გიორგი ქადაგიძის საქმიანობის შეფასება და მისი შემცვლელის დანიშვნის პროცედურები

გიორგი ქადაგიძეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და  ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეობის  უფლებამოსილების ვადა დღეს   ეწურება.
ქადაგიძის შემცვლელის ვინაობა ჯერ უცნობია, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ შესაბამისი პროცედურები ფაქტობრივად  უკვე დაწყებულია.
გიორგი ქადაგიძე  უფლებამოსილების   ვადის ამოწურვის შემდეგ ავტომატურად ტოვებს  საქართველოს ეროვნული ბანკის  შვიდწევრიან  საბჭოს.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე პარლამენტს   კობა გვენეტაძის კანდიდატურა წარუდგინა.
საქართველოს პრეზიდენტმა კობა გვენეტაძის კანდიდატურა ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შერჩეული და შეფასებული 3 კანდიდატიდან დაასახელა.
პროცედურის მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით  საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.
რაც შეეხება უშუალოდ გიორგი ქადაგიძის შემცვლელს, მისი  კანიდიდატურა სწორედ ეროვნული ბანკის საბჭომ უნდა  შეარჩიოს და შემდეგ დასამტკიცებლად საქართველოს პრეზიდენტს  წარუდგინოს.
კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილება სწორედ საქართველოს პრეზიდენტს აქვს.

გიორგი ქადაგიძის შვიდწლიან საქმიანობას “კვირასთან“ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“  ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი აფასებს.
ჯანიაშვილი ფიქრობს, რომ გიორგი ქადაგიძის მმართველობის პერიოდში ეროვნულმა ბანკმა  თავის მთავარ ფუნქციას – ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას თავი ვერ გაართვა.12784727_448617455344443_1897997766_n
“პირველ რიგში, თავის საკუთარ მთავარ ფუნქციას ვერ   გაართვა თავი. ეს არის ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა.  ვერასდროს შვიდი წლის მანძილზე ვერცერთხელ ვერ მოხდა ინფლაციის მიზნობრივ ჩარჩოებში შენარჩუნება. ინფლაცია  ან იყო იმაზე მაღალი, ვიდრე ეს იყო ნავარაუდევი, ან პირქით. მაგალითად,   ნავარაუდევი იყო 3%-იანი ინფლაცია და რეალურად გქონდა 3%- იანი ინფლაცია.  ორნიშნა ინფლაცია იყო   2011 წელს, როდესაც 14, 3% -ზე ავიდა  მაჩვენებელი“, – აცხადებს მერაბ ჯანიაშვილი.
აფბას ვიცე-პრეზიდენტი  ეროვნული ბანკის არაეფექტურ ქმედებებს უკავშირებს ეროვნული ვალუტის 40%-მდე გაუფასურებასაც.
“საუბარი იმაზე, რომ ეროვნული ბანკი  ლარის კურსის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი არ არის, –    ჩემი აზრით,  ძალიან   სუსტი არგუმენტია იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი არის ერთადერთო ორგანო,  რომელსაც   ლარის კურსზე ზემოქმედების ბერკეტი აქვს. ეროვნულმა ბანკმა   უარი თქვა საბანკო ინტერვენციებზე,  რის შედეგადაც მივიღეთ ის, რომ  ლარის კურსი 40%-ით გაუფასურდა.   ხელის გაშვერა მეზობელი ქვეყნებისკენ და იმის თქმა, რომ აზერბაიჯანშიც  განიცადა მათმა ვალუტამ დევალვაცია, უსაფუძვლოა. იქ სულ სხვა ფაქტორებმა განაპირობა ეს ყველაფერი,  კერძოდ, ნავთობის ფასების დაცემამ, ყველამ ვიცით, რომ აზერბაიჯანის ეკონომიკა დამოკიდებულია ნავთობის ექსპორტზე“, – აცხადებს  ჯანიაშვილი.

მისივე თქმით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების  პირობებში სესხების რესტრუქტურიზაცია არ ყოფილა რეალური შეღავათი. მეტიც, მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებამ მსესხებლები კიდევ უფრო დააზარალა.

“სესხების რესტრუქტურიზაცია იყო აბსოლუტური ფარსი, მომხმარებელი, ვინც მივიდა სესხის რესტრუქტურიზაციის თხოვნით, მათ გაუარესებული პირობები მიიღეს,  მაგალითად, თუ ჰქონდათ 2 – წლიანი სესხი,   გაუწერეს 5 წელიწადზე, რამაც მათი სესხის საპროცენტო განაკვეთი კიდევ უფრო გაზარდა. იმაზე საუბარი, რომ მათ რამე შეუმსუბუქდათ,  არის ტყუილი,  ვერ იპოვით ადამიანს, რომელმაც ამით სარგებელი მიიღო, რესტრუქტურიზაცია და რეალური დახმარება დევალვაციის პირობებში მოსახლეობისთვის გააკეთა აზერბაიჯანმა, როდესაც  სესხების საპროცენტო განაკვეთები 90% -ით შეამცირა“,- განუცხადა “კვირას“ აფბას ვიცე-პრეზიდენტმა.12769630_448617475344441_691746482_n

რაც შეეხება ეფექტურ  ნაბიჯებს, ჯანიაშვილი მიიჩნევს, რომ საბანკო სექტორის მიმართულებით იყო რამდენიმე გადაწყვეტილება, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით იქნა მიღებული.
“საბანკო სექტორში იყო დადებითი ნაბიჯები. მაგალითისთვის გამოვყოფდი  ბანკებისთვის არაპროფილური საქმიანობის აკრძალვის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ასევე  მისასალმებელია ქადაგიძის პრეზიდენტობის პერიოდში გამოცემული აქტი, რომლითაც ბანკები ვალდებულნი გახდნენ, რომ მომხმარებლებისთვის ხელშეკრულებები განემარტათ და სასესხო ხელშეკრულებას  დაემატა  ფურცელი,  სადაც დატანილი უნდა იყოს სესხის მთავარი პირობები.   ასევე, ქადაგიძის პერიოდს უკავშირდება იმ ნორმატიული აქტის გამოცემა,  რომლითაც ბანკებს აეკრძალათ სესხის წინმსწრების დაფარვისას 2%-ზე მეტის დაკისრება, თუმცა, სამწუხაროდ, მომხმარებელთა უფლებები, ძირითად შემთხვევაში, არ არის დაცული“,-აცხადებს ჯანიაშვილი.

ქადაგიძის საქმიანობის შეფასებისას  ექსპერტი სოსო  ცისკარიშვილი მყარ  საბანკო სისტემასზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ეს საქართველოს ეკონომიკისთვის, ინვესტიციების მოსაზიდად ძალიან მნიშნელოვანია.

რაც შეეხება   ნეგატიურ  ნაბიჯებს,   ცისკარიშვილი ამბობს, რომ  ქადაგიძემ  ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა  2012 წლის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე განაცხადა, რომ „საქართველოს ბანკიდან”  „ქართუ ბანკმა“  „შავი ფული“  – 3 მლნ დოლარი გაიტანა.

ცისკარიშვილის თქმით,   ქადაგიძემ ვერ განმარტა, რა გზით და როგორ მოხვდა ეს “შავი ფული“ საქართველოს ბანკში და რას აკეთებდა იმ დროს ეროვნული ბანკი.

მისივე თქმით, აღნიშნული განცხადებით, ქადაგიძემ დაადასტურა, რომ ის  პოლიტიკურ ვითარებაზე დამოკიდებული ადამიანია და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების სასარგებლოდ დგამს ნაბიჯებს.

ექსპერტის თქმით, სწორედ მსგავსი განცხადებები  გახდა საფუძველი იმისა, რომ ლარის მკვეთრი გაუფასურების შემდეგ ეროვნული ბანკის მხრიდან  საბოტაჟზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ.

„ქადაგიძემ ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დაუშვა,  როდესაც 2012 წლის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე განაცხადა, რომ “საქართველოს ბანკიდან”  “ქართუ ბანკმა“  “შავი ფული“ – 3 მლნ დოლარი გაიტანა. მან ამ დრომდე ვერ შეძლო, როგორ მოხდვა ეს “შავი ფული “ საქართველოს ბანკში და სად იყო მაშინ ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი. ეს იყო სამარცხვინო განცხადება. ამ განცხადების შემდეგ ქადაგიძის ობიექტურობასა და ნეიტრალურ პოლიტიკურ დამოკიდებულებაზე საუბარი უსაფუძვლო გახდა. ლარის კურსის დასტაბილურებასთან დაკავშირებით ქადაგიძის მოქმედებები იყო მინიმალური,  როგორც ჩანს, პოლიტიკურმა სიმპათიებმა იმძლავრა.

ყველამ ვიცით, რომ მის მიერ გაფეტიშებული პოლიტიკური ძალა -“ნაციონალური მოძრაობა“  ბედნიერი იყო ლარის კურსის ვარდნით და ეს იყო აშკარა“, – განუცხადა „კვირას“ სოსო  ცისკარიშვილმა.

თავად ქადაგიძემ  განვლილი პერიოდი მოკლედ შეაფასა. მან შესაბამისი პოსტი გუშინ სოციალურ ქსელში განათავსა.

“ძალიან საინტერესო, რთული, წინააღმდეგობებითა და მიღწევებით სავსე 7 (10) წელი იყო. იყო შეცდომებიც, მაგრამ, ვფიქრობ, ბევრი შევძელით. ჯერ მხოლოდ ასე შევაფასებ, მემუარების წერა ძალიან ადრეა. მადლობა ყველას მხარდაჭერის, გულშემატკივრობისა და კრიტიკისათვის“, – აღნიშნა ქადაგიძემ.

გიორგი ქადაგიძე ეროვნული  ბანკის პრეზიდენტის პოსტზე 2009 წელს დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები