მუნიციპალური პოლიციის მსგავსია. ჩვენი მოქმედი კანონმდებლობით მუნიციპალური პოლიციის სტატუსი არ არსებობს. ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს. გარდა ამისა, მერიის უსაფრთხოების სამსახურს არ აქვს იარაღის ტარების უფლება. წესით, უსაფრთხოების სამსახურს, საჭიროების შემთხვევაში, იარაღის ტარებისა და გამოყენების უფლებაც უნდა ჰქონდეს. ამიტომ, არის რიგი საკითხები, რატომაც ვფიქრობთ, რომ ეს ფუნქცია შესაბამის სამინისტროში უნდა იყოს და არა მერიაში. თბილისის მერიის ქვემდებარე ორგანიზაციებს, უწყებებს ისინი უნდა მოემსახურონ და უზრუნველყონ უსაფრთხოება“,- აცხადებდა დავით ნარმანია “პრაიმტაიმთან“ 2014 წლის აგვისტოს ინტერვიუში.
საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძე აცხადებს, რომ თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში დედაქალაქის უსაფრთოების სამსახურისთვის თანხები კვლავ გაწერილია. როგორც სევდია უგრეხელიძე “კვირასთან“ საუბრისას განმარტავს, მისთვის გაუგებარია, თუ დედაქალაქის არსებული ხელმძღვანელობა აღნიშნული სამსახურის არსებობის წინააღმდეგია, რატომ არ უქმდება და არ გამოიყო დედაქალაქის 2015 ბიუჯეტში ამ სამსახურისთვის თანხები. „თავის დროზე, როცა ჩვენ მერიის უსაფრთხოების სამსახური შევქმენით, ერთ-ერთი მოტივაცია საბიუჯეტო სახსრების დაცვა იყო. მაშინ აღნიშნული სამსახურის შექმნის გამო გვაკრიტიკებდნენ, დღეს კი ეს სამსახური ისევ არსებობს მეტიც, ბიუჯეტის წინა პროექტთან შედარებით უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დაფინანსება გაზრდილია სამი მილიონი ლარით“, -აცხადებს სევდია უგრეხელიძე, რა ცვლილებები იგეგმება დედაქალაქის უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებით და რა ეტაპზეა, ამ კითხვით “კვირა“ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს – ჯაბა სამუშიას დაუკავშირდა.
სწორედ ჯაბა სამუშია იყო ერთ-ერთი, ვინც აღნიშნული სამსახურის შექმნის გამო თავის დროზე გიგი უგულავას მწვავედ აკრიტიკებდა და აცხადებდა, უგულავამ ეს სამსახური “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებით და ე.წ. სპეცრაზმელებით დააკომპლექტაო.
სამუშია დღესაც იგივე პოზიციაზეა და ფიქრობს, რომ აღნიშნული სამსახური “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების თავშესაფრად იქცა. ჯაბა სამუშია აცხადებს, რომ აღნიშნული სამსახურის არსებული ფორმით ფუნქციონიერება არ უნდა მოხდეს.
მისი თქმით, უკვე დაწყებულია მოდელზე მუშაობა და მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორი სახით გააგრძელებს საქალაქო უსაფრთხოების სამსახური მუშაობას.
რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებს, თუ რატომ გაიწერა 2015 წლის ბიუჯეტში აღნიშნული სამსახურისთვის თანხები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ ვინაიდან აღნიშნული სამსახური არსებობს და იქ ასობით ადამიანია დასაქმებული, აუცილებელი იყო, რომ ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებულიყო.
„თავის დროზე მე ვიყავი ერთ-ერთი, ვინც ყველაზე მწვავედ აკრიტიკებდა აღნიშნული სამსახურის შექმნას. მას შემდეგ, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნები წააგო, იქ გიგი უგულავამ დაასაქმა „ნაციონალური მოძრაობის“ აგიტატორები და ე.წ. სპეცრაზმელები. ეს იყო მიტინგების დამრბევთა თავშესაფარი. ყველა ვთანხმდებით, რომ სკვერებს, ბაღებს დაცვა სჭირდებათ და ჩვენი მოქალაქეები თავს უნდა გრძნობდნენ უსაფრთხოდ, თუმცა ეს სამსახური არსებული ფორმით ფუნქციონირებას არ და ვერ გააგრძელებს. ამიტომ მუშავდება მოდელი, რომლის გათვალისწინებითაც შევჯერდებით, რა ფორმით იცვლის სახეს ეს სამსახური,- ეს იქნება ინტეგრირებული რომელიმე უწყებასთან თუ სხვა. 4 თვე, ანუ ის პერიოდი, რაც ახალმა ხელისუფლემა გადმოიბარა მერია, ძალიან ცოტაა მსგავსი საკითხების მოსაგვარებლად. სწრაფი და წინდაუხედავი მუშაობა უკუშედეგს მოგვცემს. გასათვალისწინებელია, რომ ამ სამსახურში 2-და 3 კაცი კი არა, ასობით ადამიანია დასაქმებული. ამიტომ ასე უცებ მისი გაუქმება ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა“,- განუცხადა “კვირას“ სამუშიამ.
ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია, რომელიც მერიის უსართხოების სამსახურის შექმნის პერიოდში თბილისის საკრებულოს უმცირესობის წევრი იყო, აღნიშნულ გადაწყვეტილებას გიგი უგულავას მხრიდან ძალაუფლების დემონსტრირების მცდელობად აფასებდა. „აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი ფუნქციები შედიოდა შსს-ს დაქვემდებარებაში და, შესაბამისად, ახალი ხელისუფლების ხელში გადადიოდა. ამიტომ გიგი უგულავას, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელს, აქვს სურვილი და ამბიცია, რომ ცალკე გამოყოფილი უსაფრთხოების სამსახურები შექმნას. ეს არის მცდელობა, ბიძინა ივანიშვილს და მის ადმინისტრაციას აჩვენოს, რომ ძალაუფლებას ჯერ კიდევ ინარჩუნებს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც ძალაუფლების დემონსტრირება“, – აცხადებდა მაშინ ზაზა გაბუნია.
ზაზა გაბუნია დღესაც იგივე პოზიციაზეა. “მე ამ სამსახურის შექმნას ვაკრიტიკებდი ერთი და სრულიად გასაგები მიზეზის გამო, კერძოდ, 2012 წლის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების შემდეგ, მას შემდეგ, რაც ყოფილმა ხელისუფლებამ დაკარგა გავლენა შსს-ზე, გიგი უგულავამ მერიაში შექმნა უსაფრთხოების სამსახური, რითაც, ერთი მხრივ, უნდობლობა გამოუცხადა დემოკრატიულ, თუმცა არა საკუთარი გავლენის ქვეშ მყოფ ინსტიტუტს და, მეორე მხრივ, შეიქმნა თავისი კერძო სამსახური პარალელური ფუნქციებით. ამას ვაპროტესტებდით და არა იმას, რომ მერიას და მისი უწყებების შენობებს დაცვა სჭირდება, რასაც ახლა აკეთებს ეს სამსახური“, – განუცხადა “კვირას“ გაბუნიამ. რაც შეეხება უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციონირების გაგრძელების საკითხს, გაბუნიას თქმით, თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნული სამსახურის ლიკვიდაციაზე, ან მისი სხვა უწყების დაქვემდებარებაში გადასვლაზე ჯერჯერობით არ უსაუბრიათ.