რა დაავადებები მწვავდება გაზაფხულზე – სპეციალისტთა რჩევები
გაზაფხული – სეზონი, როდესაც თითქმის ყველა დაავადება მწვავდება
ეს ეხება როგორც ვირუსულ, ისე ქრონიკულ დაავადებებს. სხვადასხვა ფაქტორთან ერთად დაავადებების მატება დაქვეითებული იმუნიტეტით არის გამოწვეული.
“კვირასთან“ საუბრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ გაზაფხულის დამდეგს გაციების ან გრიპის შეყრის რისკი კვლავ რჩება.
მისი თქმით, გაზაფხულზე იზრდება წითელათი და წითურათი დაავადების ალბათობა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის თქმით, ამ მიმართულებით თუ ვინმეს გამოტოვებული აქვს გეგმური აცრა, ასეთი აცრა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს.
“გაზაფხულის დამდეგს გაციების ან გრიპის შეყრის რისკი კვლავ რჩება, ამიტომ კვლავ ფრთხილად უნდა ვიყოთ, დავიცვათ ჰიგიენის წესები და დროულად მივმართოთ ექიმს, ეს რეკომენდაცია განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინონ იმ ადამიანებმა, რომლებიც რისკ-ჯგუფის კატეგორიის პაციენტები არიან. გაზაფხული ისეთი პერიოდია, შესაძლოა, გააქტიურდეს წითელა და წითურა, ამიტომ იმ ადამიანებმა, რომლებიც აცრილები არ არიან, უნდა აიცრან წითელა-წითურას საწინააღმდეგო ვაქცინით. გაზაფხულზე აქტიურდებიან ტკიპები, ამიტომ მეტი ყურადღების გამოჩენა გვმართებს ბუნებაში, მინდორში გასვლისას,“- განუცხადა „კვირას“ პაატა იმნაძემ.
გაზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ალერგიული რეაქციები.
ჰაერში დიდი რაოდენობით მცენარეული მტვრის გამოყოფა ზოგიერთ ადამიანში იწვევს ალერგიას, ანუ პოლინოზს.
“კვირასთან“ საუბრისას ალერგოლოგი, იმუნოლოგი ლოლა ასანიძე ალერგიის თანმხლებ სიმპტომებსა და გაზაფხულის ალერგიის გამომწვევ ფაქტორებზე საუბრობს.
“მოგეხსენებათ, გაზაფხულზე მცენარეების ყვავილობის შედეგად დიდი რაოდენობით მცენარეული მტვერი გამოიყოფა. უმეტეს შემთხვევაში სწორედ ეს მტვერი იწვევს ალერგიას. ალერგიას თან ახკავს რინიტი. ცემინება, ალერგიის უფრო რთული ფორმაა, როცა ამ ყველაფერს თან ახლავს ხველა და სუნთქვის გაძლიერება. ყველა შემთხვევაში საჭიროა ყურადღება, რათა დროულად დაიწყოს სათანადო მკურნალობა. რაც შეეხება პრევენციას, ალერგიისადმი მიდრეკილმა ადამიანებმა ამ პერიოდში უნდა ატარონ პირბადე, თავი შეიკავონ ბაღებსა და რეკრეაციულ ზონებში სიარულისგან. ალერგენები შეიძლება იყოს სახლშიც, თუმცა ღია სივრცეში ამისი ალბათობა გაცილებით დიდია“, -აცხადებს ლოლა ასანიძე.
რაც შეეხება საგაზაფხულო ავიტამინოზის და დაქვეითებული იმუნიტეტის პრობლემას, იმუნოლოგი ამბობს, რომ ხილთან ერთად სასურველია ვიტამინების კომპლექსური მიღება.
ზემოთ ჩამოთვლილ დაავადებებთან ერთად გაზაფხულის პერიოდი რთულია
გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე ადამიანებისთვის.
განსაკუთრებით მარტი-აპრილის მონაკვეთში მწვავდება არტერიული ჰიპერტენზია და გულის იშემიური დაავადებები.