რატომ გადაიდო უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების პროცედურები – “საქართველომ ყველა რეკომენდაცია შეასრულა”

სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს ევროპარლამენტი მომავალ კვირას განიხილავს. პროცედურულად, ევროკომისია მინისტრთა საბჭოსა და ევროპის პარლამენტს რეკომენდაციით მიმართავს, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხს კენჭი უყაროს.
ევროპელმა დეპუტატებმა სავიზო რეგულაციებში ცვლილებები უნდა შეიტანონ და უვიზო რეჟიმით მოსარგებლე ქვეყნების რიცხვს საქართველო დაამატონ. ევროპარლამენტი გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით იღებს და მინისტრთა საბჭოს უგზავნის კენჭისყრისთვის. შემდეგ ხდება რეგულაციის ცვლილების ხელმოწერა ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ. ამ შემთხვევაში თავმჯდომარე ქვეყანას ჰოლანდია წარმოადგენს. ამ პროცედურების შემდეგ ხელმოწერილი ტექსტის გამოქვეყნება ხდება და ძალაში შედის ვიზალიბერალიზაცით გათვალისწინებული ნორმები.

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით კიდევ უფრო პოზიტიური მოლოდინი გააჩინა საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელის ანდრეას მამიკინსის განცხადებამ.
ევროპარლამენტარმა კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მოსახლეობას უკვე მიმდინარე წელს ევროპაში უვიზოდ გამგზავრების შესაძლებლობა ექნება.
ასევე მამიკინსის განცხადებიდან გახდა ცნობილი, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის საკითხს უკრაინისგან დამოუკიდებლად განიხილავს.
უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების თაობაზე პროცედურების დაწესებას ევროპის პარლამენტი მხოლოდ აპრილში გეგმავს.
ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ თბილისმა კიევზე ადრე შეასრულა ბრიუსელის ყველა მოთხოვნა.
„მინდა მივულოცო ჩემს საყვარელ ქართველ ხალხს. საქართველოსა და უკრაინის საკითხები უკვე ოფიციალურად გაიყო და თქვენს ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის საკითხი ცალკე განიხილება. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან, უკრაინაც მიიღებს უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან, რადგან ეს უკრაინელებისთვისაც და ევროპელებისთვისაც მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ქართველებისთვის და მთელი აღმოსვლეთ პარტნიორობისთვის“, – განაცხადა მამიკინსმა.
ბრიუსელის პოზიციაზე „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ თავმჯდომარემ იური ლუცენკომ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ვიზების გამარტივებაზე საუბარი ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის არაპოპულარულია.
„ევროპარლამენტის და ევროკომისიის ხელმძღვანელობასთან დახურული შეხვედრები ძალიან გულახდილი იყო. მილიონი სირიელი ლტოლვილისგან ევროპა შოკშია. ასეთ პირობებში საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმზე საუბარი არაპოპულარული თემაა“, – განაცხადა ლუცენკომ.
ლუცენკო ამბობს, რომ „ევროპის ბიზნესი დაიღალა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისგან და ეკონომიკური ვარდნის პირობებში მხარს უჭერს პუტინის ლოზუნგს: „სანქციები ურტყამს პუტინს, და არა უბრალო ადამიანებს“.
ლუცენკოს თქმით, უკრაინასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის და ევროკომისიის დასკვნა ასეთია: უკრაინას აქვს ორი კვირა, რომ კოალიცია შექმნას და ორი თვე რეფორმების გასატარებლად. „წინააღმდეგ შემთხვევაში ფიასკო. ბრიუსელს ცრემლების არ სჯერა“, – ამბობს უკრაინელი დეპუტატი.
რაც შეეხება საქართველოში გაკეთებულ განცხადებებს, ქართველი პოლიტიკოსები მოელიან, რომ პროცედურები რაც შეიძლება მოკლე ვადებში დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიული პასპორტით უვიზოდ შევლენ შენგენის ზონის ქვეყნებში.
საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოლიტიკური მხარდაჭერა ძალიან მალე მივიღოთ.
“ვიზალიბერალიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენს დღის წესრიგში. ველოდებით, რომ ძალიან მალე მოხდება საკანონმდებლო ცვლილების წარდგენა საბჭოსა და პარლამენტში. გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, რათა პოლიტიკური მხარდაჭერა და გადაწყვეტილება იყოს მიღებული ძალიან მალე”, – აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.
მოლდავეთის შემთხვევაში ევროკომისიის დადებითი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ პროცედურების გავლასა და ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებას 6 თვე დასჭირდა.
პარლამენტის ვროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, პარტია “თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე უვიზო მიმოსვლის მიღების თაობაზე საჭირო პროცედურების დროულად დაწყების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.12767250_450570001815855_2020705311_n
როგორც დეპუტატმა “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცედურები რაც შეიძლება მალე ჩატარდეს.
“მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტში ევროკომისიის წინადადება შევა, ამ წინადადების განხილვა დაიწყება კომიტეტებში და შემდეგ საკითხს ევროპარლამენტი უყრის კენჭს, ევროპარლამენტი გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით იღებს და მინისტრთა საბჭოს უგზავნის კენჭისყრისთვის. შემდეგ ხდება რეგულაციის ცვლილების ხელმოწერა ევროპარლამენტის ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ, ამ შემთხვევაში თავმჯდომარე ქვეყანას ჰოლანდია წარმოადგენს. მათ მიერ ხელმოწერილი გადაწყვეტილება გამოქვეყნდება ჟურნალში, დაახლოებით ისეთში, როგორიც ჩვენთან „საკანონმდებლო მაცნეა“, ვფიქრობ, რომ ივნის-ივლისში უკვე შესძლებელი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლით სარგებლობა“, – განუცხადა “კვირას“ ვიქტორ დოლიძემ.
დოლიძე ფიქრობს, რომ საქართველოს ბრიუსელისგან პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვება არ გაუჭირდება და ამ მხრივ რაიმე დაბრკოლებას არ უნდა ველოდეთ.
რაც შეეხება უკრაინის საკითხის განხილვის გადადებას, დოლიძე იმედოვნებს, რომ უკრაინა შესაბამის ვადებში შესარულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს და ვიზალიბერალიზაციის თაობაზე პროცედურები მათთვისაც დაიწყება.
“კარგი იქნებოდა, რომ უკრაინის საკითხი არ გადადებულიყო, ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ და ეს არაერთხელ გვითქვამს, როგორც ჩანს, არის რაღაცა საკითხები, რომლებზეც კიდევ მოუწევთ მუშაობა, იმედი მაქვს ჩაეტევიან მითითებულ ვადებში და მათთვისაც დაიწყება პროცედურები“, – განუცხადა “კვირას“ ვიქტორ დოლიძემ.
ასევე პოზიტიური მოლოდინი აქვს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრს, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს გუგული მაღრაძეს.
დეპუტატი “კვირასთან“ საუბრისას ვარაუდობს,  რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პროცედურები საქართველოსთვის გაცილებით უფრო ადრე დასრულდება, ვიდრე ეს მოლდავეთის შემთხვევაში მოხდა.12784433_450570025149186_1110945252_n
“ჩვეენ ევროკავშირის ყველა რეკომენდაცია შევასრულეთ ახლა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა საჭირო ბრიუსელის მხრიდან. რამდენიმე თვის წინ ჩვენი ოპონენტები საკმაოდ ირონულ განცხადებებს აკეთებდნენ და გამოთქვამდნენ ეჭვს, რომ პროცედურები დროში გაიწელებოდა, თუმცა ფაქტი სახეზეა, ევროკომისია ძალიან მალე მიმართავს ევროპარლამენტს და რასაც მოჰყვება შემდგომი პროცედურები და საბოლოოდ ის, რისთვისაც ვიბრძოდით ამდენი ხანი – ჩვენი მოქალაქეების შენგენის ზონის ქვეყნებში ვიზის გარეშე შევლენ. ჩვენ მივიღეთ ყველა საკანონმდებლო აქტი, ყველა რეგულაცია, რაც საჭირო იყო ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებულად წარმართვისთვის. მიღების პროცესშია მომხმარებელთა შესახებ კანონპროექტი, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებს დაგვაახლოებს, მოლდავეთის მაგალითიდან თუ გამოვალთ, შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ ჩვენ უფრო ნაკლები დრო დაგვჭირდება უვიზო რეჟიმის მისაღებად, ვიდრე მათ დასჭირდათ პროცედურულად, ჩვენთვის მომგებიანია, რომ საქართველოს საკითხი ცალკე განიხილება, მართალია, დეკემბერში ევროკომისიამ უკრაინის თაობაზეც დადებითი ანგარიში დადო, თუმცა, როგორც ჩანს, მათ კვლავ აქვთ გამოწვევები დასაძლევი და ამისთვის მეტი დრო დასჭირდათ“, – განუცხადა “კვირას“ გუგული მაღრაძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მისამართით გაკეთებული დადებითი შეფასებებისა, ვიზალიბერალიზაციის პროცესში პოლიტიკური მხარდაჭერის მისაღებად მოლაპარაკებები გრძელდება.
“ჩვენი ევროპელი მეგობრები ღიად აცხადებენ, რომ “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე წინ არის იგივე მმართველობის გამჭვირვალე სისტემით, დემოკრატიული რეფორმებით. ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებისთვის ძალისხმევის გამოჩენას“, – აცხადებს გუგული მაღრაძე.
მისივე თქმით, საგარეო მიმართულების პარალელურად აუცილებელია საინფორმაციო კამპანიის გააქტიურება საქართველოს მოსახლეობაში და მოქალაქეებისთვის იმისი განმარტება, თუ რა სარგებელს ნახავენ ვიზალიბერალიზაციის შედეგად.
“მოგვიწევს საინფორმაციო კამპანიების ჩატარება, რათა მოქალაქეებს იმაზე მეტი მოლოდინი არ გაუჩნდეთ ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით, რასაც მისი არსი გულისხმობს. მეც, კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილიც სტუდენტებს ვხვდებით და შესაბამის ინფორმაციას ვაწვდით, ასევე იგეგმება ინტენსიური შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, ასევე ფერმერებთან, მცირე მეწარმეებთან, რათა მათ გაიგონ, თუ რა სარგებელი შეიძლება ნახონ უვიზო რეჟიმის შედეგად. მაგალითად, მოქალაქეს აინტერესებს, როგორ შეიძლება გაიმარტივოს სამუშაო ვიზის მიღების პროცედურა, მას შეუძლია სამი თვის განმავლობაში, რაც ნებადართულია უვიზო რეჟიმით, დაჰყოს კონკრეტულ ქვეყანაში, იქ გააფორმოს კონტრაქტი დამსაქმებელთან, მერე ჩამოვიდეს საქართველოში. მიმართოს შესაბამისი ქვეყნის საელჩოს და მიიღოს იქ მუშაობის უფლება. ასევე სტუდენტებს რაც შეეხება, ვთქვათ, სტუდენტმა ჩააბარა შენგენის ზონის ქვეყნის უნივერსიტეტში, მას შეუძლია ჩამოიტანოს ცნობა შესაბამის საელჩოში და მიიღოს ხანგრძლივი სასწავლო ვიზა, ამ ყველაფერს ახსნა უნდა და ვეცდებით, მოსახლეობის ინფორმირებულობა გავზარდოთ“, – განუცხადა “კვირას“ გუგული მაღრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის ანგარიში, რომელსაც შემდგომი პროცედურები უნდა მოჰყვეს, გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნდა.
დოკუმენტი საქართველოს შესახებ დადებით შეფასებებს შეიცავს. მასში ნათქვამია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები