გიორგი კვირიკაშვილი: “გირჩის” წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი და მე სიამოვნებით შევხვდები

მომავალ კვირაში ვხვდები ერთ-ერთ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელ პარტიას, ეს არის “გირჩი”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრის სურვილი თავად “გირჩის” წარმომადგენლებმა გამოთქვეს.
“მქონდა შეხვედრა არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, მომავალ კვირაში ვხვდები ერთ-ერთ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელ პარტიას. ეს არის “გირჩი”. მათ გამოთქვეს სურვილი და მე სიამოვნებით შევხვდები, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვერ შევთანხმდეთ ყველა საკითხზე. არის იდეები, რომლებზეც შეიძლება შევთანხმდეთ და ერთობლივად გავაკეთოთ რაღაცები. მე მგონია, რომ ეს კარგი იქნება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერი თვლის, რომ ნებისმიერი დიალოგი და პოლემიკა სასარგებლო იქნება.
“პირიქით, არავის არაფერი უნდა დავუკარგოთ, სხვათა შორის, უნდა ვთქვა, რომ ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრობის დროს ზურაბ ჯაფარიძესთან მქონია შეხვედრები, დისკუსიები, რაღაცებში ვთანხმდებით, რაღაცებს შეიძლება ცოტა მეტი დრო სჭირდებოდეს, ვიდრე ზურას ჰგონია და წარმოუდგენია, მაგრამ ჩვენ გვქონდა ურთიერთპატივისცემა. ხედვაში შეიძლება იყოს განსხვავება და იყოს თანხვედრაც. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის დიალოგი იმ ადამიანებთან, პოლემიკა, ყოველთვის სასარგებლოა, თუნდაც რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებით არ სრულდებოდეს “, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები