პრემიერი სოფელ რუხის საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა
სოფლის საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური კონცეფციის ბრენდი – რიგით 31-ე რუხის საზოგადოებრივი ცენტრი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა.
როგორც “კვირას” პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, 22 თებერვლიდან რუხის მოსახლეობა შეძლებს, სოფლიდან გაუსვლელად, ისარგებლოს 200-ზე მეტი სერვისით.
კომფორტულ გარემოში მოსახლეობა მარტივად მიიღებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, არქივიდან ბიოგრაფიულ ცნობებს, სანოტარო სერვისს, უფასო იურიდიულ დახმარებას, დაარეგისტრირებს ქონებას. სოფლის მოსახლეობა ასევე ისარგებლებს კერძო სექტორის („ლიბერთი ბანკი“, „მაგთიკომი“ „მექანიზატორი“) მომსახურებით. ცენტრში ხელმისაწვდომია თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი, Skype-სივრცე, შეხვედრების ოთახი, ბანკომატი და სწრაფი გადახდის აპარატი, თანამედროვე საკონფერენციო დარბაზი.
რუხის საზოგადოებრივი ცენტრი პრემიერ-მინისტრს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დაათვალიერებინა. უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, საზოგადოებრივი ცენტრი ელექტრონული მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითია, რომელიც ზოგავს ადგილობრივი მოსახლეობის დროსა და ფინანსებს.
ცნობისთვის, სოფელ რუხის საზოგადოებრივი ცენტრი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ააშენა.