ხათუნა სამნიძე: გოგი თოფაძე საკუთარი განცხადებებით დაუპირისპირდა მთელ კოალიციას

გოგი თოფაძე საკუთარი განცხადებებით დაუპირისპირდა მთელ კოალიციას – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირ ეთერში, გადაცემაში “მთავარი“ საუბრისას განაცხადა.
“დღეს პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რითიც მან დაადასტურა ის, რაზეც ორი დღეა ვსაუბრობთ რესპუბლიკელები, რომ გოგი თოფაძის განცხადებები არის ანტისახელმწიფოებრივი და ის დიდ ზიანს აყენებს მთლიანად კოალიციას, მთავრობას. გოგი თოფაძე საკუთარი განცხადებებით დაუპირისპირდა მთელ კოალიციას. თუმცა, მისი განცხადებები, რასაც ბოლო პერიოდში ვისმენთ, არ არის ახალი. მე მოვიძიე 2012, 2013 და 2014 წლებში გაკეთებული მისი განცხადებები, სადაც ის ამბობს, რომ “ნატო არის აგრესიული სამხედრო ბლოკი; ევრაზიული კავშირი ერთ-ერთი შესაძლებლობაა, სადაც კარგად ვიქნებით” და ა.შ. ეს არის თოფაძის მიდგომა და მისი ხედვა, პოზიცია ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ქართველი ხალხის არჩევანთან დაკავშირებით, რომელიც დამტკიცებულია პლებისციტით, კოალიციის დეკლარირებული პოზიციით. მიუხედავად ამისა ის პერმანენტულად აკეთებდა ასეთ განცხადებებს… ჩვენ გვინდა კოალიციის ერთიანობა, ამ ერთიანობას მხარს უნდა უჭერდეს ყველა და ჩვენი გაცხადებული კურსი რაც აქვს კოალიციასა და მთავრობას მხარდაჭერილი უნდა იყოს ყველა მასში შემავალი სუბიექტი ლიდერების მხრიდან”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დეპუტატ გოგი თოფაძესა და “რესპუბლიკელებს” შორის მიმდინარე დაპირისპირებას დღეს მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები აბსოლუტურად მიუღებელია და ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები