თეა წულუკიანი გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, დუბრავკა სიმონოვიჩს შეხვდა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქალთა მიმართ ძალადობის, მისი მიზეზებისა და შედეგების საკითხებზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, დუბრავკა სიმონოვიჩს უმასპინძლა.
მინისტრთან ერთად შეხვედრას მისივე მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე ესწრებოდა. იუსტიციის მინისტრმა გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ინფორმაცია მიაწოდა იმ ღონისძიებებისა და საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ, რომელთაც სამინისტრო ქალთა უფლებების განმტკიცებისთვის ახორციელებს.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ უწყების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შესახებ ისაუბრეს.
აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ამ ცვლილებებით საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში მოდის სტამბოლის კონვენციასთან, რომლის მიზანია, ოჯახში ძალადობისგან დაიცვას ყველა.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის ქალთა უფლებების დაცვა ეფექტურად მაშინ, როდესაც შეიძლება ქალები გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი − იქნება ეს ოჯახში თუ სხვაგან. აღინიშნა, რომ საქართველო დგამს ძალიან დიდ და პროგრესულ ნაბიჯს, როდესაც ამ გაზაფხულზე უკვე მოახდენს სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციას, და არა მხოლოდ რატიფიკაციას, არამედ საკანონმდებლო რეფორმებს განახორციელებს იმისთვის, რომ ჩვენი ქართული კანონი იყოს სტამბოლის კონვენციასთან შესაბამისობაში. ვისაუბრეთ სამომავლო თემებზე, თუ რა უნდა გაუმჯობესდეს; მაგალითად, როგორ უნდა დაიცვას ჩვენმა კანონმდებლობამ სუროგატი დედის უფლებები, რომელიც დღეს საერთოდ არ არის დაცული; როგორ უნდა დავიცვათ უკეთესად ჩვენი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, რომლებზეც სულ რამდენიმე კვირის წინ ჩვენი ინიციატივით მთავრობამ ერთსულოვნად დაამტკიცა ცვლილებები და ახლა პარლამენტში იხილება; და როგორ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ქალები და მამაკაცები იყვნენ თანაბრად წარმოდგენილნი საქართველოს პარლამენტში“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა საქართველოში ვიზიტი 15 თებერვალს დაიწყო და მისი ვიზიტი დღეს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები