ლუკ კოფი: ნატომ საქართველო ალიანსში უნდა დაუშვას
„ნატომ ღია კარის პოლიტიკა უნდა შეინარჩუნოს გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვისაც, როგორიცაა საქართველო, რათა, საბოლოო ჯამში, ის ალიანსში დაუშვან“, – აცხადებს ჰერითიჯის ფონდის ანალიტიკოსი ლუკ კოფი “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში.
ამავე ინტერვიუში კოფი აღნიშნავს, რომ ნატომ მკაფიო და ხმამაღალი სიგნალი უნდა გაუგზავნოს საქართველოს და აღნიშნოს, რომ ქვეყანა სწორ გზაზეა.
“ნატომ ჩრდილოატლანტიკურ რეგიონში წევრი სახელმწიფოების თავდაცვაზე უნდა იზრუნოს 1949 წლის ვაშინგტონის ხელშეკრულების შესაბამისად. არ არის საჭირო, ნატომ ყველგან, ყველაფერი აკეთოს, თუმცა წევრები უნდა დაიცვას ჯარით და ტექნიკური საშუალებებით. მაგალითისთვის, ვგულისხმობ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს. თუმცა ნატომ „ღია კარის“ პოლიტიკა უნდა შეინარჩუნოს გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვისაც, როგორიცაა საქართველო, რათა, საბოლოო ჯამში, ის ალიანსში დაუშვან. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ხშირად გაიგონებთ შედარებებს საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ. ეს ორი ქვეყანა ამ მხრივ ძალიან განსხვავდება, საქართველო წლებია ინტეგრაციისთვის ემზადება, უკრაინა კი ამ პროცესს ძალიან დაშორებულია”, – აცხადებს ლუკ კოფი.
მისივე ინფორმაციით, ნატო სწორედ მოიქცა, როცა მონტენეგრო მიიწვია და ახლა ალიანსმა უნდა დაამტკიცოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი საქართველოს გაწევრიანების საკითხშიც. “მაგალითისთვის, ამერიკამ და მოკავშირეებმა თბილისს ტანკსაწინააღმდეგო იარაღი უნდა მიაწოდონ. ერთი სიტყვით, ნატომ მკაფიო და ხმამაღალი სიგნალი უნდა გაუგზავნოს საქართველოს და აღნიშნოს რომ ქვეყანა სწორ გზაზეა, დაგეხმარებით და ალიანსში ბოლოს და ბოლოს მიგიღებთ, კარი კვლავაც ღიაა”, – განაცხადა კოფიმ.