პრემიერი: მე ვნატრობ ისეთ საქართველოს, სადაც ადამიანებს უფრო მეტი სიყვარული ექნებათ
მე ვნატრობ ისეთ საქართველოს, სადაც ადამიანებს უფრო მეტი სიყვარული, მინიმუმ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა ექნებათ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში კითხვის – რა არის ის საკითხები, რაზეც პრემიერ-მინისტრი ოპოზიციასთან შეთახმებას შესაძლებლად მიიჩევს – საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოების განწყობა, უპირველეს ყოვლისა, მთავრობიდან უნდა მოდიოდეს.
“მე არათუ აუცილებლად მივიჩნევ, მე ვნატობ ისეთ საქართველოს, სადაც ადამიანებს ექნებათ უფრო მეტი სიყვარული, მინიმუმ პატივისცემა ერთმანეთის მიმართ. თუ ეს სიყვარული იქნება ადამიანებს შორის, ეს იქნება ის ქვეყანა, რომელშიც ყველას გაუხარდება ცხოვრება. მე არ ვარ იდეალისტი. გარკვეული იდეალიზმი, ალბათ, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს რეალისტური და მიღწევადია. ეს განწყობა, უპირველეს ყოვლისა, მთავრობიდან უნდა მოდიოდეს და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს კულტურა უნდა დავამკვიდროთ. ჩვენ დავიწყეთ ამ კულტურის დამკვიდრება და ძალიან კარგი ნაბიჯებით მივდივართ წინ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროდ, ყველა ოპოზიციურმა ძალამ ეს ახალი რეალობა ვერ აღიქვა და მათ ცოტა უხერხული სიტუაციაც კი შეექმნათ.
“ბევრი მათგანი აგრძელებს ისევ შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებას და კონფრონტაციულ რეჟიმში რჩებიან. მე ვფიქრობ, რომ ეს შეიცვლება, ალბათ, ჩვენ უნდა ვიყოთ თანამიმდევრულები. მე ნამდვილად ვფიქრობ, არანაირი რისკი იმას არ ემუქრება, რომ მთავრობის მხრიდან იქნება ძალიან თანამიმდევრული, ასეთი მშვიდობისმყოფელი პოლიტიკა ყველა პოლიტიკური მოთამაშის მიმართ, რანაირადაც არ უნდა იქცეოდნენ ისინი. ჩვენ უნდა დავდგეთ ამ გრძნობებსა და ემოციებზე მაღლა, რადგან ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს ამაზე”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.